მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„პირველ გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, 2019 წლის ბოლომდე მეორედ გავიდნენ გამოცდაზე“ - სოფო გორგოძე
„მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სიახლეები არ არის, თუმცა პირველ გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, 2019 წლის ბოლომდე გამოცდაზე მეორედ გავიდნენ,“ - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 1, 4 და 7 კრედიტის აღება წელსაც იქნება შესაძლებელი:
„დღეს დაიწყო მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაცია, რომელიც გაგრძელდება 24 მაისის 18:00 საათამდე. პროცედურა საკმაოდ გამარტივებულია და მხოლოდ რამდენიმეწუთიანი. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მანამდე იყო ორმაგი რეგისტრაცია, ერთი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და ერთიც - ჩვენს ცენტრში. შესაბამისად, ძალიან მალე შეუძლიათ მასწავლებლებს დარეგისტრირება. სიახლე ის არის, რომ აქამდე მასწავლებლებს ამ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ, ახლა პირველ გამოცდაზე გასვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შანსი, მეორედ გავიდნენ გამოცდაზე 2019 წლის ბოლომდე. თავად გამოცდებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ცვლილებები და სიახლეები არ არის, ტესტების იგივე ფორმატი და დიზაინია, როგორიც წინა წლებში იყო. ცვლილებები ბარიერის თვალსაზრისითაც არ არის. მინიმალური კომპეტენციის დადასტურებაზეა საუბარი და 1, 4 და 7 კრედიტი, როგორც წინა წელს იყო, წელსაც შეუძლიათ, შესაბამისი ქულების რაოდენობით ამ რაოდენობის კრედიტები მოაგროვონ. განსაკუთრებულად არ იცვლება არც შინაარსობრივი მხარე, პროგრამები ჩვენს გვერდზე დევს“, - აღნიშნა გორგოძემ.