Baby Bag

,,მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ვისაც ვირუსის არ სჯერა ან/და ვაქცინაციის ეშინია - მაინც და მაინც ბნელია და გაუნათლებელია''

,,მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ვისაც ვირუსის არ სჯერა ან/და ვაქცინაციის ეშინია - მაინც და მაინც ბნელია და გაუნათლებელია''

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,პანდემიის დაწყებიდან ყველაზე პარადოქსულ საკითხად ჩემთვის რჩებოდა არა თვითონ კორონავირუსი (რომელიც უკვე პრაქტიკულად ბოლომდე გაშიფრა მეცნიერებამ), არამედ ქართველი ხალხის ის *პროცენტული რაოდენობა*, რაც ძალიან დაშორებულია კოვიდ-19-ის შესახებ არსებულ რეალობას (ვირუსის არსებობის და სტატისტიკით არ-დაჯერებით დაწყებული, ვაქცინაციის შიშით დამთავრებული).

ყველა ქვეყანაშია *გარკვეული რაოდენობა* ხალხის, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ სჯერა არსებული თვალსაჩინო ინფორმაციის, მაგრამ *ამ რაოდენობის რაც საქართველოშია* - მე პირადად არსად შემხვედრია.

მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ვისაც ვირუსის არ სჯერა ან/და ვაქცინაციის ეშინია - მაინც და მაინც ბნელია და გაუნათლებელია. საქმე იმაშია რომ ჩემი არაერთი საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული ნაცნობი თუ მეგობარიც (მათ შორის ზოგი ექიმი) მოექცა დეზინფორმაციული ჰიპნოზის ქვეშ, და სანამ დალაგებულად არ ავუხსენი რა და როგორ - სჯეროდა ამ მითების.

სისულელე რომ დაიჯეროს ადამიანმა მარტო იმაზე არაა დამოკიდებული რამდენად განათლებული და ჭკვიანია. არამედ - ვინც მას აჯერებს ამ სისულელეს - ის თუ მასზე ჭკვიანი და გაიძვერაა - დააჯერებს და „მოაქცევს“ იმ თეორიის ქვეშ რომ კოვიდ-19 ხელოვნურადაა შექმნილი, ან რომ ვითომ გრიპზე მეტად საშიშ არაა, ან ის რომ ვაქცინაცია სიცოცხლისთვის საშიშია და მიუღებელი გვერდით ეფექტები აქვს.

მიუხედავად იმის რომ გარკვეული ვარაუდები (როგორც ბევრ თქვენგანს) მქონდა თუ რატომ ხდება ეს, დღემდე ამ ვარაუდების *რაოდენობრივ ნივთმკიცებულებას* ვერ ვპოულობდი. დღეს ვიპოვე ის ობიექტური კვლევა რომელიც ამხელს ერთ-ერთ (შესაძლოა ყველაზე) მნიშვნელოვან მიზეზს ამ ყოველივესი.

შეერთებულ შტატებში არის კვლევის ინსტიტუტი “Pointer Institute” - რომელმაც ბოლო წელიწად ნახევრის (პანდემიის) განმავლობაში აქტიურად გამოიკვლია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში კოვიდ-19-ზე არსებული ყალბი და მანიპულირებული ინფორმაციის გავრცელების მასშტაბები. აღმოჩნდა რომ საქართველო ამ მაჩვენებლით ლიდერობს მილიონ სულ მოსახლეზე. დაუჯერებელი რაოდენობაა ყალბი ინფორმაციაა შემოგდებული და გავრცელებული ქართულ სოციალური მედიის (მაგ: ფეისბუქის) სივრცეში - 450-ზე მეტი შარშანდლიდან, ანუ საშუალოდ დღეში ერთი. შედარებისთვის რომ გითხრათ - აზერბაიჯანში მხოლოდ ორია ასეთი მასშტაბის ყალბი სტატია ნაპოვნი წელიწად ნახევრის განმავლობაში.

ასევე შედარებისთვის - საკმაოდ ახლოსაა საქართველოსთან (თუმცა მაინც ნაკლები მილიონ სულ მოსახლეზე) უკრაინაში არსებული ყალბი ინფორმაციის სტატიები კოვიდზე.

რომ მიყვნენ ამ ინფორმაციის წყაროს - დიდი ნაწილი მიდიოდა ჩვენი არაკეთილისმსურველი ქვეყნის ბლოგერებსა და შარლატანებზე. ზოგიერთ შემთხვევებში ალაპარაკებდნენ ერთეულ თეთრ ხალათში ჩაცმულ „ექსპერტებს“, რომ დამაჯერებლობა შეემატებინათ დამახინჯებული რეალობის სათავისოდ წარმოსადგენად. მოტივაცია ლოგიკურია - რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს პანდემია ქვეყანაში, რომ დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენოს ქვეყანას, რადგან დაჩოქებულის დამონება უფრო ადვილია.

მოცემულ ლინკზე კონკრეტულ სტატიის ბმულებს თუ მიყვებით - მიგიყვანთ ამ ყოველივეს ქართულ ვერსიამდე (მითების დეტექტორის გვერდზე ზემოთ მარჯვნივ ENG-დან გადადით ქართულზე), და იცნობთ ყველა იმ „საყვარელ“ მითს, და მათ პერსონაჟებს პანდემიის დაწყებიდან დღემდე.

