Baby Bag

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ“ - ლადო აფხაზავას საინტერესო ექსპერიმენტი

2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში საინტერესო ექპერიმენტის შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მოსწავლეები მდინარის პირას წავიყვანე და ვუთხარი ის ქვა აეღოთ, რომლის სროლასაც მოახერხებდნენ. თან გავაფრთხილე, რომ ქვის სროლა ძალიან რთული დავალება იქნებოდა. ბევრი იცინეს და ბევრი ქვის სროლაც მოასწრეს უმისამართოდ, სანამ მდინარის მეორე ნაპირზე გადავიდოდი და სამიზნეს დავუდგამდი. მათ სამიზნედ ოთკუთხედ ჩარჩოზე გადაჭიმული სიფრიფანა ქაღალდი დავუდე. პირველად ერთი ქვა უნდა მოეძებნათ და სამიზნისთვის ესროლათ. ესროლეს, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაარტყა. ახლა ორი ქვის სროლის ნება მივეცი, მაგრამ ვერც ახლა მოახერხეს, თუმცა რამდენიმეს ცოტა დააკლდა. იმ დღეს ხუთ ქვაზე ავედით და მხოლოდ ერთმა გაარტყა, ისიც ჩარჩოს და ქაღალდი უვნებელი დარჩა. მაშინ მათ ვუთხარი, რომ, როცა ქვების უმისამართოდ სროლა ძალიან ადვილი იყო მათთვის, მაგრამ როგორც კი სამიზნე გამოჩნდა, ყველაფერი გართულდა.

როცა მარტო ცოდნისთვის ასწავლი, უბრალოდ წაკითხული, დაზეპირებული მეორე დღეს ისევ მოგიყვეს, ეს ძალიან ადვილია და უმისამართოდ ქვის სროლას ჰგავს და მაგრამ, როცა იმას ასწავლი, თუ როგორ და რისთვის ისწავლოს, სამიზნის მათ წინ დადების ტოლფასია, რომელიც არ გასვენებს, სანამ ქვას არ გაარტყამ.

როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, სამიზნე დადებული მქონდა და ვიცოდი, რისთვის მესროლა. ჰოდა, ნურავის გაუკვირდება, ამდენი წლის შემდეგ რომ გავარტყი. მე ხომ ბევრი ვიმუშავე ამისთვის“, - წერს ლადო აფხაზავა.


შეიძლება დაინტერესდეთ

ვის უნდა ეკეთოს პირბადე, მოსწავლეს თუ მასწავლებელს?

ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში „პირადი ექიმი“ პედაგოგებისთვის ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მასწავლებელი რისკ-ჯგუფს ეკუთვნის, რის გამოც მან თავი აუცილებლად უნდა დაიცვას:

„პედაგოგი, შესაძლოა, რისკ ჯგუფიც იყოს ვირუსთან დაკავშირებით. ასაკი მეტია და შესაძლებელია, თანმდევი დაავადებებიც აღინიშნებოდეს, რის გამოც რისკი მეტია. პირველ რიგში, კლასში მთელი დღის განმავლობაში სანამ ამინდები კარგია ვენტილაცია უნდა იყოს გამოყენებული. კარი, ფანჯარა ღია უნდა იყოს, რომ მუდმივად ნიავდებოდეს. პედაგოგს ძალიან დიდი რაოდენობით სტუდენტთან, მოსწავლესთან აქვს ურთიერთობა, ასევე სამასწავლებლოში კოლეგებთან, ამიტომ მისთვის აუცილებელია ნიღბის გაკეთება. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა ნიღაბი იმ შემთხვევაში უნდა გაიკეთოს, თუ თანმხლები დაავადებები მას ამის შესაძლებლობას აძლევს.“

თამარ დაუსის თქმით, პედაგოგებმა, მოსწავლეების მსგავსად, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა დაიცვან:

„პედაგოგს ეხება ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვაძლევთ ბავშვებს. აუცილებელია თვითკონტროლი, სახლში ტემპერატურის გაზომვა, სამსახურში არ გამოცხადება, თუ რაიმე სიმპტომი აღენიშნება ( არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტემპერატურა, ხველა, გემოს დაკარგვა), შეტყობინება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხელების მუდმივი დამუშავება და დისტანცირება.“

„მაგალითად, ესეც ძალიან რთული გასაკონტროლებელი იქნება, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს უყვართ გაიქცევიან და თავიანთ მასწავლებელს შემოეხვევიან, ეხუტებიან, ყველას უხარია ეს პროცესი. უნდა გავაჩეროთ ეს რამენაირად. მშობელმაც უნდა იმუშაოს ბავშვზე, რომ ასეთი გულთბილი მისალმებისგან ამ წუთას თავი შევიკავოთ. ამაზე პედაგოგმაც უნდა იმუშაოს. არსებობს ფორმა, რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ მოსწავლეებს და არ შევლახოთ მათი გრძნობები,“ - აღნიშნავს თამარ დაუსი.


წაიკითხეთ სრულად