Baby Bag

გაიცანით სოციალურ ქსელში პოპულარული პედაგოგი თემუკა ჯიბლაძე, რომელსაც სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვს

გაიცანით სოციალურ ქსელში პოპულარული პედაგოგი თემუკა ჯიბლაძე, რომელსაც სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვს

თემუკა ჯიბლაძე საერთაშორისო ქართული სკოლის სპორტის მასწავლებელია. მისი მოსწავლეებთან ერთად გადაღებული სახალისო ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. თემუკა ჯიბლაძის თქმით, ის სკოლაში უკვე ოთხი წელია მუშაობს, მოსწავლეებთან განსხვავებულ მიდგომებს იყენებს და საკუთარ საქმეზე უზომოდ არის შეყვარებული:

„პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ოთხი წლის წინ დავიწყე მუშაობა. ერთი წელი ვესწრებოდი სხვადასხვა მასწავლებელს. შესვენებებზე ბავშვებს 5-5 წუთით რომ ვხედავდი, ჩემი აღმოჩენა და მისია იყო, რომ მათთვის შემექმნა განწყობა. ასე ვიპოვე ჩემი თავი. თან მყავს სადამრიგებლო კლასი სამი წელია. ახლა მეცხრე კლასში არიან. უკვე 15 წლისები არიან, აქეთ მემეგობრებიან, სერიალს მირჩევენ, ფილმებს, მუსიკას. მთავარი სკოლამ რაც მომცა არის ის, რომ აღმოვაჩინე ჩემი მიზანი: ბავშვებს შევუქმნა განწყობა.“

„ექვსი ბიჭის ბიძა ვარ. ყველაზე ძალიან რაც მაბედნიერებს, ეს არის ბავშვები და ძაღლები. ოთხი წელია, რაც ვმუშაობ და არცერთი შემთხვევა, არცერთი დღე არ მახსოვს, რომ სკოლაში მივედი და ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი. ასეთი სამსახური მაქვს, რომ დილით რომ ვიღვიძებ, ერთი სული მაქვს, წავიდე,“- აღნიშნულ საკითხზე თემუკა ჯიბლაძემ მოსწავლეებთან ერთად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთი მშობლებს პასუხს გაგებინებთ თქვენს შვილებზე,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთი მშობლებს პასუხს გაგებინებთ თქვენს შვილებზე,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ იმ პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა, რომელიც მშობლებს აღზრდის პროცესში ეკისრებათ. მან აღნიშნა, რომ ოჯახის გავლენა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდია:

„ყველა ბავშვი წმინდა და სუფთაა. ამას როგორ წარმართავ და წაიყვან, ეს შენზეა დამოკიდებული. იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს, რომ ღმერთი მშობლებს პასუხს გაგებინებთ თქვენს შვილებზე. თქვენ ღმერთმა სუფთა ფურცლები ჩაგაბარათ. რაც დააწერეთ ამ დაფაზე და რასაც წერდით მთელი ცხოვრება, იმას კითხულობს საზოგადოება თქვენი შვილებისგან. საზოგადოება ეცნობა თქვენს დაწერილ თემებს. როგორებსაც გაზრდით, როგორებსაც ჩამოაყალიბებთ თქვენს შვილებს, ისეთები არიან თქვენი შვილები. ოჯახს აქვს საოცრად დიდი მნიშვნელობა.“

მამა შალვა კეკელიას თქმით, თუ ბავშვი თბილ გარემოში იზრდება, ის მომავალში ნეგატიურ პიროვნებად არ ჩამოყალიბდება:

„ოჯახი არის ადგილი, სადაც პიროვნება ყალიბდება. ოჯახი არის ქვეყნის დასაყრდენი. ოჯახში ბავშვი თუ ხედავს, რომ დედიკო და მამიკო ერთმანეთს ეხუტება, ერთმანეთს უფრთხილდება, ეხუმრება, ერთად სეირნობენ, ერთად დადიან, ერთმანეთი უყვართ, როგორ შეიძლება ეს ბავშვი მერე ბოროტი გახდეს?! ეს ხომ გამორიცხულია! როდესაც სითბოში იზრდება ადამიანი, ის ბოროტი ვერ იქნება. გამონაკლისი ყველგან შეიძლება მოხდეს. მე გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ. დაფიქრდით რამდენჯერ დაგიყვირიათ საკუთარი შვილებისთვის, ეს მერე ბუნებრივად ქმნის პრობლემებს. აუცილებლად უნდა გამონახო დრო საკუთარი შვილისთვის, თორემ მერე დაკარგავ შვილებს.“

„ყველაზე ცუდი რამ არის, როდესაც ბავშვს მამა ეუბნება ერთს და დედა ეუბნება მეორეს. მშობლები ურთიერთობაში შეთანხმებულები არ არიან. მეც ბევრჯერ გამიკეთებია მსგავსი რამ. ჩემს მეუღლეს რაღაც აუკრძალავს ჩვენი შვილებისთვის, ბავშვებს ჩემთვის უთხოვიათ და მე ის შემისრულებია. ეს არაფრით არ შეიძლება. ისე გამოდის, რომ დედა ცუდია და მამა კარგია. შენ საკუთარ ავტორიტეტს თავიდანვე სპობ და შენი მეუღლის ავტორიტეტს სპობ შენს შვილებთან. ეს ძალიან ცუდ შედეგს დებს საბოლოოდ და ცუდად აისახება ურთიერთობებზე. პირველ რიგში, არის ცოლ-ქმარი და ცოლ-ქმრიდან იწყება ყველაფერი. როგორ დამოკიდებულებაშიც არის ცოლ-ქმარი, იმავე დამოკიდებულებაში არიან შვილები ერთმანეთთან,“ - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად