Baby Bag

„თანამედროვე აღზრდაზე ცნობადობის ამაღლება, ყოველდღიურობის გაზიარება, არამხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, არამედ საუბარი იმ რთულ დღეებზეც, რომლის გავლაც გვიწევს ქალებს დედობის გზაზე“ - ინსტაგრამ ბლოგერი დეა შიმშინაშვილი

„თანამედროვე აღზრდაზე ცნობადობის ამაღლება, ყოველდღიურობის გაზიარება, არამხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, არამედ საუბარი იმ რთულ დღეებზეც, რომლის გავლაც გვიწევს ქალებს დედობის გზაზე“ - ინსტაგრამ ბლოგერი დეა შიმშინაშვილი

დეა შიმშინაშვილი მე-3 წელია ინსტაგრამ ბლოგერია, მის ინსტაგრამ გვერდს 14 000-მდე გამომწერი ჰყავს. 2 შვილის დედა თანამედროვე აღზრდის მეთოდებსა და საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებს გამომწერებს. MomsEdu.ge დეას ბლოგზე და სხვა საინტერესო თემეზე ესაუბრა.   

- დეა, თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ...

- მე ვარ დეა შიმშინაშვილი, 25 წლის, სერტიფიცირებული თანამედროვე აღზრდის მეთოდოლოგიაში. მაქვს ინსტაგრამ ბლოგი, რომელიც ეხება ბავშვთა აღზრდა-განვითარებასა და მშობლებისთვის საინტერესო სხვა თემებს. მყავს ორი შვილი, 2 წლის ქეთა და 4 წლის ტატო. ყოველთვის მიყვარდა პატარებთან ურთიერთობა, მუდამ ვიცოდი, რომ ჩემს შვილებს, ჩემი სახით, პირველ რიგში, საუკეთესო მეგობარი ეყოლებოდათ. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, შესაბამისად, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილისთვის, რომ უსმენდეს, პატივს სცემდეს და ემეგობრებოდეს მშობელი.

- როდის დაიწყეთ ინსტაგრამ ბლოგერობა და რამ გადაგაწყვეტინათ?

- 20 წლის ასაკში, როდესაც პირველად გავხდი დედა, დავიწყე ინფორმაციების მოძიება თანამედროვე აღზრდის მეთოდებზე და ასევე მშობლისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. ამ ცოდნას ვუზიარებდი ჩემს მეგობრებს სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე. დროთა განმავლობაში მემატობდნენ უცხო ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით იღებდნენ ჩემგან რჩევებს და გაცემული ცოდნისთვის მადლობას მიხდიდნენ. ეს იყო ჩემთვის უდიდესი მოტივატორი, რამაც გადამაწყვეტინა, შემექმნა ინსტაგრამ ბლოგი, ჩემი ცოდნისთვის სერიოზული სახე მიმეცა. გავიარე სხვადასხვა კურსი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი თანამედროვე აღზრდის მეთოლოდოგიის შესწავლა იყო. ასე შევქმენი ბლოგი, რომელსაც უკვე მესამე წელია ვმართავ და მყავს 14 000-მდე ერთგული გამომწერი.

- რა იყო ბლოგის შექმნის მიზანი?

- ბლოგის შექმნის მიზანი იყო და არის თანამედროვე აღზრდაზე ცნობადობის ამაღლება. ჩემი, როგორც დედის ყოველდღიურობის გაზიარება, არამხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, არამედ საუბარი იმ რთულ დღეებზეც, რომლის გავლაც გვიწევს ქალებს დედობის გზაზე. თანამედროვე აღზრდის სტილმა დაახლოებით 2020 წლიდან აქტიურად დაიწყო სახელის მოხვეჭა. დღეს მშობლებს უამრავი ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ ამ თემაზე, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. 

- ჩვენს მკითხველს ბავშვის აღზრდასათან დაკავშირებულ რომელიმე საინტერესო თემაზე რომ ესაუბროთ: 

- დღეს მინდა გესაუბროთ აღზრდის სტილის 4 ძირითად კლასიფიკაციაზე, თანამედროვე აღზრდის დადებით მხარეებზე და იმაზე, თუ როგორია აღზრდის სტილის გავლენა ბავშვის კოგნიტურ, სოციალურ დაკომუნიკაციურ განვითარებაზე. 

არსებობს აღზრდის 4 ძირითადი ტიპი - ავტორიტარული, ლიბერალური, ინდიფერენტული და ავტორიტეტული:

1) ავტორიტარული სტილი გულისხმობს: ბავშვის მიმართ წაყენებულ მაღალ მოთხოვნებს. ასეთი მშობელი არის ერთპიროვნული, მბრძანებლის როლში: „მე ასე მინდა და ამას გააკეთებ“. ასეთ ოჯახებში ხშირია ბავშვებზე ფიზიკური ძალადობა. ამ სტილით აღზრდილი ბავშვები არიან: ჭირვეულები, ნაკლებად დამოუკიდებლები, აქვთ დაბალი თვითშეფასება, ქცევითი დარღვევები, აკადემიური მოსწრების დაბალი დონე. აქვთ დეფიციტური სოციალური უნარები.

2) ლიბერალური აღზრდის სტილი: მშობელი არის მომთმენი, ბავშვის მიმართ აქვს დაბალი მოთხოვნები, არ ადგენს წესებს, ან ადგენს, რომლებსაც თავად არღვევს, რაც ბავშვს ასწავლის იმას, რომ როგორც ზოგადი წესების, ასევე პირადი საზღვრების დარღვევა ნორმალურია. ასეთ ბავშვებს არ შეუძლიათ წესებზე მიყოლა, არიან ეგოცენტრულები, სირთულეები აქვთ სოციუმში, აქვთ დაბალი თვითშეფასება.

3) ინდიფერენტული - ანუ უყურადღებო მშობელი: მშობელს აქვს ძალიან დაბალი მოთხოვნები და დაბალი მიმღებლობა, ფაქტობრივად, მისთვის ბავშვი არ არსებობს, ეს ნიშნავს ბავშვის სრულიად უარყოფას, მისთვის სულერთია ბავშვის მოთხოვნილებები, არ ერთვება მის ცხოვრებაში. საბედნიეროდ, ძალიან ცოტა ოჯახია ამ სტილის მიმდევარი. ასე აღზრდილი ბავშვები არიან იმპულსურები, არ შეუძლიათ ემოციების მართვა, სოციუმში მიუღებელნი არიან, აქვთ სირთულეები, დაბალი თვითშეფასება, ფსიქიკური პრობლემები და მომავალში ხშირია სუიციდის მცდელობები.

4) ავტორიტეტული აღზრდა - გულისხმობს მშობლის წაყენებულ მაღალ მოთხოვნებს ბავშვის მიმართ. აქვთ გულისხმიერი მიმღებლობა. ასეთი მშობელი დიდ იმედებს ამყარებს ბავშვის მიღწევებზე, მეგობრობენ და უსმენენ საკუთარ შვილებს, აძლევენ მათ მოტივაციას, მხარდაჭერას და ა.შ. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები არიან დამოუკიდებლები, ბედნიერები, კმაყოფილები, აქტიურად მოაზროვნეები, მიზანდასახულები, აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, სოციუმის მიმღებლობა ბავშვის მიმართ არის დადებითი. ხშირად მშობლებისგან მსმენია, რომ ასეთი მიდგომა ათამამებს ბავშვს, რაზეც ვპასუხობ, რომ ბავშვის ინტერების პატივისცემას, მისი დამოუკიდებლობის განვითარებას, ემოციების გამოხატვის შესაძლებლობას, მისი, როგორც ცალკე ინდივიდად აღქმასა და გათამამებას შორის, ძალიან დიდია განსხვავება.

თანამედროვე აღზრდის სტილის მიმღებლობა მშობლებისგან ძალიან დიდია, თუმცა, რა თქმა უნდა, მუდამ იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა. დღეს უამრავი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია უფასოდ, შეგვიძლია გავეცნოთ, შევისწავლოთ და თავად გავაკეთოთ არჩევანი, სწორსა და არასწორს შორის. მინდა მშობლებს არ დაავიწყდეთ ის, რომ აღზრდის სტილი გავლენას ახდენს ბავშვის მომავალზე, მის სწორად განვითარებაზე, ფსიქიკაზე. ბავშვები იბადებიან როგორც სუფთა ფურცლები, თუ რა დაიწერება ამ ფურცლებზე, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი.

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის იხილეთ ინსტაგრამ გვერდი - deamommi.

შეიძლება დაინტერესდეთ