Baby Bag

„ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით,“- ნანა ლორთქიფანიძე

„ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით,“- ნანა ლორთქიფანიძე

მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ, რომელიც ორი შვილიშვილის ბებიაა ბიჭების აღზრდის სირთულის შესახებ ისაუბრა:

„ორი შვილიშვილი მყავს, ბიჭები. ვისაც გოგოები ჰყავთ ჩემსავით გაზრდილი თითო-თითო, არ თქვან, რომ რაიმე სირთულეს წააწყდნენ საერთოდ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ბიჭების გაზრდა აბსოლუტურად სხვა რამეა. ეს არის ბევრად უფრო რთული. ჩვენ სულ გოგოები გვყავდა გარშემო. თვითონ სამი და ვიყავით. ყველამ გოგოები გავაჩინეთ, მარტო მაიკო იყო გამონაკლისი. ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა ბიჭები ყოფილიყვნენ ასეთი თბილები, ასეთი მგრძნობიარეები. ჩემი შვილიშვილები ასეთები არიან.

სახლში ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე. ერთხელ რაღაც-რაღაცები მივლეწ-მოვლეწეთ. ახლა აღარ უნდათ ჩემთან თამაში. გაიზარდნენ და სხვა თამაშები მოსწონთ. 13 და 10 წლისები არიან. ჩვენი დამალობანა, დაჭერობა ჩაბარდა წარსულს. სად არ ვარ სახლში ნაპორტყიალები... ასაკის მატებასთან უფრო თბილები გახდნენ. რაც შეეხება წესების დაწესებას ბავშვებისთვის, ამას უფრო მაინც აკეთებენ დედები, ვიდრე ბებიები,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

10 რამ, რაც დედის ემოციურ გადაწვაზე მიგვანიშნებს

10 რამ, რაც დედის ემოციურ გადაწვაზე მიგვანიშნებს

თანამედროვე დედებს ძალიან ხშირად აწუხებთ დაღლილობა, წარუმატებლობის განცდა, ეჭვები საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და საკუთარი თავის სიყვარულის ნაკლებობა. დედა საოცარი ადამიანია. ის შვილებისგან ფარულად, კულისებში ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რასაც ბავშვები ვერ აცნობიერებენ. ადამიანები დედის შრომის ფასს მას შემდეგ იგებენ, როდესაც შვილებს აჩენენ. ზოგიერთ დედას თავადაც უკვირს, როგორ ახერხებს იმ ყველაფრის გაკეთებას, რასაც შვილებისთვის აკეთებს. ემოციური გადაწვა დედებში რეალური მოვლენაა. ჩვენს სტატიაში ემოციური გადაწვის 10 ნიშანს გაგაცნობთ, რომლებიც დედის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს.

1. დედა თავს არაადეკვატურ მშობლად გრძნობს

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც დედები თავს არაადეკვატურად გრძნობენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ზეწოლა და მოლოდინები საზოგადოების მხრიდან
  • სოციალურ მედიაში წარმოჩენილი დედის სახე
  • ყოველდღიური აქტივობების დიდი რაოდენობა
  • ფინანსური საზრუნავი
  • საკუთარი თავის შედარება სხვებთან
  • განსჯა სხვა ადამიანების, ახლობლების, ოჯახის წევრების მხრიდან

2. უკიდურესი მენტალური გადაღლა

ემოციურმა გადაღლამ შეიძლება გამოიწვიოს დედის გუნება-განწყობის პრობლემები, რაც მას ემოციურად არასტაბილურს ხდის. დედამ, შესაძლოა, იგრძნოს გადაღლა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გამო და დაკარგოს სიახლოვის განცდა ოჯახის წევრებთან.

3. გულფიცხობის გამოვლენა

ბრაზი, როგორც წესი, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ემოციის თანმხლები ემოციაა. დედის ხშირი ბრაზიანობა და გულფიცხობა, შესაძლოა, ჭარბი თავშეკავების ან რეპრესირებული აგრესიის გამოხატულება იყოს. დედის გულფიცხობა ბავშვისადმი უმიზეზო აგრესიით ვლინდება. ის, შესაძლოა, უმნიშვნელო საკითხის გამო ბავშვს გაუბრაზდეს, უყვიროს და დასაჯოს.

4. დანაშაულის განცდა

დედები ხშირად დანაშაულს განიცდიან შვილების წინაშე, რადგან თვლიან, რომ საკუთარ როლს ცუდად ასრულებენ და კარგი მშობლები არ არიან. საზოგადოება ბავშვის აღზრდის საკითხში ქალს გაცილებით მაღალ მოთხოვნებს უყენებს, ვიდრე მამაკაცს, რის გამოც დანაშაულის განცდა დედებში უფრო ძლიერია, ვიდრე მამებში.

5. სინანული მიღებული გადაწყვეტილებების გამო

დედები, რომლებსაც ემოციური გადაწვა აქვთ ხშირად ნანობენ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს, ფიქრობენ, რომ სჯობდა ბავშვები უფრო ადრე ან გვიან გაეჩინათ, უფრო ნაკლები შვილი ჰყოლოდათ, უფრო სწორად შეერჩიათ მეუღლე, მეტი დრო დაეთმოთ საკუთარი თავისთვის და ა.შ.

6. ზედმეტი შფოთვა მომავალზე ფიქრისას

დედებს ხშირად პანიკა და შფოთვა იპყრობთ იმ პასუხისმგებლობების გამო, რომელიც მათ აკისრიათ. გამუდმებით გადაძაბულ რეჟიმში ყოფნა მათ კონცენტრაციის უნარზე ნეგატიურად აისახება და მომავლისადმი შიშით განაწყობს.

7. სევდიანობა

ზოგიერთი დედა ყოვლისმომცველი სევდით არის შეპყრობილი, არაფრის გაკეთების სურვილი არ აქვს და ყველაფრისადმი გულგრილი დამოკიდებულება უყალიბდება. ასეთ შემთხვევაში ისინი გარესამყაროსგან, მათ შორის შვილებისგან, იზოლირდებიან.

8. ემოციური გამოფიტვა

დედები ხშირად თვლიან, რომ მათ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს და ვერც ყოველდღიურ საქმეებს უმკლავდებიან. მათ უჭირთ ძილი, ხშირად აწუხებთ თავისა და სხეულის ტკივილი, ხდებიან გულმავიწყები, კარგავენ პროდუქტიულობას, არ შეუძლიათ კონცენტრაცია და ფიზიკურადაც გადაღლილები არიან.

9. გაღიზიანება

ზოგიერთი დედა იმ მდგომარეობამდე მიდის, რომ ბავშვებთან დროის გატარებაც კი არ სურს. ისინი თვლიან, რომ საკუთარი თავი დაკარგეს.

10. ქრონიკული დაღლილობა

ემოციური გადაწვის დროს დედებს ქრონიკული დაღლილობა აწუხებთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს სძინავთ, ისინი ძალების აღდგენას ვერ ახერხებენ.

თუ დედა გრძნობს, რომ მისი ემოციური მდგომარეობა უარესდება და დეპრესია ძლიერდება, მან დახმარებისთვის პროფესიონალს უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ დედას აგრესია უჩნდება ბავშვების მიმართ და ძალადობისკენ მიდრეკილი ხდება, აუცილებელია დაუყოვნებლივი ყურადღება და თერაპია, რომელიც ქალს მძიმე დეპრესიასთან გამკლავებაში დაეხმარება.

წყარო: ​moms.com

წაიკითხეთ სრულად