Baby Bag

„მასწავლებლებმა განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს“

„მასწავლებლებმა განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს“

„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მან პედაგოგებს დისტანციური სწავლების პროექტში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროექტ „ტელესკოლაზე“, ასევე გამოყო პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.

„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს. ახლა, ამ მომენტში ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობს ამ პროცესში, იღებს ყოველდღიურად განათლებას. პროექტი მიმდინარეობს უწყვეტად. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა მასწავლებელს მადლობა გადავუხადო.

ასევე, კარგი და წარმატებული ინიციატივა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც ბევრ მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, იყოს პროცესში ჩართული და განათლების პროცესი არ შეწყდეს. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ინიციატივა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, სადაც ასევე განათლების მიწოდების პროცესი ამ პროექტის შედეგად შენარჩუნდა და ხელმისაწვდომი დარჩა ეთნიკური უმცირესობებისთვისაც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ყურადღების დეფიციტის მიზეზი ბავშვთან შეიძლება იყოს სტრესი, შფოთვა და გარემო,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ბავშვებში ყურადღების დეფიციტის პრობლემის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვს ყურადღების პრობლემა სხვადასხვა მიზეზით ექმნება:

„ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ორი ტიპის არის: ერთი, როდესაც წამყვანია ყურადღების პრობლემა, თითქოს ბავშვი მუდმივად გაფანტულია, თავისთვის ოცნებობს და რთულია, რომ აქტივობაში ჩართო, თუ ჩავრთეთ ხუთ წუთში ეკარგება ინტერესი და სხვა რაღაცაზე გადადის. მეორე შემთხვევაში იმპულსურობა არის წამყვანი. ნებისმიერი საგანი, რომელსაც ბავშვი დაინახავს, მასში გამოყენების სურვილს იწვევს. ბავშვი მთელი დღის მანძილზე დადის და საგნებს ეხება. ამის არშემჩნევა ძალიან რთულია სინამდვილეში. 2-3 წლის ასაკში რთულია გაარჩიო ეს სინდრომია, თუ რაიმე სხვა მიზეზებია. ყურადღების დეფიციტის მიზეზი ბავშვთან, შეიძლება იყოს სტრესი, შფოთვა და გარემო. ხშირად ბავშვს სვამენ რომ იმეცადინოს, როდესაც გვერდით ოთახში ბოლო ხმაზე ტელევიზორია ჩართული, ხალისობენ, იცინიან და უჭირს ბავშვს. დიაგნოზის დასმა დღეს არ ხდება მხოლოდ ფსიქოლოგის მიერ. ფსიქოლოგი აუცილებლად იღებს ინფორმაციას მშობლისგან, ბაღის აღმზრდელისგან, მასწავლებლისგან. სასურველია, რომ ბავშვის გარემოზე დაკვირვება მოხდეს, რათა გამოირიცხოს გარემო ფაქტორები.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, ყურადღების დეფიციტის დიაგნოზის დასასმელად ბავშვს შემდეგი მახასიათებლები უნდა ჰქონდეს:

„ბავშვი უნდა იყოს ძალიან მოუსვენარი. ეს უნდა გრძელდებოდეს დიდხანს, ექვს თვეზე მეტ ხანს. მისი ჩართვა უნდა იყოს ძალიან რთული ნებისმიერი სახის აქტივობაში. თამაშის დროსაც, ბავშვი იწყებს თამაშს და ხუთ წუთში ახალზე გადადის. ბავშვი არის იმპულსური, უჭირს, რომ ადამიანს საუბარი დაასრულებინოს, მუდმივად თვითონ ერთვება, მისი სურვილი აუცილებლად წამყვანი უნდა იყოს.“

მარიამ ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ გაჯეტები და ეკრანდამოკიდებულება ყურადღების დეფიციტის სიმპტომებს აძლიერებს:

„გაჯეტების გავლენა ყველაფერში ძალიან დიდია. გაჯეტი ვერ იწვევს და არ იწვევს არცერთ სინდრომს. როდესაც ბავშვი მიჯაჭვულია ტელეფონს ან ტელევიზორს, სიმპტომები იმდენად ჰგავს აუტიზმს, ჰიპერაქტივობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომს, რომ ეს რთული გასამიჯნია. გაჯეტი ბევრად ამწვავებს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემას. კომპიუტერსა და ტელევიზორში კადრების მუდმივი ცვლაა. ბავშვები გადადიან ერთი ვიდეოდან მეორეზე, არ ელოდებიან დასრულებას. ეს იწვევს იმპულსურობას, ბავშვი კარგავს მოთმინების უნარს, ვერ ახერხებს ყურადღების კონცენტრაციას.“

„მნიშვნელოვანია მშობლების აღზრდის სტილი. თუ მშობელმა იცის, რომ ბავშვს უჭირს მეცადინეობა, მან არ უნდა აიძულოს ის, რომ ერთი საათის განმავლობაში დაჯდეს. უმჯობესია მისცეს 10 წუთიანი შესვენებები. შემდეგ ბავშვი თვითონ ისწავლის შესვენებას. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ხმაური, კარი და ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი. უნდა ვიპოვოთ, ბავშვისთვის სწავლების რომელი სტილია უპირატესი, ვიღაც სმენით უკეთ სწავლობს, ვიღაც ვიზუალურად. კლასში გასათვალისწინებელია, სად უნდა იჯდეს ბავშვი, რომ არ გაეფანტოს ყურადღება. მნიშვნელოვანია მოტივაცია. როდესაც ბავშვს აიძულებ, რომ დაჯდეს, თუ მას არ უნდა, მისი მოტივაცია ძალიან დაბალია. სწავლების პროცესი უნდა იყოს საინტერესო. მე მქონდა ასეთი შემთხვევა: მასწავლებელმა მესამე კლასელი მოსწავლე იმიტომ გააგდო, რომ თანაკლასელთან საუბრობდა. პედაგოგმა უთხრა, ხელს ხომ არ გიშლითო. ბავშვმა უპასუხა, არ მიშლითო. ძალიან გალანძღეს ბავშვი, რომ უზრდელია, თავხედი, გააგდეს კლასიდან და დასტრესეს. მას დიდი დრო დასჭირდა სტრესიდან გამოსასვლელად,“ - აღნიშნავს მარიამ ხვადაგიანი.

წყარო: ​პოსტ ალიონი

წაიკითხეთ სრულად