Baby Bag

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს -  „გაცოცხლებული სურათები“. 

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლები, რომლებშიც ნიკო ფიროსმანის ნახატებს გააცოცხლებენ. გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებითა და სხვა ტიპის საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა განვითარება.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი კატეგორია - VII-IX კლასის მოსწავლეები და მეორე კატეგორია - X-XII კლასის მოსწავლეები;
  • მოსწავლემ უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის ნახატებს;
  • ანიმაციური ვიდეორგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხვა ტიპის უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თავად შექმნილი ნახატები;
  • მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიის ისტორიები და მათ მიხედვით შეიმუშაონ ანიმაციური ვიდეორგოლის სიუჟეტი;
  • ვიდეორგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​„გაცოცხლებული სურათები“

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა

სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ არ/ვერ განხორციელდა შესაბამის ვადაში სახელმძღვანელოს/სერიის არჩევა, სკოლის მიმართვის საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახორციელებს არჩევანის დაფიქსირებას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

გარდა ამისა, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირის აქვს სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის (ანონიმური ეგზემპლარი) საჯარო სივრცეში გაცნობისა და არგუმენტირებული შენიშვნების ან/და მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა.

„სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი), მინისტრის მიერ დადგენილი ვადით ქვეყნდება საჯარო განხილვისათვის. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე (ანონიმურ ეგზემპლარზე) საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება დააფიქსიროს ელექტრონულად. სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომია განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.საჯარო განხილვის შედეგების გაზიარების შესახებ რეკომენდაცია მიიღება რეცენზენტთა შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის მიერ სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით ან საგნის ცვლილების/დამატების გამო შესაბამისი სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევა დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. 

„სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე/შერჩევაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლას, შესაბამის რესურსცენტრსა და მართვის სისტემას. რესურსცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის/შერჩევის შესახებ ინფორმაციის ასახვას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შეცვლა/შერჩევა შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რესურსცენტრის მიერ ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით,“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სკოლა უფლებამოსილია, უცხოური ენების სწავლებისას, შესაბამისი კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენოს განსხვავებული კლასის სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოები. სკოლა, განსხვავებული კლასის სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების შესახებ ინფორმაციას ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისთვის დადგენილ ვადაში.

წაიკითხეთ სრულად