Baby Bag

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საკომიტეტო მოსმენისას სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა 141 სკოლის რეაბილიტაცია. 884 სკოლას მივეცით ფინანსური რესურსი, რომლითაც თავად იზრუნებს სკოლის საჭიროებებზე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა რჩება. ჩვენი გათვლებით, რომელიც უკვე დეტალურად შემუშავებული გვაქვს, ყოველწლიური ბიუჯეტის ზრდის პირობებში, სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები 2023 წლისთვის სრულად უნდა გადაიჭრას.
ეს ნიშნავს რომ ჩვენი სკოლები უზრუნველყოფილი იქნება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ყველა იმ ლაბორატორიით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსვლისას.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებაა

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებაა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა. აღნიშნული დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმად, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს), რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე წარადგენენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებულ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 30 ივნისამდე წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება, ასევე იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დადებითად შეუფასდათ გარე დაკვირვება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა, მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

დოკუმენტის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე დაადასტურებს ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენცია 10-10 კრედიტქულაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორივე გამოცდის (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის) ნაწილობრივი დადასტურებისა (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, უფლება ექნება, დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა.

დადგენილების მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაწყებულია მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების/მინიჭების მიზნით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის №390 დადგენილების ამოქმედებამდე უნდა დასრულდეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ურთიერთობა სხვაგვარად არ რეგულირდება, ამავე დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული მოთხოვნებით.

წაიკითხეთ სრულად