Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თავის დამოუკიდებლად დაბანა?

როგორ ვასწავლოთ ბავშვს თავის დამოუკიდებლად დაბანა?

დედებმა კარგად იციან, რომ სანამ ბავშვი პატარაა, მშობლის პასუხისმგებლობაა მას ჩააცვას, გამოკვებოს და მის სისუფთავეზე იზრუნოს. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად ცხადი ხდება, რომ მას ამ ყოველივეს გაკეთება თავისითაც შეუძლია. შვილის დამოუკიდებელი უნარების ჩამოყალიბება დედებს შრომას უმსუბუქებს. პასუხისმგებლობის უნარის ჩამოყალიბება ბავშვის განვითარებისა და ზრდისთვისაც კარგია. ეს მშობელს არწმუნებს, რომ მისი შვილი ვითარდება და იძენს უნარებს, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე დასჭირდება.

ერთ-ერთი ამოცანა, რომელსაც ბავშვმა ასაკის მატებასთან ერთად დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს, თავის დაბანაა. დედები ნერვიულობენ, რამდენად კარგად შეძლებენ ამის გაკეთებას მათი შვილები, რამდენად სრულფასოვნად დიაბანენ თავს და სრულყოფილად მოიშორებენ შამპუნს. ბავშვისთვის თავის დამოუკიდებლად დაბანის სწავლება დედებს რთულ ამოცანად ეჩვენებათ, თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში, ყველაფერი მარტივდება.

ბავშვების განვითარების ტემპი განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი უფრო ადრე ეჩვევა დამოუკიდებლობას, ზოგიერთი კი - გვიან. 8 წლის ასაკიდან ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ პირადი ჰიგიენის პროცედურებში და დედებს თავის დაბანისას ეხმარებიან, თუმცა მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებლად თავის დაბანას 10-12 წლიდან ახერხებს. თუ ოჯახში ბევრი ბავშვია, როგორც წესი, უმცროსები უფრო სწრაფად ითვისებენ იმ უნარებს, რომელთა ასათვისებლად უფროსებს მეტი დრო დასჭირდათ.

მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან და ბავშვს ახალი უნარის ათვისებაში სწორად ეხმარებიან. ამ გზით ბავშვს ასწავლით, როდის რა მოიმოქმედოს. სასარგებლოა ბავშვისთვის სურათების ჩვენება, რომლებზეც ასახულია თავის სწორად დაბანის პროცესი. სავარაუდოდ, თქვენს შვილს აქტიური წვდომა აქვს ინტერნეტთან. ამ შემთხვევაში, ინტერნეტში მოძიებული წყაროების რესურსად გამოყენება შეგიძლიათ. Youtube-ზე ბევრ ვიდეოს ნახავთ, რომელიც თქვენს შვილს თავის სწორად დაბანას ასწავლის. ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვმა შამპუნის სწორად გამოყენება და მისი სრულფასოვნად ჩამობანა ისწავლოს. მშობელი შვილს უნდა დაეხმაროს, რომ თავის დაბანის ყველაზე რთული ეტაპები მან პრაქტიკაში აითვისოს. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მხარი დაუჭიროს ბავშვს, როდესაც ის დამოუკიდებლად იწყებს ამ ამოცანის შესრულებას.

წყარო: ​moms.com

წაიკითხეთ სრულად