Baby Bag

10 საკვები პროდუქტი, რომელიც ერთ წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა მივცეთ

10 საკვები პროდუქტი, რომელიც ერთ წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა მივცეთ
ჩვილი ბავშვის მყარ კვებაზე გადაყვანის შემდეგ საკვები რაციონის მრავალფეროვნებაზე ზრუნვა მშობლების მთავარი მოვალეობაა. კვლევებით დასტურდება, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიცემა, მას ჯანსაღ კვებით ჩვევებს უვითარებს. კვების ექსპერტები მშობლებს ურჩევენ, რომ პატარებს ისეთი ალერგიული პროდუქტები, როგორიცაა არაქისი და კვერცხი, 12 თვემდე უნდა გაასინჯონ.

ბავშვის მყარ კვებაზე გადაყვანა თანდათანობით უნდა მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა, პატარას ბოსტნეულის პიურეს აძლევთ, ბრინჯის ფაფას თუ ქათმის ხორცს, ნებისმიერ შემთხვევაში ახალი საკვების შეთავაზების შემდეგ ბავშვი სამი დღე უნდა დაასვენოთ და მის რაციონში მომდევნო სიახლის შეტანაზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იზრუნოთ. ბავშვისთვის ახალი საკვების შეთავაზებისას ყურადღებით დააკვირდით პატარას მდგომარეობას, რათა ალერგიული რეაქცია არ გამოგეპაროთ.
10 პროდუქტი, რომელიც პატარას ერთ წლამდე აუცილებლად უნდა მივცეთ
ბავშვის რაციონში დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული უნდა ჩავრთოთ.
1. ოსპი - მარტივად მოსამზადებელია, ამასთან ის ცილებისა და რკინის ნამდვილი საბადოა. მისგან მომზადებული ​კერძის ტექსტურა მოხარშული ბარდის ტექსტურის მსგავსია.
2. ორაგული - პატარების ერთ-ერთი საყვარელი კერძია. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ს, რომელიც ბავშვებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) ძალიან სასარგებლო ცხიმია. ორაგულის რეგულარულად მირთმევა პატარას ტვინის უჯრედების განვითარებას უწყობს ხელს.
3. არაქისის კარაქი - პიურეს მომზადებისას უნდა გამოიყენოთ. დარწმუნდით, რომ ის კერძს მეტისმეტად არ ასქელებს. არაქისის კარაქის ადრეული ასაკიდანვე მირთმევა, პატარებს მომავალში ალერგიული რეაქციების განვითარების რისკებისგან დაიცავს. 
4. გოგრა​პიურეს მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია. ეს კლასიკური საბავშვო საკვები პროდუქტი, პატარების რაციონს ძალიან ახალისებს. გარდა ამისა, ​გოგრა A ვიტამინის ნამდვილი საბადოა.
5. კენკრა - ბავშვები საკვებ პროდუქტებს, პირველ რიგში, თვალებით აფასებენ. მათ ძალიან მოსწონთ ფერადი პროდუქტები. რომელ პატარას არ მოხიბლავს მუქი ფერის მოცვის მარცვლების დანახვა? დაბლენდერებული ან დასრესილი მოცვი პატარას კოვზით უდნა მიართვათ ან მისი შერევა პიურეში უნდა სცადოთ. შეგიძლიათ ბავშვს კენკრისგან მომზადებული იოგურტითაც გაუმასპინძლდეთ.
