ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს.
,,ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად დათვლილ სემესტრულ შეფასებებს. ტექნიკურად ყველაფერი გამართულად მუშაობს.
ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლებს შემაჯამებელი წერა აქვთ ჩანიშნული კალენდარში, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი გაკვეთილია ჩატარებული.
შესაბამისად, სისტემა ამ დღეს ავტომატურად უწერს ნულს იმ მოსწავლეს, რომელსაც შეფასება არ უწერია, რაც თავისთავად აისახება სემესტრულ შეფასებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაცემი სწორად არის ასახული და სემესტრული შეფასება მაინც არასწორად ითვლება, გთხოვთ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას,'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქართულ სკოლებში ახალი პროექტი იწყება - რომელი საგნის მასწავლებლები დაეხმარებიან ბავშვებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციების მართვის შესახებ ცოდნის შეძენაში?
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თემო სუყაშვილმა ქართულ სკოლებში ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციების მართვის შესახებ ცოდნის შეძენაში დაეხმარება:
„პროექტი „გავიღიმოთ“ აგებულია ხუთი თემისგან. ის სტრუქტურირებულია ოც გაკვეთილად. მოსწავლეები არიან აქტიურ როლში და მასწავლებელი გამოდის ფასილიტატორად. თითოეული თემა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ემოციები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, კომუნიკაცია, ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები თვითონ ფიქრობენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე.“
თემო სუყაშვილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული სტიგმის დაძლევასაც:
„გარკვეული სტიგმა არსებობს სასკოლო საზოგადოებაში. როდესაც ვახსენებთ ტერმინს „ფსიქიკური ჯანმრთელობა,“ ფიქრები მიდის ნეგატიურისკენ. არსებობს კვლევები, რომლითაც დასტურდება, რომ ყოველი ხუთი მოსწავლიდან ერთი განიცდის ამ პრობლემას. ეს პროექტი მასწავლებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს.“
„ახლა გვაქვს შემცირებული საგაკვეთილო პერიოდი და მასწავლებლები გადასულები ვართ ტექნიკურ საკითხებზე. საერთოდ არ გვრჩება დრო, რომ მოსწავლეებს ვკითხოთ, რა განწყობაზე არიან,“ - აღნიშნულ საკითხზე თემო სუყაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.