Baby Bag

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის 10 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის 10 ფინალისტს შორისაა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენსი - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტი - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარანი - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

იხილეთ ასევე ლადო აფხაზავას შესახებ მომზადებული სიუჟეტი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი მასწავლებელი არასდროს არ გვასწავლიდა იმიტომ, რომ ლექსი ზეპირად გვეთქვა,“- შალვა ამონაშვილის რჩევები პედაგოგებსა და მშობლებს

„ჩემი მასწავლებელი  არასდროს არ გვასწავლიდა იმიტომ, რომ ლექსი ზეპირად გვეთქვა,“- შალვა ამონაშვილის რჩევები პედაგოგებსა და მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

„კავკასიის მთები არ მოგწონთ? ამ ორ მთას შორის რომ პატარა მთაა, ის გოგებაშვილია. გოგებაშვილის მწვერვალი დავარქვი. როგორ ცოცხლდებიან მთები?! გახედავ და ჩემი მთებია. ჩემი პროფესიაა ბავშვების სიყვარული, ანუ პედაგოგიკა. მიყვარს ბავშვების აღზრდის შესახებ ფიქრი. მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვემსახურები. ეს ყველაფერი აქ დაიწყო, თბილისში. 60-70-80-იან წლებში ვქმნიდით ამ პედაგოგიკას პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და საქართველოს ბევრ სკოლაში.

არ გამოდგება ყვირილი, დასჯა, აკრძალვები. ეს ბავშვები არიან ახალი თაობის ბავშვები. მათ სინათლის ბავშვები ჰქვიათ, ვარსკვლავის ბავშვები ჰქვიათ. ბავშვი, როდესაც გამგები გვერდით არ ჰყავს, ეძებს გამოსავალს. ხანდახან უნდა, რომ დაგვსაჯოს, გადაყლაპავს რაღაც აბებს, ასე ხდება სუიციდები. ჩვენ ვართ ბიძგის მიმცემები ამ ამბავში. შეუყვარდა მეექვსე კლასელს მეცხრე კლასელი, არ შედგა ეს, წავიდა გოგონა და მოიკლა თავი. ვიღაცას რომ ეთქვა ლიტერატურის მასწავლებელს, რომ სიყვარული ასეთია, გაუძელით, ბავშვებო. თქვენც შეგიყვარდებათ, განა მარტო იმან და იმან შეიყვარეს ერთმანეთი რომანში?!

საქართველოში მასწავლებელს არ აქეზებენ, რომ შემოქმედი იყოს. წავიკითხავთ რაღაც რომანს, მშვენიერი ქართველი მწერლები გვყვანან და უნდა გადმოვცეთ შინაარსი. ვის უნდა ეს შინაარსები?! გადმოსცა მოსწავლემ შინაარსი. მერე რა?! როდესაც ამაზე ვალაპარაკობ, სულ ჩემი მასწავლებელი მახსენდება, ვენაცვალე იმის სულს, ვარვარა ვარდიაშვილი. არასდროს არ გვასწავლიდა იმიტომ, რომ ლექსი ზეპირად გვეთქვა. ახლაც არიან ასეთი მასწავლებლები, რა თქმა უნდა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად