Baby Bag

სტაფილოსფერი აძლიერებს მადას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას... - როგორ უნდა შეარჩიოთ ფერები ბავშვების ოთახში?

სტაფილოსფერი აძლიერებს მადას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას... - როგორ უნდა შეარჩიოთ ფერები ბავშვების ოთახში?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ - ინტერიერის დიზაინერ ნინი ოგანის რეკომენდაციები. გაეცანით რჩევებს სახლის ინტერიერთან დაკავშირებით და არ დაგავიწყდეთ, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

წარმოგიდგენთ მეორე თემას - ფერები ბავშვების ოთახში.

ფსიქოლოგების თქმით, ფერი ჩვენს ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ეს ფაქტი აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვებთან მიმართებაშიც, რადგან ბავშვები უფრო მძაფრად აღიქვამენ გარემოს. ამიტომ ბავშვის ოთახის ფერები ყურადღებით უნდა შევარჩიოთ. 

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ფერის არჩევისას არის ბავშვის ასაკი.

2 წლამდე ბავშვის ოთახის ინტერიერის გაფორმება საჭიროა პასტელურ ფერებში (კრემისფერი, მკრთალი ვარდისფერი, ცისფერი), რადგან ამ პერიოდში ბავშვის ფსიქიკა დაუცვლელია, მხედველობა კი ძალიან მგრძნობიარე, პატარები მძაფრად რეაგირებენ მკვეთრ ფერებსა და ჭრელ ნახატებზე. 

მოზარდებთან კი შეგვიძლია, უფრო მსუყე და ექსპრესიული ტონები გამოვიყენოთ. 

თუმცა აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თითოეული ადამიანი არის ინდივიდი, აქვს განსხვავებული ტემპერამენტი, ხასიათი და ინდივიდუალურად რეაგირებს მოვლენებსა და გარემოზე. 

მაგალითად, თუ ბავშვი ინტროვერტია, ოთახში წითელი ფერის დომინირება მას აქტიურს არ გახდის, პირიქით, ეს დიდ ემოციურ კონფლიქტს შეუწყობს ხელს. ამიტომ კარგად უნდა დავაკვირდეთ ჩვენი შვილების ხასიათს და სწორედ ამის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ოთახის ფერიც. 

განვიხილოთ ძირითადი ფერები და მათი ზემოქმედება:

თეთრი ფერი - წარმატების, სიკეთის და ცხოვრების სიმბოლოა. მას მოაქვს იმედი და ენერგია. დადებით ზეგავლენას ახდენს ინტროვერტ ბავშვებზე, მათი თვითშეფასება მაღლდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ თეთრ ფერს აქვს ცივი ელფერი და შეიძლება, თქვენი ინტერიერი მოსაწყენი და არამყუდრო გახადოს, ამიტომ გამოიყენეთ სხვა ფერებთან ერთად.

ნაცრისფერი - მისი ტონები სხვადასხვანაირად მოქმედებენ ადამიანზე. ცივი ნაცრისფერი ადამიანს თავს აგრძნობინებს იზოლირებულად და ჩაკეტილად, შედარებით თბილი ტონი კი სტაბილურობისა და იმედის გრძნობას იწვევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თუ როგორ ნაცრისფერს შეარჩევთ. 

ყვითელი - ის მოქმედებს ინტელექტუალურ განვითარებაზე, ასტიმულირებს ცნობისმოყვარეობას, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, ასევე აუმჯობესებს ხასიათს და ბავშვი უფრო ადვილად ითვისებს ყველაფერს. 


​მწვანე ოთახი
- მოსასვენებელი სივრცე. მისი ზეგავლენით ბავშვი უფრო ყურადღებიანი ხდება. სწორედ ამიტომ ადრე საწერ მაგიდებს მწვანე ქსოვილს აკრავდნენ და მაგიდის სანათებიც მწვანე იყო.  ამის გარდა, მწვანე გამა კარგ ხასიათზე აყენებს და უძილობას ებრძვის. თუ მაინცდამაინც არ გინდათ მწვანე ფერის კედლები - შეიძინეთ მაქსიმალურად ბევრი მწვანე საგანი - სათამაშოები, წიგნების ყდები, ავეჯი - ყველაფერი, რაც საჭიროა ბავშვისთვის.

წითელი - ენერგიის წყარო, მოტივატორი. წითელი აღაგზნებს ნერვიულ სისტემას. ნაკლებად აქტიური ბავშვები საპირისპიროდ შეიცვლებიან ასეთ სივრცეში. თუცა სჯობია ამ ფერის გამოყენება მხოლოდ დეტალებში, რადგან დიდი რაოდენობით წითელი ფერი ბავშვებში თავის ტკივილსა და ემოციურ გადაღლილობას იწვევს.  

სტაფილოსფერი - თბილი, მხიარული და ენერგიული ფერი. ის შეიცავს წითელი ფერის ყველა დადებით მხარეს, თუმცა მისგან განსხვავებით ნაკლებად აგრესიულია. ის ყოველთვის ამყოფებს ბავშვს ტონუსში. ოთახში ამ ფერის დომინირება ოპტიმისტურ განწყობას ქმნის. ასევე აძლიერებს მადას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. თუმცა არ შეიძლება მისი გადაჭარბებულად გამოყენება, რადგან ამან შეიძლება უკუშედეგი გამოიწვიოს. 

ვარდისფერი - ამ ფერის სითბო აქრობს ნეგატივს. ვარდისფერს გადავყავართ სხვა განზომილებაში, სადაც ყველაფერი კარგად არის, სადაც უფრო ზღაპარია, ვიდრე რეალური ცხოვრება. თუ გინდათ, რომ თქვენი ბავშვი იყოს ლიდერი ცხოვრებაში, სჯობს ეს ფერი დიდი რაოდენობით არ გამოიყენოთ. შეგიძლიათ შეახამოთ თბილ ნაცრისფერთან, რომ ის ზღაპრული ხასიათი გაწონასწორდეს ცხოვრებისეულ სიდინჯესა და რეალისტობასთან.

ლურჯი - ბავშვის ოთახი როგორც საძილე, ასევე სათამაშო და სამეცადინო ზონას შეიცავს, ამიტომ ლურჯი ფერი არაა რეკომენდებული, რადგან ის ადუნებს. მის ზემოქმედებით ბავშვი უფრო მალე იგრძნობს დაღლილობას, ამიტომ გამოიყენეთ ეს ფერი საძილე ზონაში ფრაგმენტულად: ბავშვის ხალათი, საბანი, პიჟამო.

და ბოლოს, ბავშვის ოთახის გაფორმებისას მოარიდეთ თავი მკვეთრი ფერების დიდი რაოდენობით გამოყენებას. ღია ფერები ალაღებენ ოთახის ინტერიერს და მის მფლობელს. ასეთი ატმოსფერო ბავშვის განვითარებასა და მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა - გამოიყენეთ რძისფერი (სპილოს ძვლის ფერი) როგორც ბაზისი, და შემდგომ დაუმატეთ აქცენტები იმ ფერებში, რომლებიც თქვენთვის და თქვენი ბავშვის ხასიათისთვის ყველაზე შესაფერისი იქნება.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დე​დების ჯგუფი“)