მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2019 „წლის საუკეთესო დირექტორის“ ტიტულის მფლობელი გახდა თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა. გამარჯვებული სასწავლო ვიზიტით ციურიხშიც გაემგზავრება და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN) ესტუმრება.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „წლის საუკეთესო დირექტორი“ შემდები კრიტერიუმების გათვალისწინებით დასახელდა - სკოლის განვითარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა, ინოვაციურობა, რესურსების ეფექტიანი მართვა.
მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორი გოგი თოდუა და ქალაქ ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე, რომლებსაც ასევე ფულადი პრიზები გადაეცათ.
სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, კონკურსის გამარჯვებული დირექტორების სკოლები ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიით აღიჭურვება.
„მოსწავლეებს ცდების ჩატარება სპეციალური კომპიუტერული მულტიმედიური პროგრამის საშუალებით შეეძლებათ, რაც ამ საგნის სწავლებას უფრო საინტერესოს გახდის,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წლის საუკეთესო დირექტორის გამოსავლენად სპეციალური კონკურსი ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორებმა. გამარჯვებული გამოავლინა საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებით, პროფკავშირის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.