Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნა

2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებსა და თარიღებში:

10 აგვისტო

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
  • ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური).
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).
  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებით, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - წერითი ნაწილი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი.
  • მუსიკა;
  • სპორტი.
11 აგვისტო
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.
12 აგვისტო
  • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

წაიკითხეთ სრულად