Baby Bag

„სკოლებიდან ამოღებულ, აკრძალულ ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოსა და აზარტული თამაშების პროდუქციაა“ - მანდატურის სამსახური

„სკოლებიდან ამოღებულ, აკრძალულ ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოსა და აზარტული თამაშების პროდუქციაა“ - მანდატურის სამსახური

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში 1365 აკრძალული ნივთი იქნა ამოღებული.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ნივთებს შორის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ელექტროშოკია. ამოღებულ იქნა ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო 13 ნივთი. ყველაზე მეტი, 891 ნივთი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში იქნა ამოღებული, თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა და ასანთია. შემდეგ მოდის ბანქო ან სხვა აზარტული საშუალება – 207 ერთეული. მოსწავლეებს შორის პოპულარული, აკრძალული ნივთების სამეულში შედის ცივი იარაღი (დანა) – 77 ერთეული. აღნიშნულ პერიოდში ასევე ამოიღეს ელექტროსიგარეტი – 60 ერთეული. სკოლებიდან ამოღებული, დანარჩენი ნივთების ჩამონათვალი ასეთია: ბლაგვი საგანი – ექვსი, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება – ოთხი, საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა) – 10, პნევმატური, სასიგნალო (სტარტოვკა) ან აირის საშუალება – ხუთი, ბასრი იარაღი 14, კასტეტი – 48, ალკოჰოლის ნაწარმი 26.

წყარო: ​1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით ხვალ, 19 ნოემბერს ინგლისური ენის მასწავლებლების ონლაინ პლატფორმა გახსნება. გთავაზობთ მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

„ძვირფასო ინგლისურის მასწავლებლებო,
მოხარული ვართ, 19 ნოემბერს მოგიწვიოთ ინგლისური ენის მასწავლებლების ონლაინ პლატფორმის გახსნის ცერემონიაზე.

​მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება არის კოლეგების მიერ მართული ონლაინ პლატფორმა ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის. ის გთავაზობთ ფორუმებს, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაერთონ სიახლეებისა და მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ გამართულ დისკუსიებში, გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება, მოახდინონ საკუთარი პრაქტიკის რეფლექსია და მიიღონ მონაწილეობა კვლევით საქმიანობაში.

​ღონისძიების მსვლელობისას, ბრიტანეთის საბჭო გაძლევთ საშუალებას დაესწროთ სესიებს, რომელთაც წარუძღვებიან მსოფლიოში ცნობილი მომხსენებლები და ექსპერტ მოდერატორები ინგლისური ენის სწავლების სამყაროდან.

​მთელი დღის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება პროფესიული პრაქტიკის ონლაინ ერთობის როლზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და წახალისებაში და მასწავლებელთა საკუთარი პროფესიული განვითარების მიკუთვნებულობის ჩამოყალიბებაში.

​ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე მოკლე ონლაინ ფორმის შევსების გზით. შემდეგ მიიღებთ ავტომატურ ელ.წერილს დამატებითი ინსტრუქციებით.

​სიამოვნებით გვინდა გაცნობოთ, რომ ბრიტანეთის საბჭო ამჟამად მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ​ცენტრთან პარტნიორულ ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავეხმარებით ინგლისურის ყველა მასწავლებელს საქართველოდან დარეგისტრირდნენ ზემოთაღნიშნულ პლატფორმაზე და მივცემთ შესაძლებლობას, განაგრძონ ონლაინ უწყვეტი პროფესიული განვითარება თავიანთ მუნიციპალურ და ქვეყნის ჯგუფებში.

​ინიციატივის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პარტნიორი ორგანიზაციები უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებენ. მანამდე, გთხოვთ დაესწარით ჩვენს ღონისძიებას და გაიზიარეთ ჩვენი პროფესიული დღესასწაული.

​დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს ბრიტანეთის საბჭოს ოფისს [email protected].“ - აღნიშულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცეულებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად