Baby Bag

„სიტყვით გამოუთქმელი სიკეთე ჩვენს რეალობაში“ - საოცარი საჩუქარი მასწავლებელს სკოლისგან, სადაც 2 წლის წინ ასწავლიდა

„სიტყვით გამოუთქმელი სიკეთე ჩვენს რეალობაში“ - საოცარი საჩუქარი მასწავლებელს სკოლისგან, სადაც 2 წლის წინ ასწავლიდა

რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი, ვიდრე გულწრფელი მადლიერება, შენი შრომის დაფასება და იმის ცოდნა, რომ შენი დაწყებული საქმე ისევ ისე კაშკაშებს და აკვირვებს სხვებს.

სწორედ ასეთ სიხარულზე წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი, რომელიც 2 წლის წინ უწერის სკოლაში ასწავლიდა. სკოლამ ლელა მასწავლებელზე ვიდეო გადაიღო, რომელსაც მასწავლებელი სიტყვით გამოუთქმელ სიკეთედ აფასებს:

„მეგობრებო, დღეს ასეთი საოცარი (ამ სიტყვის მთელი სისავსე იგულისხმეთ) ვიდეო მივიღე საჩუქრად.

ეს ერთი სოფლის ერთი სკოლის ერთი უბრალო ოთახია, რომელიც ასეთი დავტოვე ორი წლის წინ და ისევ ისე კაშკაშებს, ისევ ისე აკვირვებს მნახველს, ისევ ისე უჩნდებათ უწერის სკოლაში სწავლის სურვილი და ყველაფერი ეს სათქმელს მიგროვებს.

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ შეფასებაზე და ეს ვიდეო სიტყვით გამოუთქმელი სიკეთეა ჩვენს რეალობაში.
ქალბატონ სოფო გუგეშაშვილს, რომელიც ჩვენი უფროსი მეგობარი და მასწავლებელია, აუწონავი მადლობა ამგვარი შეფასებისთვის! ერთია, რომ დაინახო და მერე კიდევ, იფიქრო, შეაფასო, ამისთვის დრო გამონახო და სხვებს გაუზიარო.

ვიდეო დოკუმენტურ ფილმს ჰგავს და ჩემთვის თითოეულ კადრს, ფრაზას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

წმ. გიორგის ეკლესიიდან იწყება ყველაფერი.
გზას მოვყვებით და იქვე ჩანს ორი ხე, რომლის ძირში მე და ჩემი სამი მოსწავლე 2014 წლის შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, გაკვეთილების მერე მოვკალათდით და ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ ხმამაღლა ვუკითხეთ ერთმანეთს.
ხიდი. ჩრდილები ხიდზე. რიონის ტალღები. წინ სკოლაა. ამ ხიდზე გაკვეთილების შუალედში წიგნს ვკითხულობდი ხოლმე. აბიბინებული გზა, რომელიც ყველა სოფლის სკოლას მიუყვება, გულს მატკიებს.
არსებობენ დაუვიწყარი გზები, რომლებთანაც ვმეგობრობთ.

რამდენიმე დღის წინ უწერის სკოლის დირექტორს, ნაილი მასწავლებელს ვეუბნებოდი, დროსთან ერთად როგორ მიძლიერდება მისდამი მადლიერება. რომ არა მისი თანხმობა და თანადგომა, ეს ოთახი არ იარსებებდა.

აქ ყოფნისას გული სევდით მევსება.
სიმშვიდეს მანიჭებს ის განცდა, რომ ჩემგან გაშვებული მყავს ყველა საქმე, რაც განგებამ მაკეთებინა.

მთავარია, რასაც ბავშვები
ამბობენ და გრძნობენ.
მთავარია, ჩვენი მეგობრობის ამბავი ისევ გრძელდება, ჩემო ძვირფასო სოფო, საყვარელო ადამიანებო, სოფელო, ბავშვებო,“ - წერს ლელა კოტორაშვილი.

ვიდეო იხილეთ ამ ​ბმულზე

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონულ ჟურნალში?

როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონულ ჟურნალში?

ელექტრონულ ჟურნალში შესასვლელად მასწავლებლები უნდა შევიდნენ მითითებულ ბმულზე: ​https://onlineschool.emis.ge​

თუ მასწავლებელი ხართ პირველ ველში ჩაწერეთ თქვენი microsoft 365 ის მომხმარებლის ელ-ფოსტა, მეორე ველში კი ის პაროლი, რომელსაც სისტემაში (ელ-ფოსტა, Ms Teams) შესასვლელად იყენებთ.

თუ მშობელი ხართ აირჩიეთ ღილაკი მშობლის რეგისტრაცია და შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი.

მშობლის რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რომ პროგრამა eschool-ში, სკოლის ადმინისტრაციის მიერ ასახული იყოს მშობლის მონაცემები. (პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, სახელი, გვარი)


წაიკითხეთ სრულად