მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
,,არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს სწავლის დაწყებას'' - ამირან გამყრელიძე
,,თუ ჩვენ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის სწავლის დაწყებას'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, შესაძლებელია, მეორე ტალღა აღარ იყოს:
„თუ ყველა დავიცავთ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, დიდი ალბათობით, მეორე ტალღაში, შეიძლება, არ შევიდეთ. აქამდე ქართველებს დამყოლობა ჰქონდა ძალიან კარგი, ამ 3-4 თვის განმავლობაში, ამიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, სწორედ ამიტომ არის ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებლი შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით ამ ერთობლივ მონაპოვარს და „ავიშვით“, მაშინ ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი არსებობს. ეპიდსიტუაციის მიხედვით გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება თუ არა. თხოვნა მაქვს, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.