მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„სკოლაში ბავშვს გარდა იმ პირბადისა, რომელიც უკეთია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათადარიგო პირბადეც,“ - მარი მალაზონია
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მშობლებს უსაფრთხოების ის წესები გააცნო, რომელიც ბავშვმა სკოლაში პირბადის ტარებისას უნდა დაიცვას:
„როდესაც ჩვენ ბავშვს ვუშვებთ სკოლის გარემოში, სადაც ყველაზე მცირე ასაკის ბავშვსაც კი პირბადე მოეთხოვება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სათადარიგო პირბადეც, გარდა იმ პირბადისა, რომელიც უკეთია. ბავშვს შეიძლება დაუსველდეს პირბადე, გაოფლიანდეს, პირბადის ეფექტიანობა დაიკარგოს, არასწორად მოიხმაროს.“
მარი მალაზონიას თქმით, ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური სათავსო პირბადეებისთვის:
„ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ მან არასწორი პოზიცია მოუძებნა პირბადეს, ჩამოუვარდა პირბადე, ის უნდა გამოცვალოს. შევთანხმდით, რომ გვაქვს სათადარიგო პირბადეები. ამ პირბადეებისთვის აუცილებლად უნდა გვქონდეს სათავსო. სათავსო არ ნიშნავს, რომ ყუთი უნდა გვქონდეს ან უჯრა. ამისთვის უნდა გვქონდეს თუნდაც ერთჯერადი უსაფრთხო პაკეტები, საიდანაც ბავშვი შეძლებს მხოლოდ საყურეზე ხელის მოკიდებით ამოაცუროს და გამოიყენოს ნიღაბი.“
„პირბადე ბავშვმა ყველაზე უსაფრთხო ზონაში უნდა გამოიცვალოს. თუ მეგობრები ერთად არიან და ბევრ მათგანს ერთდროულად უწევს პირბადის მოხსნა, ეს რისკის შემცველი ზონაა. განმარტოვებული, შედარებით განიავებადი სივრცე არის სასურველი. ბავშვმა პირბადე შეიძლება გამოიცვალოს ფანჯარასთან ახლოს. ბავშვი დაბინძურებულ და სუფთა პირბადესაც მხოლოდ ყურებზე ეხება,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.