ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
„მე-12 კლასში რაც არ უნდა გააკეთო, თუ მანამდე არაფერი არ გისწავლია, ვერ მიაღწევ ამ შედეგს“ - აბიტურიენტები, რომლებმაც მათემატიკაში უმაღლესი ქულები აიღეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნება დაიწყო. გუშინ მათემატიკისა და სახვით და გამოყენებითი ხელოვნების შედეგები გახდა ცნობილი. ტელეკომპანია „იმედი“ იმ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებმაც მათემატიკაში საუკეთესო ქულები აიღეს.
რუსუდან ქელდიშვილს მაქსიმალურ მაჩვენებლამდე (მათემატიკაში მაქსიმალური ქულა არის 59) ერთი ქულა დააკლდა. ამბობს, რომ ამოცანას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს და აუცილებლად გაასაჩივრებს.
მაქსიმალური შედეგი 59-დან 59 ქულა აიღო კომაროვის მოსწავლე რატი მენაღარიშვილმა. ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მთავარი საკუთარ თავზე მუშაობაა და გამოცდისას დროის სწორად განაწილება.
ელენე ჩიკვილაძეს მაქსიმალურ მაჩვენებლამდე 3 ქულა დააკლდა. აღნიშნავს, რომ ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა.