მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„ასეთი საშინაო კითხვა უნდა იყოს ოჯახური ცხოვრების თანამგზავრი,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვისთვის წიგნის შეყვარების გზებსა და მეთოდებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი დაბადებიდან წიგნების გარემოცვაში უნდა იყოს:
„ბავშვმა წიგნი უნდა დაინახოს დაბადების პირველი დღიდან. სახლში უნდა იყოს წიგნების კარადა, თაროები, სადაც წიგნები აწყვია. უნდა ხედავდეს ბავშვი, როდესაც იზრდება, რომ მამამ წიგნი აიღო ხელში, განმარტოვდა, კითხულობს, დედას წიგნი უჭირავს, ბებიასაც წიგნი აქვს. მკითხველი ხალხი უნდა დაინახოს ბავშვმა. მერე დედა დაუჯდება, ზღაპარს წაუკითხავს, ლექსებს წაუკითხავს, ასევე ბებიაც, მამაც. მე მესმის ხშირად, რომ ბავშვს ეუბნებიან: „ხომ იცი კითხვა, წადი და წაიკითხე!“ არ შეიძლება ასე, ჩემო ძვირფასებო. ბავშვმა კითხვა კი იცის, მაგრამ მეოთხე-მეხუთე კლასამდე ბავშვებს უყვართ, როდესაც უფროსები უკითხავენ მათ.“
შალვა ამონაშვილმა საოჯახო კითხვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მშობლებს ურჩია ოჯახში ერთად კვირაში ერთხელ მაინც იკითხონ:
„მახსოვს ჩემი მეუღლე დაჯდებოდა კიბის საფეხურზე, შემოუსხდებოდნენ სოფლის ბავშვები, შვილიშვილები, კითხულობდნენ მთელი გატაცებით, იცინოდნენ. ხალისობდნენ. ამას დავარქვათ საშინაო კითხვა. როგორც ადრე „ვეფხისტყაოსანს“ კითხულობდნენ და შემოუსხდებოდნენ ხოლმე. ასეთი საშინაო კითხვა კვირაში ერთხელ რა გაგვიჭირდა, რომ არ გვქონდეს ოჯახში?! ვკითხულობდეთ ილიას, აკაკის, ვაჟას, ვკითხულობდეთ საუკეთესო პოეტებს, მწერლებს. ეს უნდა იყოს თანამგზავრი ოჯახური ცხოვრების. ბავშვი გახდება 12-15 წლის და იტყვის: „მე თვითონ წავიკითხავ.“ თვითონ დაიწყებს კითხვას.“
„ჩემო ძვირფასო ლიტერატურის მასწავლებლებო, არ შეიძლება ასე, რომ ბავშვი გამოიძახო კლასში და უთხრა: „აბა, მომიყევი პირველი თავი.“ არ შეიძლება ასეთი გაკვეთილებით ბავშვს წიგნი შევაყვაროთ. ლიტერატურის მასწავლებელმა უნდა გაიგოს, რომ მისი ლიტერატურა არ არის საგანი, ეს არის ბავშვის განვითარების, მსოფლმხედველობის, აღზრდის ძალა და ღერძი,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.