Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

5 რამ, რაც ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია

5 რამ, რაც ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მას სახლი, საკვები და ტანისამოსი ჰქონდეს. გაცილებით რთულია იმის გარკვევა, თუ რა ახდენს ყველაზე დადებით ზეგავლენას ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კლინიკური ფსიქოლოგებისა და მედიცინის ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ბავშვს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური სტაბილურობისთვის 5 მნიშვნელოვანი რამ ესაჭიროება.

1. უსაფრთხო ოჯახური გარემო

პოზიტიური და უსაფრთხო ოჯახური ატმოსფერო ბავშვის ემოციურ სტაბილურობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. მშობლების გარკვეული ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ ​უსაფრთხო გარემო მხოლოდ ფიზიკური და ემოციური ძალადობისგან თავისუფალ გარემოს არ გულისხმობს (თუმცა ეს ორი ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია). პოზიტიურ გარემოში ბავშვებს ასწავლიან, როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს ჯანსაღი გზების გამოყენებით. მშობლებმა ბავშვს უნდა შეუქმნან უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი თავისუფლად შეძლებენ საკუთარ პრობლემებზე საუბარს და შიშის გარეშე გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. მშობლებმა შვილებს უნდა მისცენ მაგალითი, როგორ უნდა ისაუბროს ადამიანმა თავის ემოციებსა და გრძნობებზე და როგორ გადალახოს დაბრკოლებები ჯანსაღი გზებით.

2. წინამძღოლობა და დისციპლინა

ბავშვებს მშობლებისა და უფროსების მხრიდან თანმიმდევრული, მუდმივი სწავლება და დისციპლინა ესაჭიროებათ. მათ უნდა იცოდნენ, რომელი სახის ქცევაა მისაღები და მიუღებელი სოციუმში.​ ეს ბავშვს ეხმარება ჩამოიყალიბოს გარკვეული ჩარჩო, რომლის ფარგლებში ის თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობს. მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს, როგორი ნეგატიური გავლენა აქვს ნეგატიურ ქცევას გარშემომყოფებზე. უფროსი და-ძმა და მშობელი ბავშვისთვის უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი ქცევა ითვლება მისაღებად ოჯახში. დისციპლინა ბავშვს სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევაში ეხმარება.

3. რეგულარული თამაში

ბავშვებისთვის თამაში გართობაა, რაც მათ სიხარულს ანიჭებს. გარდა ამისა, თამაშს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მრავალმხრივი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. თამაშის დახმარებით ბავშვები პრობლემის გადაჭრის უნარებს იძენენ, კრეატიულ აზროვნებას სწავლობენ და საკუთარი ქცევის კონტროლსაც ეჩვევიან. წყვილებში თამაში ბავშვს სოციალური უნარების განვითარებას და თანამშრომლობას ასწავლის. ბავშვი ჯგუფში ყოფნას ეჩვევა და ბავშვებთან ჯანსაღ ურთიერთობას სწავლობს.

4. თავდაჯერება

მშობელი ბავშვს თავდაჯერების შეძენაში თუ ეხმარება, ის მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ძალიან დადებით ზეგავლენას ახდენს. თავდაჯერების მატებისთვის მხოლოდ კომპლიმენტების თქმა და ბავშვის შექება საკმარისი არ არის. ​ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა შეაქოთ, როდესაც ის ამას რეალურად იმსახურებს. უმჯობესია, ბავშვი წარმატების მიღწევისთვის შეაქოთ და არა მისი გარეგნობის გამო.

5. უპირობო სიყვარული

უპირობო სიყვარული ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი გრძნობს, რომ ის უყვართ, მას უსაფრთხოების და მიკუთვნებულობის განცდა ეუფლება. ბავშვი აცნობიერებს, რომ ოჯახის წევრების სიყვარული არ არის დამოკიდებული მის მიღწევებზე, გარეგნულ მახასიათებლებსა და უნარებზე. ეს ყოველივე ბავშვს უდიდეს მოტივაციას სძენს. ​ბავშვი ხვდება, რომ შეცდომები და უკუსვლა მის ცხოვრებას საბოლოოდ არ ანგრევს და ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია, რადგან ის უყვართ.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად