Baby Bag

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

გაიცანით გმირი ქალი, რომელმაც 300 უკრაინელი დევნილი შეიფარა და გამოკვება

ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ გმირი ქალის აურელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც უკრაინაში 300 დევნილი ადამიანი შეიფარა:

„უკრაინის ყველაზე დიდ საერთო საცხოვრებელში ვიყავით. არ შემიძლია არ ვთქვა ქალბატონ აურელიაზე. რატომღაც მომინდა, რომ აქედან დიდი თაიგული წაგვეღო უკრაინის დროშების ფერით. ვიფიქრეთ, ვინმეს მივართმევთ-თქო. ქალბატონმა აურელიამ 300 ადამიანი შეიფარა. ეს ქალბატონი დიდი ურიკით დადიოდა ქუჩაში და რუპორით ყვიროდა: ვის გაქვთ საჭმელი, რომ დავაპუროთ ადამიანები? მე შევედი სამზარეულოში, სადაც მარიუპოლიდან და ხარკოვიდან დევნილი 300 ადამიანი იდგა საკვების რიგში. გამანადგურებელი სიჩუმე იყო.“

ქალბატონმა აურელიამ 90-იან წლებში მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის შვილს მაშინ მიღებული მძიმე ტრავმა დღემდე არ დავიწყებია.

„90-იან წლებში მოლდოვაში მომხდარი მოვლენების დროს ჩემი შვილი სამწლინახევრის იყო. დღეს ის უკვე 34 წლისაა. როდესაც წლების წინანდელ მოლდოვის ამბებს ვიხსენებთ, ახლაც კი კანკალებს. მომხდარმა მასზე კვალი დატოვა. როდესაც ვუყურებ ბავშვებს, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან, მახსენდება მოლდოვა. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან, მაგრამ მომხდარი არასდროს დაავიწყდებათ. ძალიან შეშინებულები არიან. ნებისმიერ, თუნდაც მცირე ხმაურზეც კი ტირილს იწყებენ, ცახცახებენ, დედებს ეძახიან. ეს საშინელებაა, მაგრამ მე არ მეშინია. ბევრი ნათესავი მყავს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს. ჩემი შვილები მთხოვენ, რომ დავტოვო უკრაინა, მაგრამ მე ვერ წავალ. ეტყობა, ჯერჯერობით ყველაფერი არ გამიკეთებია,“- აღნიშნა ქალბატონმა აურელიამ.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად