Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მიჯაჭვულობა არის ემოციური ურთიერთკავშირი ბავშვსა და მასზე მზრუნველ ადამიანებს შორის" - ზანდა ჩეჩელაშვილი

,,მიჯაჭვულობა არის ემოციური ურთიერთკავშირი ბავშვსა და მასზე მზრუნველ ადამიანებს შორის" - ზანდა ჩეჩელაშვილი

რას ნიშნავს მიჯაჭვულობა, როდიდან ყალიბდება ის და რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ ამ მხრივ სიტუაცია სწორად მართოს - ამის შესახებ ფსიქოდიაგნოსტი, ზანდა ჩეჩელაშვილი საუბრობს. 

,,მიჯაჭვულობა არის ერთ-ერთი პირველი, რაც ყალიბდება და რითაც საერთოდ  ჩვენ ვეცნობით სამყაროს, რომელშიც ვიბადებით. ყველამ ვიცით, რომ ადამიანის განვითარება იწყება დაბადების მომენტიდან და ერთ-ერთი პირველი, რაც ამ დროს უმნიშვნელოვანესია, გახლავთ მშობელთან ან აღმზრდელთან  მიჯაჭვულობა. ეს არის ემოციური ურთიერთკავშირი ბავშვსა და მასზე მზრუნველ ადამიანებს შორის, რაც ყალიბდება სიცოცხლის პირველივე დღიდან.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია სამყაროს, საკუთარი თავისა  და სხვა ადამიანების უსაფრთხოების ხატის შექმნა. ჩვენ ვიბადებით ძალიან მწირი რესურსით - ძირითადად, რეფლექსებითა და მოთხოვნილებებით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს - მცივა და უნდა ჩამაცვან, მშია და უნდა მაჭამონ. როგორ კმაყოფილდება ეს ყველაფერი, ამის მიხედვით ვიწყებ  ფიქრს: ,,მე, რომელსაც ამ საჭიროებებს მიკმაყოფილებენ, ესე იგი, კარგი ვარ; ჩემ გარშემო ადამიანები კარგები არიან და მე შემიძლია, მათ ვენდო,  თავი ვიგრძნო უსაფრთხოდ - შესაბამისად, სამყარო, რომელშიც ვიბადები, არ არის ცუდი, უსაფრთხო ადგილია, სადაც პირველ დღეებში შემიძლია, გადავრჩე.

მიჯაჭვულიბის ცნება არის უმნიშვნელოვანესი, რაზეც საერთოდ დგას წლების განმავლობაში ადამიანი. მიჯაჭვულობის ფუნქცია არ არის  მხოლოდ უსაფრთხოების განცდის შექმნა ან განვითარება, მისი უპირველესი ფუნქცია არის ბავშვის კომუნიკაციური და სოციალური განვითარება. მიჯაჭვულობა არ ყალიდება მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. შესაძლოა, ბავშვს ყოველთვის დროულად აჭამოთ, დროულად გამოუცვალოთ, მაგრამ თუ მშობელი ამ პროცესში ემოციურად არ არის ჩართული, სანდო მიჯაჭვულობა ვერ ყალიბდება. ამ ყველაფერს სჭირდება მუდმივობა და სტრუქტურირებულობა -  ყოველთვის, როცა ვტირი, მე ყურადღებას მაქცევენ. ზოგჯერ, როცა ბავშვი ტირის. მას დააპურებენ, ზოგჯერ - ყურადღებას არ აქცევენ . ასეთ დროს მას გარემოს მიმართ უჩნდება ამბივალენტური დამოკიდებულება - ხან უსაფრთხოა სამყაროა, ხან არ არის და საკუთარი თავის მიმართ უყალიბდება განცდა - რომ ის ხან იმსახურებს ზრუნვას, ხან - არა", - ამბობს ზანდა ჩეჩელაშვილი.

წყარო: ​,,რჩევები მშობლებს"

წაიკითხეთ სრულად