Baby Bag

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ უჩვეულოდ დიდი ზომის ტყავის ფეხსაცმელი შეკერა. მისი თქმით, ადამიანები სოციალურ დისტანციას ნაკლებად იცავენ, რაც მას სერიოზულ პრობლემად მიაჩნია. მეწაღე თვლის, რომ მის მიერ შექმნილი 75 ზომა ფეხსაცმელი მოქალაქეებს დისტანციის დაცვაში ძალიან დაეხმარება. გრეგორ ლაპი 39 წელია მეწაღედ მუშაობს. მის მაღაზიაში ძირითადად სასცენო ფეხსაცმელი იყიდება, რომელიც მოცეკვავეებისა და მსახიობთა დასების შეკვეთით მზადდება. მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდა, გრეგორის ბიზნესმა სერიოზული დარტყმა მიიღო.

რუმინელი მეწაღე ადამიანების უპასუხისმგებლო ქმედებებს აკრიტიკებს და თვლის, რომ სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვანია. „ქუჩაში წესებს არავინ იცავს, ამის შემჩნევა ძალიან მარტივია. ერთ დღეს მაღაზიაში გავედი, რომ ჩემი ბაღისთვის მცენარეების თესლები შემეძინა. იქ ბევრი ხალხი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ყველა ერთმანეთის ახლოს იდგა. ადამიანები ჩემს შეკერილ ფეხსაცმელს რომ ატარებდნენ, დისტანციის დაცვა გაუმარტივდებოდათ,“ - აცხადებს გრეგორი.

მეწაღის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი ევროპული სტანდარტით 75 ზომაა, მისი ღირებულება კი 115 $-ია. გრეგორის თქმით, მან უკვე 5 შეკვეთა მიიღო.

სოციალურ ქსელებში ახალი სტილის ფეხსაცმელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთ მომხარებელს გრეგორის იდეა ძალიან მოეწონა, ზოგი კი ფეხსაცმლის დანახვამ ძალიან გაამხიარულა. „აბსურდული და ბრწყინვალე“ - ასე დაახასიათეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გრეგორის მიერ შექმნილი ტრენდული ფეხსაცმელები.

მომზადებულია Independent.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი...“

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი...“

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი.


რატომ? მოგახსენებთ:


კითხვის სწავლების დროს მთავარი ფოკუსი მიმართულია სიტყვის დეკოდირებისკენ. რაც გულისხმობს ცალკეული, შესწავლილი ასოების ჯერ გახსენებას, შემდეგ მარცვლად ქცევას, გამთლიანებას (სინთეზს) და ბოლოს, ამოკითხული ბგერებით სიტყვის გააზრებას, თუ რა წაიკითხა.
რთულია, არა?


რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, რამდენ ოპერაციას ასრულებს ერთი სიტყვის წაკითხვის (გაშიფვრის) დროს ბავშვის ტვინი. 


ამიტომ იძაბებიან ისინი, კითხვის დროს - აქნევენ ფეხებს, სხეულს ამოძრავებენ სხვადასხვა მიმართულებით, სუნთქვა უჩქარდებათ, ძალას ატანენ ნერწყვის ყლაპვას და ა. შ. თითქოს ამით ტვინს აიძულებენ ამ რთული პროცესის დაძლევაში დახმარებას.


ამას დამატებული ჩვენი მკაცრი ტონით ნათქვამი: 


„გააჩერე ფეხები!“ 

„წესიერად დაჯექი და ნუ ცქმუტავ!“

„არ მომწონს, თავიდან!“


ამ დროს ირთვება დაზეპირების მექანიზმი და ბავშვის გონება სწრაფად იმახსოვრებს წინადადების პირველი სიტყვის ლოგოგრაფიულ ხატს. 


წაიკითხავს პირველ სიტყვას ( მისთვის სიმბოლოს) და მაშინვე ჩაარაკრაკებს დანარჩენს. ჩვენ კი კმაყოფილნი იმით, რომ ბავშვმა სხაპასხუპით წაგვიკითხა გაკვეთილი, გვგონია, რომ საქმე გადასარევად გვაქვს და პრობლემას ვერ ვხედავთ.


