მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებაა
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა. აღნიშნული დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.
დადგენილების თანახმად, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს), რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე წარადგენენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებულ მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 30 ივნისამდე წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება, ასევე იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დადებითად შეუფასდათ გარე დაკვირვება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა, მიენიჭებათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. აღნიშნულ პირებზე არ გავრცელდება ამ სქემის მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
დოკუმენტის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე დაადასტურებს ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენცია 10-10 კრედიტქულაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორივე გამოცდის (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის) ნაწილობრივი დადასტურებისა (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, უფლება ექნება, დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა.
დადგენილების მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც დაწყებულია მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის მოპოვების/მინიჭების მიზნით, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის №390 დადგენილების ამოქმედებამდე უნდა დასრულდეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ურთიერთობა სხვაგვარად არ რეგულირდება, ამავე დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული მოთხოვნებით.