Baby Bag

„გვითხრეს ბავშვს სახლში აცადეთ მშვიდად სიკვდილიო და გამოგვიშვეს... ნიკას გადარჩენის შანსი 1 პროცენტი იყო,“- ნათია გელაშვილი შვილის სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ

„გვითხრეს ბავშვს სახლში აცადეთ მშვიდად სიკვდილიო და გამოგვიშვეს... ნიკას გადარჩენის შანსი 1 პროცენტი იყო,“- ნათია გელაშვილი შვილის სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ

ქართველმა დედამ ნათია გელაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ შვილის სასწაულებრივი გადარჩენისა და გამოჯანმრთელების შესახებ ისაუბრა:

„შვიდი თვის ორსული ვიყავი, როდესაც გავიგეთ, რომ ბავშვის ზურგის ტვინში იყო თიაქარი ან ტერატომა, რომელიც არის სიმსივნის ფორმა. ექიმმა მირჩია, სამშობიაროში წავსულიყავი და ბავშვის მოშორება სჯობდა. ამ დიაგნოზით მსოფლიოში ხუთი ბავშვი თუ არის და მძიმედ მიდის ამ პრობლემასთან გამკლავებაო. წინა ღამეს სიზმარი ვნახე, ბავშვი იყო ორჯერ გადაჭრილი. ექიმს ჩაწერის გარეშე მივადექი. ყველა ვარიანტში მოშორებას მირჩევდნენ. მაშინ 18 წლის ვიყავი. მთელი ორსულობა იდეალურად მიდიოდა. მეუბნებოდნენ: „წადი, მოიშორე, ახალგაზრდა ხარ, მეორე გეყოლება. ყველა თანახმა იყო საახლობლოში, რომ ასე მომხდარიყო. ექიმს ვუთხარი, ეს არ გაბედო-მეთქი.“

ნათია გელაშვილის თქმით, ბავშვის მძიმე მდგომარეობასთან შეგუება მისთვის რთული აღმოჩნდა:

„ტერატომაზე რომ ვკითხულობდი ინფორმაციას, მშობიარობამდე რამოდენიმეჯერ გულიც კი წამსვლია. ბავშვი რომ დაიბადა და ფეხები დაკიდებული ჰქონდა, ვაიმე ფეხები-მეთქი, დავიძახე და დამაძინეს მაშინვე. რამოდენიმე ოპერაცია გაუკეთდა. სამი თვის იყო ნიკა, გვითხრეს ეს ბავშვი ერთ თვეზე მეტს ვერ იცოცხლებს. სახლში აცადეთ ბავშვს მშვიდად სიკვდილიო და გამომიშვეს ასე.“

ნათია გელაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკოლოზი თურქმა ექიმებმა გადაარჩინეს:

„ნიკოლოზი თურქეთში გადაგვირჩინეს. ის დღეს 8 წლის, სიცოცხლითსავსე ბავშვია. როდესაც იქ ჩავედით, თარჯიმანმა გვითხრა, რომ ბავშვის გადარჩენის შანსი 1% იყო. ბავშვს ხალათი რომ ჩავაცვით, პატარა მანქანა ეჭირა ხელში. ასე შევიდა. 14 საათი რომ გავიდა, ექიმი ცრემლიანი თვალებით გამოვიდა. გვეუბნება: ხელები ამიწევია, ასეთი რამ პრაქტიკაში არ მქონია. ბავშვს, რომელიც 14 საათი ნარკოზში იყო, სათამაშო ხელიდან არ გაუშვია.“

„ყველა უფლის მოშიშები ვართ მეტ-ნაკლებად. მე ვიფიქრე, რომ უფალი ისეთს არაფერს მომივლენდა, რომ ვერ შევძლებდი. არავინ არ ელოდებოდა, რომ ნიკა ცოცხალია და კარგადაა. მეუბნებოდნენ, ბავშვი ვერასდროს ვერ დაჯდება, ვერ ილაპარაკებს, გონებრივადაც პრობლემები ექნებაო. დღეს ნიკოლოზი მეორე კლასელია, არაჩვეულებრივად სწავლობს, არაჩვეულებრივი განვითარება აქვს, ხოხავს. ახლა მუხლებით სიარულს ვასწავლით. ორი წლის წინ მარჯვენა ფეხი აუმოძრავდა ნიკოლოზს. წავედით თურქეთში. ექიმები გაოცებულები დარჩნენ, ეს ყველაფერი თეორიულად შეუძლებელია. ნიკოლოზი ოცნებობს, რომ გაივლის, თანატოლებთან ერთად ირბენს. სანამ პირში სული მიდგას, ყველანაირად ვეცდები, რომ ეს ოცნება ავუსრულო,“ - აღნიშნა ნათია გელაშვილმა.

წყარო: ​„სიკეთე მარტივია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ვარ გვანცა გაგუა, უკრაინაში დაბადებული ქართველი... 24 თებერვალს მოგვიწია ლვოვის დატოვება, როგორც დევნილებს,“ - ქართველი ბავშვი, რომლის ოჯახი უკვე მეორედ გახდა დევნილი

„მე ვარ გვანცა გაგუა, უკრაინაში დაბადებული ქართველი... 24 თებერვალს მოგვიწია ლვოვის დატოვება, როგორც დევნილებს,“ - ქართველი ბავშვი, რომლის ოჯახი უკვე მეორედ გახდა დევნილი

ქართველი გოგონა გვანცა გაგუა, რომელიც უკრაინაში დაიბადა, თავისი ოჯახის შესახებ გვიყვება. მისი თქმით, დედა საქართველოში, აფხაზეთში გაიზარდა, თუმცა ომის შემდეგ დევნილი გახდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გვანცასაც ამავე გზის გავლა მოუხდა:

„მოგესალმებით ყველას. მე ვარ გვანცა გაგუა. მე უკრაინაში დაბადებული ქართველი ვარ. დავიბადე ხარკოვში, სადაც ოთხ წლამდე ვიცხოვრე. შემდეგ გადმოვედით ლვოვში და ექვს წელზე მეტია, რაც აქ ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, 24 თებერვალს მოგვიწია ლვოვის დატოვება, როგორც დევნილებს და გადმოვედით პოლონეთში. როდესაც დედაჩემი იყო ექვსი წლის, ის ცხოვრობდა აფხაზეთში. ისიც ჩემსავით ბავშვობაში გახდა დევნილი.“

„მამაჩემი დარჩა ლვოვში. მან მიგვიყვანა საზღვრამდე და უკან დაბრუნდა. საზღვრიდან მოგვიწია რამოდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა. ახლა ვართ პოლონეთში, მაგრამ ძალიან გვჯერა, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს,“- აღნიშნა გვანცა გაგუამ.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

წაიკითხეთ სრულად