„მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. დიდ თეორიულ წიაღსვლებს რომ არ მივეცეთ, რაც ბევრი ადამიანისთვის გაუგებარიც არის და მოსაწყენიც, თქვენი საჯარო მომართვის პასუხად მოკლედ გეტყვით:
1. ვწუხვარ, რომ გული დაგწყვიტეთ - ახლაც ვგულშემატკივრობ იმას, რაც მომწონს ახალი სკოლის ფარგლებში და თავადაც აღნიშნეთ, რომ რამდენიმე რადიოგადაცემაც მივუძღვენი და ჟურნალ „სკოლის მართვის“ მთელი ნომერიც. თუმცა „გულშემატკივრობა“ მუდმივად (და - არც არასდროს) ბრმა აღტაცებას არ ნიშნავს. „მოყვარეს პირში უძრახეო“, ნათქვამია. საერთო საქმის წარმატებაზე ორიენტაცია სჯობს სხვაგვარს.
2. ჩემს, როგორც ბრძანებთ, „გულსა და გონებამდე“ ახალი სკოლის პედაგოგიკის არსმა (რომელშიც პრინციპულად ახალი მაინცდამაინც არაფერი არ არის - მისი ცალკეული ელემენტები, ცხადია, აქამდეც დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი) როგორღაც მოაღწია, მაგრამ ზოგიერთი რამ არ მომწონს და ეს საჯაროდ გამოვხატე. არავისგან ვკითხულობ, ამის უფლება მაქვს თუ არა. კრიტიკული ხედვა, რომელიც ამ „ახალ სკოლაშიც“ საკმარისად აქცენტირებულია და სკოლებში მის დანერგვასაც მართებულად გეგმავთ, მტრობად არ უნდა წარმოიდგინოთ და თავადაც მიიღოთ. მთლად ასე შეუმცდარადაც ნუ წარმოიდგენთ ვინმეს - საკუთარი თავის ჩათვლით (ობიექტურობისთვის მეც მაგ ნავში ჩავჯდები თქვენთან ერთად).
3. ის, რომ ცნებას თავისი სიღრმე და მრავალი განზომილება აქვს, ზედმეტად ასახსნელი არ არის. არც ის არის მიუღწეველი ჭეშმარიტება, რომ მოსწავლემ უბრალოდ მნიშვნელობები კი არ უნდა დაიზუთხოს, არამედ არა ერთი აქტიური ქმედებით საკუთარ გამოცდილებად აქციოს. ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ როცა ასეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას მიხსნით, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ხსენებულის საპირისპიროს ჩემს პოსტში არაფერს ვამბობ - ცოტა მეტი დაკვირვება და, ეს შეიძლება მოულოდნელად ნათელიც კი გახდეს. ე.წ. „სამიზნე ცნებები“, რომლებიც „ახალი სკოლის მოდელის“ ცენტრში დააყენეთ, სწორედ სიტყვებია („კომპოზიციაც“ სიტყვაა) და ასევე ესმით თქვენს „ქოუჩებსაც“ და ამ ახალი კულტურის სხვა დამნერგავებსაც. მაინც განვმარტავ: როდესაც „სიტყვას“ ვახსენებ, მისი მნიშვნელობის გამოვლინების ყველა შესაძლო განზომილებას ვგულისხმობ. ასევე მიგანიშნებთ, რომ ფრაზა სულ სხვა (და - უფრო მნიშვნელოვანი) რამ არის და ეს სადავო არავისთვის უნდა იყოს.
4. უკვე არა ერთხელ მიუთითებიათ, რომ არსებობს საზოგადოებასთან, კერძოდ სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრი ტრენინგი ჩატარდა, სკოლის ხელმძღვანელები და მასწავლებლები მუდმივად აცხადებენ, რომ დანერგვის კულტურის სერიოზული პრობლემა ჩანს - ადამიანებს მაინცდამაინც არ ესმით, რას და რა გზებით ნერგავენ. ამაში შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ უამრავი მასწავლებლის გამოხმაურებით, რომლებიც მათ ჩემს მცირე პოსტს დაურთეს.
5. ასევე მიგანიშნეს პირადად თქვენ და სხვებსაც, რომ უკიდურესად რთული ენით ლაპარაკობთ და ხშირია აღქმისა თუ გაგების ნეგატიური პრეცედენტები. როდესაც რაღაცას, მითუმეტეს - „ახალს“ და ასეთ მნიშვნელოვანს, ნერგავთ, ყველაფერი მაქსიმალურად სადად, გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ უნდა განმარტოთ და აუხსნათ მთავარ „მოქმედ პირებს“ - მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელებს (დავამატებ: საკუთარ თანამშრომლებსა და ე.წ. „ქოუჩებსაც“, რომლებიც ერთმანეთის გამომრიცხავი მსჯელობებით გვამახსოვრებენ თავს).
6. მოსწავლემ რაც უნდა „გემო გაუსინჯოს“ ლექსს (ამას ასე არასდროს დავწერდი) და „კონსტრუირებული ცოდნა ცნობიერების ღრმა შრეებში ფესვიანდებოდეს“ (არც ამას დავწერდი ასე, თუმცა, როგორც ჩემი და თქვენი საყვარელი ფრანგები ამბობენ: „სტილი ადამიანია“), თქვენგან ნახსენები სამიზნე ცნება „კომპოზიცია“ მაინც ვერ უპასუხებს სრულად იმ კითხვებს, რომლებიც ჩამოთვალეთ: „რა ქმნის ლექსს ლექსად? რა აქვს საერთო ლექსებს? რა არსებითი მახასიათებლები აქვთ მათ? როგორია ტექსტი, რომელსაც ლექსს ვუწოდებთ? რატომ ჰქვია ამ ტექსტს ლექსი? რა განაპირობებს ლექსის მთლიანობას? რა განაპირობებს ლექსის მიმზიდველობას?“ ბევრი სხვა კითხვაც შეიძლება დასვას მასწავლებელმაც და მოსწავლემაც - ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავთ და ვერ უკარნახებთ, როგორი პასუხები და რა გზებით შეიძლება გასცენ.
7. კითხვაზე, რატომ სვამთ ჩარჩოში მასწავლებლებს, თქვენ უპასუხებთ: „აი, რას ვიტყვი ამის თაობაზე: ოსტატობას წინ უძღვის შეგირდობის პერიოდი, რომელიც ეფუძნება საკმაოდ ხანგრძლივ პრაქტიკულ გამოცდილებას. მასწავლებელს, რომელმაც არ იცის, როგორ უზრუნველყოს მოსწავლეში ცოდნის კონსტრუირება, ანუ არ იცის, როგორ დააფუძნოს თავისი პრაქტიკა ხუთ ძირეულ საგანმანათლებლო პრინციპზე, შეგირდობის პერიოდი აქვს გასავლელი. ამ პერიოდში მას საუკეთესო მეგზურობას გაუწევს ახალი სკოლის მოდელის პედაგოგიკა. როცა მასწავლებელი, ამ მოდელით მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ჩაწვდება ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული პედაგოგიკის არსს, ის უკვე თავადაც გახდება ოსტატი, თავადაც შეძლებს ცოდნის „მყარი შენობის აგებას“ და ამის შემდეგ თვითონვე შეიმუშავებს მოდელს თავისი პრაქტიკისთვის. ზემოხსენებული ფუნდამენტური პედაგოგიკური პრინციპების დანერგვა-გაცნობიერება მხოლოდ ამ პრინციპების შემცველი პრაქტიკითაა შესაძლებელი.“ სწორედ ეს არის თქვენი პრინციპული განწყობა და სხვა შეცდომათა წყაროც. თქვენ თავი მიგაჩნიათ „მოძღვრად“, ხოლო მასწავლებლები - „შეგირდებად“, რომლებსაც წინ ნათელი გზები უნდა დაუგოთ და შემდეგ თავადაც შეძლებენ რაღაცის გაკეთებას - ოღონდ ახლა არა! ალბათ - ბუნდოვან მომავალში. ეს დამოკიდებულება ყველგან ჩანს: საჯარო გამოსვლებისას, ტრენინგებზე, ონლაინ შეხვედრებზე, სახელმძღვანელოთა შერჩევის პროცესშიც კი. სწავლა, ბუნებრივია, ყოველთვის შეიძლება, აუცილებელიც არის და, რომ იტყვიან, „სიბერემდეა“, მაგრამ თქვენ უნდა საუბრობდეთ არა „შეგირდებზე“, არამედ თანამოაზრეთა შემოკრება უნდა გქონდეთ მიზნად. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, პედაგოგის შემოქმედებითი პოტენციალის მუდმივი დაპროგრამება და გაუთავებელი კარნახი, რა და როგორ უნდა გააკეთოს, სრულიად მიუღებელია. დასახეთ ამოცანები, იქნებ მასწავლებელმა პრობლემის უკეთესი გადაწყვეტა მოიფიქროს, ვიდრე ის, რომელსაც უალტერნატივოდ სთავაზობთ და პირდაპირაც აძალებთ?
8. რაც უნდა უარყოთ, სასწავლო პროცესის მართებულად წარმართვის მეფე ფრაზაა. ოდენ აზრი ასწავლის, დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ მისთვის და მასთან ერთად მოქმედებს.
9. დაეხმარეთ, მაგრამ მასწავლებელს არჩევანი დაუტოვეთ, ქალბატონო თამარ.
