მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება
დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება.
„ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს ამ ფონს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა.
მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დამაკმაყოფილებელი. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. „დელტა“ შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.