Baby Bag

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია
,,სკოლის დირექტორი!

(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)

მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული, გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.

მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.

დირექტორი - აბა როგორ ხართ?

- კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ)

- ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად

- რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ)

- არაფერი... ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ?

- ვიცით, ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად

- ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ...

და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა...ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა - „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო....

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ....

მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!

პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.''

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები. სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს''

,,სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები. სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს''

იანუშ კორჩაკი ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. დაიბადა ვარშავაში ინტელიგენტი ასიმილირებული ებრაელების ოჯახში. მან მთელი თავისი მოღვაწეობა ბავშვებს მიუძღვნა.

1939 წელს ფაშისტების მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ გაემგზავრა ვარშავაში და პოლონურ არმიაში ჩაირიცხა. 1940 წელს ობოლთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად გადაიყვანეს ვარშავის გეტოში. ამ პერიოდში კორჩაკი დააპატიმრეს და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა. გაათავისუფლეს პროვოკატორ აბრაამ განცვაიხის თხოვნით, რომელსაც ებრალებს შორის ავტორიტეტის მოპოვება სურდა.

გეტოში კორჩაკი გმირულად შოულობდა მათთვის საკვებსა და მედიკამენტებს. კორჩაკის აღსაზრდელები სწავლობდნენ ივრითსა და იუდაიზმის საფუძვლებს. ფესახამდე რამდენიმე კვირით ადრე კორჩაკმა 1942 წელს ებრაულ სასაფლაოზე გამართა საიდუმლო ცერემონიალი: თორას ხუთწიგნეულით ხელში თავის მოსწავლეებს დააფიცებინა, რომ იქნებოდნენ კარგი ებრაელები და პატიოსანი ადამიანები.

1942 წელს ობოლთა სახლის დეპორტაციის შემდეგ თავის აღსაზრდელებთან ერთად ტრებლინკაში გააგზავნეს. კორჩაკმა უკანასკნელ მომენტში უარი განაცხადა თავისუფლებაზე და ბავშვებთან ერთად გაზის კამერებში სიკვდილი არჩია.

გთავაზობთ, იანუშ კორჩაკის 10 მცნებას მშობლებისთვის:

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? --- ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები. სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.

4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრებამისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვსჯერ არ აქვს გამოცდილება.

5. არ დაამცირო

6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.

7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.

8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.

9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.

10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.

წაიკითხეთ სრულად