Baby Bag

​რა ნიშნებით ვხვდებით, რომ ბავშვი ჰიპერაქტიურია და როგორ დავეხმაროთ სწავლის დროს კონცენტრაციაში?

​რა ნიშნებით ვხვდებით, რომ ბავშვი ჰიპერაქტიურია და როგორ დავეხმაროთ სწავლის დროს კონცენტრაციაში?

რა ნიშნებით ვხვდებით, რომ ბავშვი ჰიპერაქტიურია და როგორ დავეხმაროთ სწავლის დროს კონცენტრაციაში? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა კლინიკური ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი.

- რა არის ნიშნები, რომლითაც ბავშვს შეგვიძლია ჰიპერაქტიური ვუწოდოთ და რამ შეიძლება გამოიწვიოს? 
- ჰიპერაქტივობა, როგორც ამ სიტყვის შინაარსი მიგვითითებს, ნიშნავს ბავშვის ან მოზრდილი ადამიანის მოჭარბებულ აქტივობას, რაც გამოიხატება რიგ ნიშნებში: მოუსვენრობა, მუდმივი მოძრაობა, მშვიდად დაჯდომის ან დადგომის შეუძლებლობა (2-3 წუთითაც კი), კლასში ასეთი ბავშვის გაჩერება მერხთან ძალიან ძნელია, წესების მიყოლის სიძნელეები, ხშირად ვლინდება ჭარბი და ძალიან სწრაფი მეტყველების სახითაც. ამავე დროს, ჰიპერაქტივობა არ უნდა აგვერიოს ისეთ მდგომარეობაში, როგორიცაა ბავშვის აგზნება, რომელსაც როგორც წესი, მკაფიო მიზეზები აქვს, მაგალითად, გადაღლა, სტრესული გამოცდილება, შფოთვა, მედიკამენტის ზემოქმედება და ა.შ. ამ დროებითი მდგომარეობისგან განსხვავებით, ჰიპერაქტივობა ნერვული სისტემის მუდმივი მახასიათებელია. როგორც წესი, ჰიპერაქტივობა არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ნაწილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა მდგომარეობას, ამ სინდრომსაც გააჩნია სიმძიმის სხვადასხვა ხარისხი (მსუბუქი, საშუალო და მძიმე) და სიმპტომების ანუ ჰიპერაქტივობის ნიშნების გამოხატულებაც განსხვავებულია ხარისხის გათვალისწინებით.
მოცემული სინდრომის ერთ კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირება დღევანდელი მონაცემებით შეუძლებელია. თუმცა არის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ ამ მდგომარეობის გენეტიკურ საფუძვლებზე, რაც ხშირად გამოიხატება იმაში, რომ ბავშვის ჰიპერაქტიურობას ოჯახური ისტორია ახლავს. გარდა ამისა, არის მონაცემები, რომ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისგან განსხვავებით, ჰიპერაქტიური ბავშვების ნერვული სისტემის განვითარება განსხვავდება, კერძოდ, შეიძლება იყოს თავის ტვინის გარკვეული უბნების განვითარება და ფუნქციონირება განსხვავებული (ძირითადად შუბლის წილების), ასევე ნეიროქიმიური და ფიზიოლოგიური განსხვავებები (ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი). ზოგიერთი ავტორის მოსაზრებით, ჰიპერაქტიური ნერვული სისტემის ძირითადი მახასიათებელი არის არასაკმარისი აგზნების დონე. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ თავის ტვინი სუსტი აგზნების დონის კომპენსირების მიზნით ახორციელებს ჭარბ და ზედმეტ აქტივობას, მარტივად რომ ვთქვათ, ნერვული სისტემა აიძულებს სხეულს განახორციელოს სხვადასხვა მოქმედებე, რომ არ „ჩამოეძინოს“. არსებობს მოსაზრება, რომ უყურადღებობისა და ჰიპექრაქტივობის სინდრომის მიზეზი შესაძლოა იყოს ტოქსიკურ გარემო ფაქტორებში, კვების თავისებურებში, როგორიცაა სხვადასხვა ალერგენის ჭარბად მიღება და ა.შ.
- განსაკუთრებით რა ასაკში იჩენს ხოლმე თავს?
- ძირითადად მოცემული სინდრომის დიაგნოსტირება 6-12 წლის ასაკში ხდება. მშობლები აღნიშნავენ ხოლმე ჰიპერაქტივობას უფრო ადრეულ ასაკშიც, თუმცა ხშირად, ადრეულ, სკოლამდელ ასაკში ასეთი ქცევა ნაკლებად იქცევს ყურადღებას (თუ მას არ ახლავს ქცევის მართვის სიძნელეები) და მიეწერება სიცელქეს, ასკობრივ თავისებურებებს. ასევე, პატარა ასაკში ნაკლებად არის თვალშისაცემი ბავშვის უყურადღებობაც, რადგან მას არ მოეთხოვება ისეთი სახის აქტივობების შესრულება, სადაც დიდი ხნით კონცენტრაციაა საჭირო.

​- ჰიპერაქტიურ ბავშვებს უჭირთ კონცენტრაცია სწავლის დროს და მობილიზება ყოფით საკითხებში. როგორ დავეხმაროთ?

​- უყურადღებობისა და ჰიპერაქტივობის მქონე ბავშვებს უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, აქვთ ჭარბი მოძრაობის მოთხოვნილება და იმპულსის კონტროლის სიძნელეები. რაც ბუნებრივია, აისახება აკადემიურ მოსწრებაზე, ყოფითი მოქმედებების შესრულებაზე და თვითმომსახურების უნარ-ჩვევების განვითარებაზეც. ასეთ ბავშებს ხშირად სჭირდებათ დახმარება საკუთარი მოქმედებების დაგეგმვაში, ავიწყდებათ ან კარგავენ ნივთებს, უჭირთ მოსმენა და ინსტრუქციების შესრულება, უშვებენ შეცდომებს დავალებების შესულებისას, ხშირად გადადიან ერთი მოქმედებიდან მეორეზე ისე, რომ პირველი არ დაასრულეს, ბევრს ლაპარაკობენ, ეჩრებიან სხვების საუბარში, მოქმედებენ დაუფიქრებლად, უჭირთ რისკის შეფასება.
ვინაიდან აღნიშნული სიძნელეები მომდინარეობს ნერვული სისტემის ფუნქციონირების თავისებურებებიდან, შესაბამისად, დახმარებაც ამ მიმართულებით უნდა უზრუნველვყოთ.
პირველ რიგში, უნდა მოხდეს ბავშვის შეფასება, რომ ზუსტად გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე - ეს უყურადღებობისა და ჰიპერაქტივობის სინდრომია თუ სხვა მდგომარეობა. თუ არის, ხომ არ ახლავს კიდევ სხვა დამამძიმებელი მდგომარეობა (ხშირად ასეთ ბავშვებს აქვთ მომატებული შფოთვა, ქცევითი და ემოციური რეგულაციის პრობლემები, დასწავლის პრობლემები), შევაფასოთ ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეები და დავგეგმოთ ჩარევა ანუ შევიმუშავოთ დახმარების სტრატეგია.
მდგომარეობის ხარისხის გათვალისწინებით, მშობელს მიეწოდება ინფორმაცია, რა სახის დახმარება უნდა გაუწიოს ბავშვს სახლში. თუ ხარისხი გამოხატულია მძიმე, სკოლაში ბავშვს დასჭირდება სპეციალური პედაგოგის ან მასწავლებელის ასისტენტის დახმარება. ზოგადად ამ ბავშვების დახმარებისათვის გამოიყენება სხვადასხვა სახის სავარჯიშოები ყურადღების და იმპულსის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, რაც სრულდება სახლში მშობლის დახმარებით ან შესაბამის სპეციალისტთან თერაპიული ჩარევის ფარგლებში.
ასევე, ერთ-ერთი ხშირი და ეფექტური დახმარების საშუალება არის ნეიროფიდბექი. ამ სახის თერაპიის უპირატესობა არის ის, რომ ნერვულ სისტემას ეძლევა უკუკავშირი საკუთარი აგზნების დონის და აქტივობის შესახებ. ამ უკუკავშირის საფუძველზე ნერვული სისტემა თავად ახერხებს საკუთარი აგზნების ოპტიმალურ დარეგულირებას. მეთოდი არის არაინვაზიური და კომფორტული, ამერიკული პედიატრთა ასოციაცია ამ სახის დახმარებას უწევს რეკომენდაციას.
ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა არის ფარმაკოთერაპია, რაც ხშირად გულისხმობს ე.წ. სტიმულანტების დანიშვნას. საქართველოში ამ ტიპის პრეპარატების დანიშვნა, როგორც წესი არ ხდება, რადგან შესაბამისი დასახელების პრეპარატები არ არის რეგისტრირებული.
- როდის მივმართოთ ექიმს, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სინდრომს ხშირად ახლავს სხვა მდგომარეობებიც. ამიტომაც თუ მშობელს აქვს ეჭვი, მიზანშეწონილია სპეციალისტთან ვიზიტი და ბავშვის შეფასება. იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება ქცევის მართვის გამოხატული პრობლემები, როგორებიცაა: დაუმორჩილებლობა, აგრესიული ქცევა ან ძალიან მაღალი შფოთვა, დეპრესია (უგუნებოდ ყოფნა, ინტერესების დაკარგვა, მოწყენილობა) შესაძლოა ასევე ახლდეს ნერვული ტიკები, ტურეტის სინდრომი, დისლექსია, ზოგჯერ ეპილეფსია. რა საკვირველია, ასეთ შემთხვევაში დროულად უნდა მივმართოთ ექიმს (ბავშვთა ნევროლოგს ან ფსიქიატრს), რომ მოხდეს ბაშვის დროული დიაგნოსტირება, შესაბამისი მედიკამენტების და რეკომენდაციების მიღება.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

როგორ გავუმკლავდეთ შვილის გონებაგაფანტულობას მეცადინეობის დროს - ფსიქოლოგის 7 რჩევა მშობლე...
​მშობლებში გავრცელებული საკითხია შვილების კონცენტრაციის პრობლემა სწავლის დროს, რომელსაც ხშირად ვერ უმკლავდებიან. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული გონებაგაფანტულობა და როგორ მოიქცეს მშობელი ასეთ დროს? ა...