ნება მომეცით, დაგარწმუნოთ ჩემს კეთილგანწყობასა და პატივისცემაში - მიუხედავად კამათისა თუ გაუგებრობისა, ვიცი და მწამს, რომ კეთილი განზრახვები გვაქვს და ერთ საერთო საქმეს ვემსახურებით“, - წერს გია მურღულია.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„ბავშვი წიგნს ისე აღიქვამს, როგორც შენ მიაწვდი. ამ გზაზე ის ან ბედნიერია, ან უბედური, გააჩნია ვინ შეხვდება, როგორი მშობელი, მასწავლებელი,“ - გია მურღულია
გია მურღულია გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაღვიძების შესახებ საუბრობს:
„ბავშვი წიგნს ისე აღიქვამს, როგორც შენ მიაწვდი. ძალიან ცოტანი არიან ისეთები, რომლებით თვითონ პოულობენ საკუთარ თავს წიგნში და წიგნს საკუთარ თავში. ძალიან ბევრს, ცხადია, სჭირდება გზის გაკვალვა. ბავშვი ან უბედურია, ან ბედნიერი, გააჩნია ვინ შეხვდება, როგორი მშობელი, მასწავლებელი.“
გია მურღულია მშობლებს ურჩევს შვილებისთვის მეტი დრო გამონახონ და მათ მიმართ ყურადღება გამოიჩინონ:
„არ დაიშუროთ დრო თქვენი შვილებისთვის, მე ვისთანაც მისაუბრია ჩემს მოსწავლეებთან, ათიდან ცხრას უთქვამს, რომ მას აკლია მშობელთან ურთიერთობა. ლიტერატურაზე როდესაც ვსაუბრობთ, იცით, რომ გამოკითხვები ტარდება მთელს მსოფლიოში. ერთი წლის წინ 70 ქვეყანაში ჩატარდა გამოკითხვა, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ტარდება. ინტერესდებიან, როგორ ესმით ბავშვებს ის, რასაც კითხულობენ, რამდენად შეუძლია ბავშვს გაიაზროს ის, რასაც კითხულობს. ჩვენ ვართ მუდმივად ბოლო ათეულში. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მჯერა ეს მთელი შეგნებით, ფაქტია, რომ ბოლო ათეულში ვართ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მეხუთედ მივიღეთ მონაწილეობა, წინსვლა კი არ გვაქვს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ წინ წავიდეთ. კვლევის შედეგებს რეკომენდაციები დაურთეს. ერთ-ერთი ფრაზა ასეთი იყო, რომ იმ ოჯახებში, სადაც არის წიგნის კულტი, სადაც მდიდარი ბიბლიოთეკაა, სადაც მშობლები ერთმანეთთან წიგნებზე ლაპარაკობენ, ბავშვს შეუძლია დაინახოს მამა, რომელიც წიგნს კითხულობს, ბავშვებს აქვთ ხარისხობრივად უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე სხვა ბავშვებს. მე ბევრ ისეთ მშობელს ვხედავ, რომლებიც პასუხისმგებლობას სკოლებს აკისრებენ, განსაკუთრებით ეს ეხება კერძო სკოლას. მშობელი მოდის და გეუბნება, მე მოგიყვანე შენ ბავშვი და შენ ხარ პასუხისმგებელი მასზე, მე თავისუფალი ვარ, არ შემაწუხო.“
„როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? ამის პანაცეა არ არსებობს. ამ გზაზე ბევრი მარცხი მინახავს. მთავარი მე მაინც მოტივაცია მგონია, როგორც ყველა სხვა საქმეში. თუ ინტერესი იბადება, ადამიანი აკეთებს საქმეს, თუ არ იბადება, არ აკეთებს, ან აკეთებს ცუდად. მთავარი კითხვა ეს არის, როგორ უნდა დაბადო ინტერესი. პირველ რიგში ბავშვს უნდა დაანახო, რას ნიშნავს თხრობის კულტურა. მწერლობა არის თხრობა, მოკლედ რომ ვთქვათ. თხრობის კულტურა როგორ იბადება? ფაქტის ინტერესით. მეორე არის განვითარების ინტერესი. ნესტანი რომ ეუბნება ტარიელს, წადი და მოჰკალი ხვარაზმშას შვილიო, შენ უნდა დააინტერესო ბავშვი, უთხრა, ნახე ახლა რას ეტყვის ნესტანი, როდესაც ქაჯეთის ციხიდან ფატმანს მოსწერს წერილს, ამ გადაწყვეტილებას დააბრალებს ყველაფერს. მესამე არის ხასიათის ინტერესი, როგორ ვლინდება პერსონაჟის ხასიათი. მეოთხე არის კონფლიქტის ინტერესი, ხელოვნება არ არსებობს კონფლიქტის გარეშე. ადამიანებს აინტერესებთ, როგორ დამთავრდება კონფლიქტი, მოსწონთ იდუმალება. შემდეგი არის მიზნობრივი გამეორების ინტერესი. ხშირად მე ბავშვებს ვეკითხები ხოლმე, რა წავიკითხო, რომ გავიგო თქვენ რა მოგწონთ-მეთქი. მაშინვე ახმაურდებიან ბავშვები და მეუბნებიან, ვინ რას კითხულობს,“ - აღნიშნა გია მურღულიამ.