დაწყებული იმით რომ თურმე ქართველების სისხლი კოვიდისგან კურნავს და ქართველებს ნაკლებად ემართებათ (პანდემიის დასაწყისში, სანამ შეეძლოთ ამით „დაბოლება“), დამთავრებული ვაქცინის შედეგად (არ)არსებულ საშიშროებებზე.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ვირუსთან ბრძოლის ბიოლოგიური ომი *პოტენციურად* დასასრულს მიუახლოვდა (მიუხედავად ყველა ახალი შტამის), მათ შორის საქართველოშიც, გამომდინარე იქედან რომ საკმარისი ვაქცინები უკვე შემოდის მოსახლეობის უმეტესობის ასაცრელად. ახლა ამ პოტენციას ათვისება ჭირდება რომ რეალობად იქცეს.

თუ რატომ დაგიცავთ ჩინური ვაქცინით დღეს აცრა უფრო მეტად ვიდრე ფაიზერით ერთი თვის მერე (უკეთეს შემთხვევაში) - მაგას შემდეგ პოსტში დავასაბუთებ მათემატიკურად *დღეისათვის არსებული მონაცემების საფუძველზე*.

ახლა საქართველო არის გაცილებით ვერაგ, საშიშ და (უმეტესობისთვის) უხილავ, ინფორმაციულ ომში, რომლის მოგების ერთადერთი საშუალება მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წყაროს საფუძველზე, რეალური აბსოლუტური უკუჩვენება (ვინ არ უნდა აიცრას) არის ალერგიული რეაქცია *ამ კონკრეტული ვაქცინის* (ფაიზერია მაგალითად) კომპონენტებზე ალერგიის ქონის შემთხვევაში. თუ ამაზე პასუხია რომ არ გქონიათ ასეთი რეაქცია (ზოგადად „ალერგიული ვარ“ სხვა რამეებზე არ არის უკუჩვენება) - ესე იგი ადრე თუ გვიან ჯობია აიცრათ (რაც მალე - უკეთესი).

არანაირი ქრონიკული დაავადება (შაქარი, გულის, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, ონკოლოგიური და ასე შემდეგ) დაავადებები არ არის მიზეზი არ-აცრის. პირიქით - ამ ადამიანებს ყველაზე მეტად და დროულად ჭირდებათ აცრა რადგან უფრო მოწყვლადი ჯგუფია. თუ თქვენ რაიმე სხვა მიზეზის გამო გითხრეს რომ არ შეგიძლიათ აიცრათ საერთოდ - უბრალოდ გირჩევთ სხვა ექიმი უნდა იპოვოთ (ნუ იმ მომენტში თუ კოვიდი გაქვთ მაგალითად ან მწვავე ინფექცია რამე - ეგ *დროებითი* გამონაკლისია).

რა თქმა უნდა, ზემოთხსენებულში იგულისხმება რომ თქვენი ძირითადი მიზანია რომ პანდემიის შედეგად ცოცხლად დარჩენის შანსი მაქსიმალურამდე გაზარდოთ.

მგონი, დაუჯერებელს და საკამათოს არაფერს ვამბობ, რომ მოუსმინეთ კვალიფიციურ და გამოცდილ ექიმებს და ჯანდაცვის სპეციალისტების *დიდ უმეტესობას*, და არა ერთეულ რადიკალურად განსხვავებულ და სენსაციურად მჟღერად, გაურკვეველი წარმომავლობის და მოტივაციის მქონე შარლატანებს, რომლების გაურკვევლობის და შიშის დათესვის გზით ცდილობენ მოსახლეობა ჩააგდონ იმ მდგომარეობაში რომ უარი თქვა აცრაზე.

მეცნიერებაზე დაფუძნებული რეალობა დღეს არის ეს. დანარჩენი „ვერსიები“ დეფორმირებულ სარკეებში ასახული დამახინჯებული რეალობის ანარეკლია,'' - აღნიშნავს დავით მრელაშვილი. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმ​რთელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგი ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისთვის

ტრენინგი ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისთვის

25-27 მაისს ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები სტამბოლში შეიკრიბნენ. მათთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება“. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქალები სხვადასხვა რეგიონიდან და თემიდან. ისინი პრაქტიკულად მონაწილეობენ სხვადასხვა პრობლემის ადვოკატირებაში, ამიტომაც მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო იყო ამ თემაზე მუშაობა.

მონაწილეებმა განიხილეს პრობლემების ხე, გაიმყარეს ცოდნა მიზნების, ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების ფორმულირების, ადვოკატირების სახეების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ბოლოს, მათ, თავიანთ თემში არსებული პრობლემებიდან შეარჩიეს მეტად პრიორიტეტული საკითხები და ჯგუფებში იმუშავეს.

დამოუკიდებლად შეადგინეს ადვოკატირების გეგმის ნიმუში დაწარმოადგინეს პრეზენტაციები.

საინიციატივო ჯგუფების ლიდერებმა ტრენინგზე შეიძინეს ახალი ცოდნა, უნარები, გამოცდილება, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

R. 

წაიკითხეთ სრულად