6. ხახვი და ნიორი - ბავშვის რაციონის გასამდიდრებლად თქვენ მიერ მომზადებული პროდუქტები არომატული დანამატებით გაახალისეთ. შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ პიტნა, ნიორი, პრასი, ხახვი, ქინძი, რეჰანი და მწვანე ხახვი. ბავშვებს არომატული პროდუქტების მირთმევა ძალიან ხიბლავთ. თუ გსურთ, რომ პატარას ახალი გემოებისადმი და არომატებისადმი ინტერესი გაუღვივოთ, ხახვისა და ნივრის გამოყენება კერძებში აუცილებლად უნდა სცადოთ.
7. ისპანახი - ზოგიერთ პატარას ახალი კერძების დაგემოვნება ძალიან ხიბლავს, ზოგ მათგანს კი მათი გასინჯვა დიდად არ სიამოვნებს და მშობლების შემოთავაზებას სასტიკი უარით პასუხობს. ბავშვის ნეგატიური განწყობის მიუხედავად, დანებებაზე არც იფიქროთ, მით უმეტეს, თუ მისთვის მწვანე ფოთლოვანი პროდუქტების შეთავაზებას ცდილობთ. აღნიშნული ტიპის პროდუქტები მთელს პლანეტაზე ყველაზე სასარგებლო საკვებად არის მიჩნეული. მათზე უარის თქმა ბავშვისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება, ამიტომ ისპანახი და სხვა მწვანე ფოთლოვანი პროდუქტები მას აუცილებლად უნდა გაასინჯოთ.
8. საქონლის ხორცი - თუ თქვენს ოჯახში ხორცს რეგულარულად მიირთმევთ, პატარას რაციონში საქონლის ხორცი აუცილებლად უნდა ჩართოთ. შეგიძლიათ ბავშვს ის გატარებული ან პიურეს სახით მიაწოდოთ. ხორცთან ერთად ჩვილები სიამოვნებით მიირმევენ ტკბილ კარტოფილსა და მწვანე ბოსტნეულის პიურესაც. საქონლის ხორცი რკინისა და თუთიის შეუცვლელ საბადოს წარმოადგენს.
9. მარცვლეული პროდუქტები - ბავშვისთვის მხოლოდ ბრინჯის მიწოდება საკმაოდ ძველმოდური შეხედულებაა. ჩვილის რაციონში აუცილებლად ჩართეთ შვრია, ყავისფერი ბრინჯი და სხვა მარცვლეული პროდუქტები. მარცვლოვანი პროდუქტები ბავშვის ორგანიზმს უჯრედისით ამარაგებს.
10. კვერცხი - აღნიშნული პროდუქტისადმი პედიატრები ადრე მეტ სიფრთხილეს იჩენდნენ და მშობლებს ურჩევდნენ, რომ ჩვილი ბავშვისთვის მისი მიწოდებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა თანამედროვე მედიცინამ აღნიშნული ხედვა გადააფასა. ერთი ცალი კვერცხი 6 გრამ ცილას შეიცავს, გარდა ამისა ის ჯანსაღი ცხიმებისა და D ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რის გამოც მას ექიმები ბავშვისთვის საუკეთესო პროდუქტად თვლიან. გარდა იმისა, მოხარშული კვერცხის ბოსტნეულთან ერთად დაბლენდერება ჩვილისთვის მარტივი სადილის მომზადებაში ძალიან დაგეხმარებათ.
ბავშვისთვის სასარგებლო საკვებად ასევე მიიჩნევა შემდეგი 10 პროდუქტი: ატამი, ყაბაყი, ცხვრის ხორცი, ხუჭუჭა კობმოსტო, მარწყვი, ჭარხალი, შვრია, ყველი, გოგრა, მწვანილები.

