Baby Bag

საჯარო სკოლებში სწავლა ხვალ განახლდება - რა რეკომენდაციები მისცა განათლების სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს?

საჯარო სკოლებში სწავლა ხვალ განახლდება - რა რეკომენდაციები მისცა განათლების სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს?

15 იანვარს, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.

„ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაკვეთილის ასე დაწყება გამორიცხავს მოსწავლეების ქცევით პრობლემებს“ - ქართველი მასწავლებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

„გაკვეთილის ასე დაწყება გამორიცხავს მოსწავლეების ქცევით პრობლემებს“ - ქართველი მასწავლებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

გახსოვთ, ალბათ, ​მისის სპარკსი​, რომელიც თავის მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყების წინ გულთბილად ესალმება და ხალისით უშვებს საკლასო ოთახში. დღეს ქართველ მასწავლებელს, ნონა ჩუბინიძეს გაგაცნობთ, რომელმაც დაახლოებით ორი კვირაა, რაც სკოლაში მისალმების ახალი ტრადიცია დანერგა: 

„სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს გავრცელებული ვიდეოებიდან გამიჩნდა იდეა, რომ მოსწავლეებს ორიგინალურად მივსალმებოდი. ორი კვირაა, რაც მათ კლასის კარებთან ვხვდები და სათითაოდ ვესალმები. ასე ხალისითა და სიყვარულით ვიწყებთ სასწავლო პროცესს. თავიდან კვირაში ერთი დღე მინდოდა ასე მივსალმებოდი. თუმცა ყოველდღე გარეთ მხვდებიან ერთ მწკრივად, ამიტომ ყოველდღე ასე ვესალმებით ერთმანეთს. ორ კლასს ვასწავლი და ორივეგან ასეა,“ - აღნიშნავს ნონა ჩუბინიძე Momsedu.ge-სთან საუბრისას.

როგორც ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ამბობს, მისალმების მსგავსი მეთოდი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის: 

„მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის ასე დაწყების შემდეგ მასწავლებელიც და მოსწავლეც დადებითადაა დამუხტული, რაც გამორიცხავს გაკვეთილზე ქცევით პრობლემებს. გარდა ამისა, ხალისით ითვისებენ იმასაც, რასაც სწავლობენ. ასე დაწყების შემდეგ ერთი მამოტივირებელი აქტივობაღა სჭირდებათ გაკვეთილის მსვლელობისას, დიდხანს ინარჩუნებენ კონცენტრაციას,“ - ამბობს ნონა მასწავლებელი. 

იხილეთ მოსწავლეების პირველი რეაქცია მასწავლებლის მისალმების ახალ მეთოდზე

წაიკითხეთ სრულად