Baby Bag

„დისტანციური სწავლების დროს მთლიანად გამოთიშულია სოციალური კომპონენტი, როგორც კომპენსაციის საშუალება,“- ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

„დისტანციური სწავლების დროს მთლიანად გამოთიშულია სოციალური კომპონენტი, როგორც კომპენსაციის საშუალება,“- ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ბავშევბზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში დისტანციური სწავლების ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ონლაინ სწავლება ვერაფრით ვერ იქნება მუდმივი და სტაბილური. ეს ნემისმიერ შემთხვევაში გამოუვალ ვითარებაში უნდა იყოს გამოსავალი. ამაზე ყველა ვთანხმდებით, განათლების სპეციალისტებიც და ჯანმრთელობის სპეციალისტებიც. სამედიცინო თვალსაზრისით რომ განვიხილოთ, პირველ რიგში, ეს არის შეზღუდული ფიზიკური აქტივობა, რომელიც ეკრანთან ურთიერთობისა და ონლაინ სწავლების შემთხვევაში კიდევ უფრო შეზღუდულია, ვიდრე საკლასო ოთახში. მოტორული აქტივობა და მობილიზება მაინც განსხვავებულია. ბავშვი იძულებულია ერთ სკამზე იჯდეს და ერთ პატარა ჩარჩოში იყოს ფოკუსირებული.“

თამარ ედიბერიძის თქმით, პასუხისმგებლიანი მოსწავლეები ონლაინ სწავლების დროს ორმაგად ისტრესებიან:

„პასუხისმგებლიანი მოსწავლე ამ შემთხვევაში ორმაგად ისტრესება, რომ შემთხევით ყურადღება არ გაეფანტოს. იქ ტექნიკური სირთულეებია, მასწავლების ხმა ბოლომდე არ ისმის. პატარა ბავშვს ვერ მოსთხოვ, რომ თემაზე, რომელიც მისთვის სრულიად ახალია, ისე შეინარჩუნოს ყურადღება, რომ არ გაეფანტოს. მონიტორთან თვალებს ნაკლებად ახამხამებს ბავშვი, სხეულის პოზა უფრო არაკომფორტულია. როდესაც ამას სისტემატური ხასიათი აქვს, სათანადოდ განწყობილ ბავშვებში, ვისაც რა სუსტი მხარე აქვს, შეიძლება მხედველობის პრობლემა გაღრმავდეს, მშრალი თვალის სინდრომისგანაც არავინაა დაზღვეული. ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ამ შემთხვევაში უფრო აქტუალურია, ვიდრე საკლასო ოთახში იქნებოდა. ყურსასმენების ხანგრძლივად მოხმარებამ შეიძლება სმენის პრობლემა შექმნას.“

„ასე იძულებით გაჩერებულ ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და იმპულსების კონტროლის პრობლემა კიდევ უფრო რთულად მიდის. თუ ჩვენ მოვახერხეთ და ონლაინ გაკვეთილზე ბავშვი გავაჩერეთ, მერე ეს დაგუბებული ენერგია სად წაიღოს აღარ იცის. მასწავლებელი 20 წუთში უნდა ჩაეტიოს. ის აბსოლუტურად ვერ აკონტროლებს, რომელი მოსწავლე უკეთ უსმენს, რომელი უფრო დაიღალა, რომელს სჭირდება გახალისება და წახალისება. აქ მთლიანად გამოთიშულია სოციალური კომპონენტი, როგორც კომპენსაციის საშუალება,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „კომერსანტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანთან?

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვებმა ეკრანთან?

რა დრო უნდა გაატარონ 2-დან 5-წლამდე ბავშვებმა ეკრანთან? - თემაზე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო'' ინკლუზიის და ადრეული განვითარების სპეციალისტი ცირა ბარქაია საუბრობს. 

,,2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან ყოფნის მაქსიმალური დრო ერთ საათი უნდა იყოს. პრაქტიკას რომ დავაკვირდეთ, მე მინახავს მაღაზიაში დედა-შვილი, როდესაც დედა არჩევს შვილისთვის ტანსაცმელს და ბავშვისთვის მიცემული აქვს ტელეფონი, რათა გაჩუმდეს. მაგალითად, ბავშვი ჭამს და წინ უდევს ტელეფონი, პასიურად აძლევენ საკვებს, ამ დროს ბავშვი არ აქცევს ყურადღებას რას ჭამს - ძალიან ცუდია და ამაზე კომპრომისული პასუხი არ მაქვს, არ უნდა გააკეთოთ ეს.

სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება თავის ტვინის აღმასრულებელ ფუნქციაზე ანუ კოგნიტურ-შემეცნებით ფუნქციებზე ახდენს ძალიან უარყოფით ზეგავლენას. ბავშვებს არ შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ბავშვი ჩართულია იმაში, რასაც უყურებს, მაგრამ ეს არ არის ჩართულობა, ეს არის გათიშული ტვინი, რომელიც უყურებს ეკრანს. ამ პროცესში თავი ტვინის განვითარება აქტიურად არ მიმდინარეობს,'' - დასძინა ცირა ბარქაიამ. 

წყარო: ,,დილა მშიდობისა საქართველო''

წაიკითხეთ სრულად