მომზადებულია ​www.parents.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ აქამდე ბავშვს პომიდორს არ აჭმევდით...

თუ აქამდე ბავშვს პომიდორს არ აჭმევდით...

რა ასაკიდან და რატომ უნდა მივცეთ ბავშვს პომიდორი? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს და პომიდვრითა და ბოსტნეულით გემრიელი სუპის რეცეპტსაც გვთავაზობს:

რა ასაკიდან და რატომ უნდა მივცეთ ბავშვს პომიდორი?

დიდი, დიდი ხნის წინ, ამ გემრიელ, წვნიან სხვადასხვა ფერს ნაყოფს აცტეკებმა თავიანთ ენაზე „ტომატ“ უწოდეს. მე-16 საუკუნეში ის ესპანელთა წყლობით მთელს ევროპაში გავრცელდა.

პომიდვრის სხვადასხვა ფერის ნაყოფს საერთო სარგებელი აერთიანებს - ის მინერალების, ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების მდიდარი წყაროა.

მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი წყალია, რაც მთელი შემადგენლობის დაახლოებით 2/3-ს წარმოადგენს.
პომიდვრის შემადგენლობში არსებული ნატრიუმი და კალიუმი წყალ-მარილოვან ცვლას არეგულირებს.
შეიცავს იოდს, რომელიც აუცილებელი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის.
დიდი რაოდენობით კალციუმი, ფოსფორი და ფტორი ძვლებისა და კბილების ფორმირებისათვის აუცილებელი ნივთიერებები.
სპილენძი, თუთია და მანგანუმი ძვლების სიმტკიცეს, იმუნური, სისხლმბადი და ნერვული სისტემის ნორმულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ქრომი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან ცვლაში.
პომიდორი შეიცავს რკინასა და ფოლატებს, რაც რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ვიტამინურ შემდგენლობას - პომიდორი C, A, PP, E , K, B6, B2 ვიტამინების წყაროა. ეს ნივთიერებები პრაქტიკულად ორგანიზმში მიმდინარე ყველ სასიცოცხლო პროცესებში მონწილეობენ.
პომიდვრის შემადგენლობაში მყოფი პექტინები ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ხელს უშლის ყაზობას. არეგულირებს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს სისხლში.
პომიდორის კიდევ ერთი სიმდიდრე ლიკოპენია. ეს მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს - კვლევებმა დაადასტურა, რომ ლიკოპენი წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლების პროცესს.
გარდა ამისა, მას არაჩვეულებრივი შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უშლის ორგანიზმში სითხის დაგროვებას.
იცოდით, რომ პომიდორი ფიტონციდებასაც შეიცავს? სწორედ იმას, რითიც ხახვი და ნიორია მდიდარი. ამ ნივთიერებებს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული უნარი აქვთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ პატრას პომიდორს მივცემთ

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ პომიდორი საკმაოდ ალერგიული პროდუქტია. ამიტომ თუ მისი მიცემის შემდეგ გამონაყარს შენიშნავთ, პომიდორი რაციონიდან უნდა ამოიღოთ.
თუ თქვენ ჯერ კიდევ უმწიფრი პომიდორი გაქვთ, ნუ ეცდებით მის დამწიფებას მზის გულზე. პირიქით, უმწიფრი ნაყოფი ჩრდილში ყუნწებით ზემოთ დაალაგეთ.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ პომიდვრის მოყვნისას ხშირდ იყენებენ სასუქებს და პესტიციდებს, ამიტომ ბავშვისთვის შეეცადეთ, ბიოპროდუქტი მოიძიოთ. ამავე მიზეზით არასეზონურად, სათბურში მოყვნილი პომიდორი დიდი ალბთობით საფრთხისშემცველია და მის მიცემას არ გირჩევთ.
არ შესთავაზოთ პატარას პომიდვრის მარინადი - ის დიდი როდენობით ძმარსა და მარილს შეიცვს.
ახლა მთავარი - როდიდან შევთავაზოთ ბავშვს ეს სასარგებლო ბოსტნეული.
ადრეულ ასაკში მის მიცემას არ გირჩევთ. ალერგიული ნივთიერებების გარდა პომიდორი დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს შეიცავს, რომელთაც საყლაპავისა და კუჭის ნაზი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია.
პომიდვრის მიღების შემდეგ პატარას შესაძლოა ტუჩების ირგვლივ კანის სიწითლე და გამონაყრიც შენიშნოთ, რაც ორგანული მჟავებით კანის გაღიზიანების შედეგია.
მოხარშული პამიდორი ამ მხრივ უფრო ნაკლებადაა სახიფათო, ამიტომ მისი მიცემა მცირე როადენობით სუპის შემადგენლობში 9-10 თვიდან შეიძლება.
1 წლიდან კი შეგიძლიათ უმიც გაასინჯოთ, მაგრამ მანამდე პომიდორს მდუღარე წყალი გადაავლეთ და კანი მოაცილეთ.
3 წლის ასაკიდან კანგაუცლელი პომიდორიც დასაშვებია.

აი, გემრიელი სუპის რეცეპტი პომიდვრით და ბოსტნეულით 9-10 თვიდან

კარგად გარეცხილი ბოსტნეული - (სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი) დაჭრილი და დაასხით ცხელი წყალი ისე, რომ დაიფაროს. დაუმატეთ 1 თავი პატარა ზომის ხახვი, პატარა ზომის კანგაცლილი გახეხილი ან დაბლენდერებული პომიდორი, თითო ძირი კამა და ოხრახუში და ხარშეთ თავდახურულ ჭურჭელში.
მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ ხახვი და მწვანილი. მოხარშული ბოსტნეული გახეხეთ სახეხზე. თუ მიღებული სუპი სქელი კონსისტენციისაა, დაუმატეთ ადუღებული წყალი. მზა კერძს დაუმატეთ 1 ჩ.კ მცენარეული ზეთი.

მოკლედ, სანამ ზაფხულია, ისიამოვნეთ!“ - აღნიშნავს პედიატრი. 


წაიკითხეთ სრულად