Baby Bag

რატომ ჭირვეულობენ ბავშვები ძილის წინ და როგორ დავეხმაროთ მათ ძილის გაუმჯობესებაში

რატომ ჭირვეულობენ ბავშვები ძილის წინ და როგორ დავეხმაროთ მათ ძილის გაუმჯობესებაში

იცით რატომ არ უნდათ პატარებს დაძინება? - აღნიშნულ კითხვას ​პედიატრი თამარ ობგაიძე პასუხობს. 

იმიტომ, რომ ისინი ძილს აღიქვამენ, როგორც საყვარელ ადამიანებთან, ნაცნობ სიტუაციასთან განშორებას. ამიტომაც ცდილობენ, როგორმე გაახანგრძლივონ ჩაძინების პერიოდი, ითხოვენ კიდევ ერთ ზღაპარს, კიდევ ერთ კოცნას.

აი, როგორ უნდა დავეხმაროთ პატარას ძილის გაუმჯობესებაში:

  • ძილის მოახლოებისას უპირატესობა რელაქსაციური ტიპის თამაშებს მიანიჭეთ. აქტიური თამაში ბავშვს აფხიზლებს, აგზნებს.
  • არ დააძინოთ ბავშვი მშიერი, მაგრამ ნურც ახლადნაჭამს დააწვენთ-სავსე კუჭი დიაფრაგმას მიაწვება და ძილს დაარღვევს.
  • ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ძილის რუტინის ჩამოყალიბება. ეს არის ერთი და იმავე ქმედებების ერთობლიობა, რასაც საბოლოოდ ძილი უნდა მოჰყვეს. ეს მოქმედებები დაძინებამდე 20-30 წთ-ით ადრე ერთი და იმავე თანამიმდევრობით უნდა განახორციელოთ. მაგალითად, თბილი შხაპი ან აბაზანა, საღამურის ჩაცმა, ზღაპრის მოყოლა. გახსოვდეთ, რომ რუტინა არ უნდა დაარღვიოთ. ძილის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება.
  • თუ სტუმრიანი და მხიარული საღამოს ან ფილმის, ამგზნები თამაშის შემდეგ ბავშვის დაძინებას ეცდებით, ეს რთული იქნება. მისი პაწაწინა ტვინი და ფსიქიკა დამშვიდებას დიდ დროს მოანდომებს.
  • ერთი წლის ასაკის ზემოთ ბავშვს ნება დართეთ საყვარელ სათამაშოსთან ერთად დაიძინოს.
  • საწოლში ყოველთვის მაშინ ჩააწვინეთ, როცა ეძინება, მაგრამ აუცილებლად ფხიზელ მდგომარეობაში
  • საძინებელ ოთახში არ უნდა იყოს მაღალი ტემპერატურა. ძილის წინ ის აუცილებლად გაანიავეთ. საჭიროა სიმშვიდე და სუსტი შუქი.
  • გაიტანეთ ბავშვის საძინებელიდან ტელევიზორი და კომპიუტერი.
  • მოარიდეთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს - ყავას, მაგარ ჩაის, შავ შოკოლადს, მატონიზირებელ სასმელებს.
  • თუ თქვენი ყველა ცდა ამაოა, ნიშნავს, რომ ექიმს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ.


 თქვენი პატარა უკვე მიაძინეთ და დრო გამოგიჩნდათ, ჩაუჯექით​ Momsedu.ge-ს შემოთავაზებულ შესანიშნავ ფილმს - ​„The Help“. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად