მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„ბავშვმა „მინდასა“ და „უნდას“ შორის განსხვავება უკვე 7 წლის ასაკში უნდა იცოდეს,“ - თამარ გაგოშიძე
თამარ გაგოშიძემ ბავშვებში სიზარმაცის პრობლემის და მისი დაძლევის მეთოდებზე ისაუბრა. მან სიზარმაცის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:
„სიზარმაცე აბსტრაქტული ტერმინია. რა არის სიზარმაცე? როდესაც ცდილობ, რომ აუცილებელი გასაკეთებელი არ გააკეთო, თავი აარიდო ან გადაწიო. რისი შედეგია ე.წ. სიზარმაცე? 14 წლის ასაკში არის უკვე გვიანი ბავშვის ინტერესების გაღვიძება. ექვსი წლის ბავშვი, რომ რაღაცებს გეკითხება, ცნობისმოყვარე რომ არის, შენ რომ არ გცალია, კითხვებზე პასუხს რომ არ აძლევ და შენი საქმეებით ხარ დაკავებული, ეს ცნობისმოყვარეობა მერე ქრება. ცნობისმოყვარეობა გადადის მერე შრომისმოყვარეობაში. მასწავლებელიც და მშობელიც ამ გადასვლას აბრკოლებს ძალიან ხშირად, იმიტომ, რომ არ სცალიათ.“
თამარ გაგოშიძემ ხაზი გაუსვა ბავშვთან დისკუსიის მნიშვნელობას:
„ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენს თავს, ძალიან ხშირად ხომ არ ვაიძულებთ ბავშვს, რომ აუცილებლად ეს გააკეთოს. ბუნებრივია, რომ ვაიძულებთ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ მოგვიწევს დისკუსია, რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა. 6-7 წლის ასაკში ეს ასე არ არის, თუმცა 14 წლის ბავშვთან დისკუსია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად მოსულან ჩემთან მშობლები და უთქვამთ: „ბავშვს ვეუბნები, რომ აი, ის მენაგვე იქნები.“ არაფრით არ შეიძლება ამის თქმა. რას ნიშნავს, მენაგვე იქნები?! მენაგვე ადამიანი არ არის, პერსონა არ არის და საქმე არ არის მენაგვეობა?! ასეთი ტიპის ტექსტები, რომ შენ თუ არ ისწავლე, არ იქნები ისეთი, როგორიც მე მინდა, არის მიუღებელი სტრატეგია. ბავშვი გრძნობს, რომ ეს არ არის სწორი და უბრალოდ ლოზუნგია მშობლის მხრიდან.“
თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია შვილების ინტერესები აღმოაჩინონ და თავადაც დაინტერესდნენ იმით, რაც ბავშვს აინტერესებს:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოვაჩინოთ ჩვენი შვილის ინტერესი. ჩვენ უნდა დავინტერესდეთ, რა თამაშებით თამაშობს ჩვენი შვილი და ერთხელ მაინც მასთან ერთად ვითამაშოთ ეს თამაში. თუ თამაში მძიმე და აგრესიულია, მარტო აკრძალვა არ უშველის. ამ შემთხვევაში დისკუსია აუცილებელია. დისკუსიაში უნდა გამოიწვიო ბავშვი, რომ აუხსნა რატომ არის მნიშვნელოვანი მან განახორციელოს „უნდას“ შესაბამისი აქტივობა. ბავშვმა „მინდასა“ და „უნდას“ შორის განსხვავება უკვე 7 წლის ასაკში უნდა იცოდეს. ზუსტად მაშინ არის კრიტიკული პერიოდი, 14 წელიც არის კრიტიკული პერიოდი. ამ ასაკშიც ბავშვს სიამოვნება უნდა, ისევე როგორც, 6-7 წლის ასაკში."
„ჩვენი სკოლები იმისთვის არის, რომ უსიამოვნება მიანიჭონ და ვისაც სწავლა უყვარს, იმასაც გადააყვარონ. მშობელი რას ეუბნება შვილს? „შენ თუ ისწავლი, გექნება ბევრი ფული.“ ძალიან არამყარი არგუმენტია, მინდა გითხრათ. რაც უფრო არ ისწავლი, უფრო მეტი ფული გექნება ხანდახან ჩვენს ქვეყანაში. სწავლისთვის სწავლა, პროცესისგან სიამოვნების მიღება? აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული: ყოფნა თუ ფლობა? ჩვენ ფლობის რეჟიმში ვართ სულ,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ რადიო იმედის ეთერში ისაუბრა.