Baby Bag

„ჯვარი დაუსვით ამ ნიშნებს ვიღაცების გულის გასახეთქად... ორიანით მოვიდა სახლში თუ ათიანით, გიყვარდეს ბავშვი,“ - შალვა ამონაშვილი

„ჯვარი დაუსვით ამ ნიშნებს ვიღაცების გულის გასახეთქად... ორიანით მოვიდა სახლში თუ ათიანით, გიყვარდეს ბავშვი,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია შვილებს სკოლაში მიღებული ცუდი ნიშნების გამო არ გაუბრაზდნენ:

„თქვენ ხომ ბავშვის წარმატება გინდათ, მასწავლებლებო? გამონახეთ ყველა გზა, რომ ბავშვი სახლში დაღდასმული არ მივიდეს. ჩემო ძვირფასო მშობლებო, რატომ გგონიათ თქვენი შვილები მოარული ციფრები? 10-იანი ბავშვები გინდა გყავდეთ სულ?! ციფრი გინდათ გყავდეთ, თუ მოქალაქე გინდათ გყავდეთ. 10-იანი მოქალაქეობაზე არ ლაპარაკობს. 10-იანი ამბობს, რომ ბავშვმა დღეს ეს ლექსი იცოდა და ამ ლექსში მიიღო ათიანი. ამით ადამიანი გახდა ისა? თუ ხუთიანი მიიღო, თოკზე ჩამოვეკიდოთ?! მე დედაჩემს ნიშნებს ვუმალავდი იმიტომ, რომ გული ეტკინებოდა. მაშინ ავტორიტარული სკოლა იყო და არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა. თქვენც გინდათ, რომ ბავშვებმა მოგატყუონ? თუ მართალი გითხრა, ხომ გაუბრაზდები, აუყვირდები, გაებუტები. ამიტომ ბავშვი თქვენც გიცავთ და თავის თავსაც იცავს. არ გეტყვის, რა მიიღო. რაკი არ გითხრა, ტყუილი მოხდა. ტყუილი გამჟღავნდა და აფეთქდა ყველაფერი. ორიანით მოვიდა ბავშვი, თუ ათიანით, გიყვარდეს ბავშვი.“

„არ გამოიყენოთ ნიშნები ბავშვთან ურთიერთობის საბაბად, არც კარგი და არც ცუდი. რატომ უნდა მიყვარდეს ბავშვი დღეს უფრო მეტად ათიანისთვის და ხვალ ნაკლებად ხუთიანისთვის?! ეს რანაირი სიყვარული გამოვა?! ხომ დააბნია ბავშვი და თქვენც?! დაირღვა აღზრდა! ჯვარი დაუსვით ამ ნიშნებს ვიღაცების გულის გასახეთქად! მასწავლებელს უთხარით: „გინდა ხუთიანი დაუწერე ბავშვს, გინდა ათიანი, მე ეს არ მაინტერესებს, მაგრამ თუ ჩემი შვილი კეთილი არ დაბრუნდება სახლში, ამას მოგკითხავ. მიეცი საშინაო დავალებად ბავშვებს არა ის, რომ მაგალითები ამოხსნას, „ბებიის ხელი დამიხატე,“ - ეს მიეცი მეექვსე კლასელს. „დედის თვალები დამიხატე და ეს მომიტანე, მამაზე დამიწერე ქება და ეს მომიტანე.“ ეს დავალებები ცუდი იქნება და არ გააკეთებს ბავშვი ამას?“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“