Baby Bag

„არ წამოეგოთ შეთავაზებას - გახდეთ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე“ - განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

„არ წამოეგოთ შეთავაზებას - გახდეთ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე“ - განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გახშირდა სარეკლამო განცხადებები, რომლის თანახმად, აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეუძლიათ. აღნიშნულს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება.

მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს არ წამოეგონ შეთავაზებას - გახდნენ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ სასწავლებლებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია, ჰქონდეთ გავლილი ავტორიზაცია, რაც კანონით სავალდებულოა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც. აბიტურიენტების ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული საკითხი მიხეილ ბატიაშვილის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით დარეგულირდა“, - აცხადებს ირინა აბულაძე.


შეიძლება დაინტერესდეთ

მათემატიკისა და ხელოვნების გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

მათემატიკისა და ხელოვნების გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა

აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნება დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ პირველად შედეგებს მათემატიკაში, ასევე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

ცენტრის ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.g​e შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე (ე. ი. 11.8 ქულაზე) მეტი.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70. საგამოცდო საგნის ჩასაბარებლად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე.ი. 17.5 ქულაზე) მეტი - ვინაიდან ამ საგანში გამოყენებული იყო ტესტის მხოლოდ ერთი ვარიანტი, გათანაბრება არ ხდება.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.
წაიკითხეთ სრულად