Baby Bag

„მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, არაფრით არ არის ეს საჭირო,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სიჩუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძნული და უგუნური სიჩუმის მახასიათებლები დაასახელა:

„მე ორი სიჩუმე გამოვყავი: ერთი არის ბრძნული სიჩუმე. ჩვენ გვინდა სიმშვიდე, რომ დავისვენოთ, ამიტომ გამოვეყოფით სამყაროს. ეს არის ბრძნული სიჩუმე. გვინდა, რომ მივეცეთ ჩვენს განცდებსა და მოგონებებს. რაღაც გვინდა გავიხსენოთ, ვიღაცას დაველაპარაკოთ სულში, მადლობა ვუთხრათ, რაღაც გავუზიაროთ. სულში დიდი ცხოვრება მიმდინარეობს. სიჩუმეს ზრუნვა სჭირდება. მე ამ ზრუნვით შეიძლება თქვენ კეთილი განცდები და ფიქრები გამოგიგზავნოთ. თუ ოცნებებს არ მივეცი თავი დროდადრო, ჩემი ცხოვრება გაღარიბდება. ასევე მნიშვნელოვანია ლოცვა, სიჩუმე და ლოცვა. ყველაზე კარგი ლოცვა მაშინ არის, როდესაც განყენდები ყველაფრისგან, აღარაფერი გაწუხებს. დახუჭე თვალები, ახედე ცას და თქვი, რაც გინდა. ეს სიტყვა მაღლა წავა. ბრძნული სიჩუმის ნიშანია, რომ მე სხვათა სიჩუმეს გავუფრთხილდე. შეიძლება მე ხმაური მინდა, მაგრამ აგერ მეუღლე ისვენებს, ვიღაცას სჭირდება, რომ რაღაცაში ჩაფიქრდეს. არ უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან.

რა არის უგუნური სიჩუმე? ზოგჯერ დაბოღმილი, განაწყენებული კაცი ჩაიგუბებს პირში წყალს, გაჩუმდება, განდგება, არავის არაფერს გაუზიარებს, მაგრამ შიგნით იწვის. შიგნით ბოღმა ტრიალებს და ეს დამანგრეველი სიჩუმეა. მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, რა არის ეს სიჩუმე? არაფრით არ არის საჭირო. უნდა ვისწავლოთ ბრძნული სიჩუმეები. მე მიყვარდა ხოლმე სახლში ხმაურით მოსვლა. ჩემი მეუღლე ზოგჯერ მეტყოდა: „რატომ ხმაურობ? მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ ხანდახან უნდა ვიხმაუროთ კიდეც, ხალისიანი ხმაურით, როდესაც ბავშვებთან ვცელქობთ. ზოგჯერ გრძნობებს ვერ შეიკავებ, დაგაყვირებენ გრძნობები, ხმამაღლა გათქმევინებენ რაღაცას. მინდა, გირჩიოთ ახალგაზრდებს ჩემი მეუღლისგან: „მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ მეც ჩუმად ვესაუბრებოდი მას, მოდი, ეს გავაკეთოთ, მოდი, ახლა ასე მოვიქცეთ. ერთმანეთისა გვესმოდა, გვქონდა უსიტყვო საუბარი, ფიქრით საუბარი, გულით საუბარი. ეს ძალიან ძვირფასი რამ არის და გვინარჩუნებს ჰარმონიას ცხოვრებასთან,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის თვითშემეცნება და რაში გვეხმარება ის?

რა არის თვითშემეცნება და რაში გვეხმარება ის?

რა არის თვითშემეცნება და რაში გვეხმარება ის

დაფიქრებულხართ რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ თავს?

თვითშემეცნება ეს არის ინდივიდის უნარი შეეძლოს ნათლად დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები, ის გეხმარებათ გაიგოთ ვინ ხართ, რას აკეთებთ და რატომ ფიქრობთ ასე.

გთავაზობთ კითხვებს რომელზე გულწრფელი პასუხიც დაგეხმარებათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია საკუთარ თავზე:

  1. რა გავლენა გაქვთ სხვა ადამიანებზე?
  2. რომელ გარემოში გრძნობთ თავს ყველაზე სრულყოფილად?(რეალიზებულად?)
  3. როგორია თქვენი აზროვნების, გრძნობებისა და მოქმედებების თანმიმდევრულობა?
  4. რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
  5. რა კომპლიმენტის მიღება მინდა ყველაზე მეტად?
  6. ბოლოს როდის ვიგრძენი სევდა? (რა მოხდა?)
  7. რა თვისებები მომწონს სხვა ადამიანებში?
  8. რას გააკეთებდი ცხოვრებაში წარმატების გარანტია რომ გქონდეს?
  9. რა არის 3 ყველაზე დიდი მოვლენა, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მჯერა მიმიყვანა იქ სადაც ახლა ვარ
  10. რა აკეთებ ახლა? (რატომ?)

თვითშემეცნების პროცესში მნიშვნელოვანია აღიაროთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, მიიღოთ(ითხოვოთ) უკუკავშირი (ამის შემდეგ შეგიძლიათ ამოიცნოთ და შეცვალოთ ნებისმიერი არასწორი შეხედულება რომელიც დაამყარეთ საკუთარ თავზე).

ივარჯიშეთ ,,არა“- ს თქმაში.( ,,არა“ ს თქმამ შეიძლება არ მოგცეთ მყისიერი კმაყოფილება, არამედ გრძელვადიანი სარგებელი.)

გიყვარდეთ საკუთარი თავი და მიიღეთ იგი.

რა არის მიღება?

მაგალითად, მოცემულობაა, რომ წვიმს. 

ვისურვებდი რომ არ წვიმდეს, ჩემი დღე უკეთესი იქნებოდა. კარგი იქნებოდა ვარჯიში რომ შემეძლოს და მზიანი ამინდი იყოს. (მიუღებლობა) 

წვიმს და ვიღებ ამ მოცემულობას, როგორც არის ისე. 

ავტორი:  ფსიქოლოგი მაკა ხოსიაური.


წაიკითხეთ სრულად