Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას: საქართველოსთვის მინდა მხოლოდ ფაიზერი ან მოდერნას ვაქცინები''

,,კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას: საქართველოსთვის მინდა მხოლოდ ფაიზერი ან მოდერნას ვაქცინები''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ,,დელტა” შტამსა და ვაქცინაციაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც​ MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ (მონღოლეთი, ბაჰრეინი, ჩილე, ინდონეზია, ურუგვაი, კოსტა-რიკა, სიშელის კუნძულები.... და კიდევ სხვა) სხვადასხვა კონტინენტზე უკვე ოფიციალურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ნაკლებეფექტური ვაქცინები არ არის გამოსავალი ახალი ,,დელტა” (ინდოეთში პირველად დადასტურებული) ვარიანტის წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას: საქართველოსთვის მინდა მხოლოდ ფაიზერი ან მოდერნას ვაქცინები და სხვა ვაქცინების შემოტანა არც უნდა განიხილებოდეს, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ახალი, ასეთივე ეფექტური ვაქცინა არ გამოჩნდება. 

ვაქცინაცია აუცილებელია მხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინებით.

სინოვაკის ვაქცინის ეფექტურობა არის მხოლოდ 50.7% ესეც რომელ შტამზე, ზუსტად არ ვიცით, სავარაუდოდ, ვუჰანურ პირველ ვარიანტზე. სამწუხაროდ, ფაიზერს ვერ ვადარებ პირდაპირ, ვინაიდან სინოვაკის ვაქცინის კვლევები არ არის გამჭვირვალე ;( მაგრამ დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ბრიტანული შტამის წინააღმდეგ 94%-ით ეფექტურია...

Costa Rica🇨🇷, კოსტა რიკამ უარი თქვა სინოვაკის ვაქცინაზე, ვინაიდან ის არასაკმარისად ეფექტურია.

კანონმდებლობით მინიმუმ 60% ეფექტური უნდა იყოს ვაქცინა, სინოვაკი კი 50.7% ეფექტურობას აჩვენებს.. საქართველოს ვაქცინაციის გეგმა წაიკითხეთ?! კოსტა რიკამ გვაჯობა...

Uruguay 🇺🇾, ურუგვაის მთავრობის კვლევამ აჩვენა, რომ სინოვაკი 61%-ით ეფექტურია. სხვათა შორის, ურუგვაის სტატისტიკა საქართველოსას წააგავს 318,783 რეგისტრირებული კოვიდინფიცირებული და 4692 კოვიდგარდაცვლილი, მაგრამ განსხვავება ვაქცინაციაში კი ის არის, რომ 52% მოსახლეობისა ვაქცინირებულია ერთი დოზით.

დასკვნა:

✅ საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, გამკაცრდეს სამედიცინო პირბადის გამოყენება და 2- მეტრიანი დისტანცია

✅ ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული ფაიზერის ან/და მოდერნას ვაქცინების შესაძენად 

✅ ქვეყანამ უნდა დაიწყოს მზადება მე-4 ტალღისთვის/ სექტემბრისთვის

✅ ელექტრონული ჯანდაცვა უნდა იქნას გაშვებული სექტემბრამდე,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 


წაიკითხეთ სრულად