Baby Bag

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

​მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით მე-12 კლასის პროგრამის დაძლევა, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება,რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია:

  • ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
  • მე-12 კლასში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
  • ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
  • უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლებისდაძლევის მსურველს;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირს დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

  • წინსმწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ დისტანციურად, ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე.
  • ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ რესურსცენტრის წარმომადგენელს. რესურსცენტრი 2 დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ. რესურსცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.

იხილეთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ფოსტის მისამართები

შეიძლება დაინტერესდეთ

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესონ ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ. ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

წყარო: 1tv.ge

წაიკითხეთ სრულად