ახლა წარმოიდგინეთ მოთხრობა, დატვირთული უცხო, ძირითადად აგრარული ლექსიკით, რომელიც ცალკე განმარტებას ითხოვს და ურთულებს პირველკლასელს ტექსტის გააზრებას. 


მეტყვით, რა, არ უნდა იცოდეს ბავშვმა რა არის გუთანი, ჯარა, გობი, თითისტარი?


ცხადია, ეს სიტყვები უნდა ვასწავლოთ, მაგრამ არა პირველკლასელებს, კითხვის სწავლებისას, არამედ მეორე, მესამე კლასში გავუმდიდროთ ლექსიკა ქართული ძარღვიანი სიტყვებითა და გამოთქმებით. ამ დროს, მერწმუნეთ, უფრო ეფექტურიცაა, რადგან 7-8 წლის ასაკის ბავშვი თვითონვე ხვდება კონტექსტში ბევრი სიტყვის მნიშვნელობას. ჩვენი ახსნით კიდევ უფრო გავუმყარებთ ცოდნას.


სიტყვებისა და ფრაზების განმარტება იქით იყოს და ტექსტის ავთენტურობაზეც მოგახსენებთ. ყველასთვის საყვარელ, ერთი შეხედვით, სახალისო „თხა და გიგოზე“ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.


1. „გამოვიდა გიგო სოფლის მოედანზე, ჩამოჯდა კუნძზე“...


თითქოს ყველა სიტყვა ნაცნობია ბავშვებისთვის. მაგრამ ტექსტის კითხვის დროს მასწავლებელმა აუცილებლად უნდა განუმარტოს მოსწავლებს „სოფლის მოედანი“, რომლის მნიშვნელობა თვით სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა აღარ იციან, მგონი. :)ქალაქელებისთვის კი მოედანი ხელოვნურსაფარიან სტადიონთან ასოცირდება. :)


ცხადია, უნდა განუმარტო და ესარის, რომ ამძიმებს ბავშვის აღქმას, რომლის გონებაც სულ სხვა მიმართულებით მუშაობს ამ დროს.


2. „ გამოექანა შორიდან თხა, დაეჯახა რქებით გიგოს...“


და ამ დროს შეწუხებული ბავშვები:


„მაას, სად შეარჭო რქები?“
„თვალში რომ მოხვედროდა?“


ვიცი, რაც გაიფიქრეთ. დიახ, ჩვენც წაგვიკითხეს თავის დროზე და მსგავსი ემოცია არ გამოუწვევია, გავიცინეთ კიდეც, არა? 


ჰოდა, იქნებ ამაზეც დავფიქრდეთ, ახლა რატომ არ ეცინებათ ბავშვებს ამაზე?


3. დაბოლოს, მინდა ფსიქოლოგებს დავუსვა კითხვა:


ნუთუ, გიგოს საქციელში ხედავთ ასაკისთვის შეუფერებელ ქმედებას? 6 წლის ბავშვმა სხვების დასანახად კითხვის იმიტაცია რომ გაითამაშოს, ეს არაბუნებრივია?


მაშ, რისი მომცემია ტექსტი, რომელმაც დაკარგა ის ფუნქცია, რისთვისაც დაიწერა თავის დროზე?


თქვენ ვერ მომიძებნით „დედაენაში“ ვერცერთ სიტყვას, გამოთქმას და მთლიან ტექსტს, რომელიც გოგებაშვილის დროინდელი ბავშვისთვის უცხო იყო. ყველა მოთხრობა, თავისი ლექსიკით პასუხობდა იმდროინდელ მოთხოვნებს და ითვალისწინებდა ბავშვის შესაძლებლობებს.


ზუსტად ამიტომ არის „დედაენა“ შედევრი.


და მე მას, როგორც ქართველი ერის უდიდეს კულტურულ მონაოვარს, აუცილებლად გავაცნობ ჩემს მოსწავლეებს.“ 


აღნიშული პოსტი მასწავლებელმა ნინო მესხორაძე​მ სოციალურ ქსელში ​„დედაენის“ სკოლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. 

ფოტო: ჟურნალი „თბილისელები“

წაიკითხეთ სრულად