Baby Bag

გაიცანით 12 წლის თაკო კონცელიძე, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და ახლა საკუთარი ნამუშევრების გაყიდვით სხვა ბავშვებს ეხმარება

გაიცანით 12 წლის თაკო კონცელიძე, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და ახლა საკუთარი ნამუშევრების გაყიდვით სხვა ბავშვებს ეხმარება

12 წლის თაკო კონცელიძემ ლეიკემია დაამარცხა და ახლა სხვა ბავშვების დახმარებას ცდილობს, რომლებიც დაავადების დასამარცხებლად იბრძვიან. თაკო ხატავს და ლამაზ აქსესუარებს ამზადებს, რომლებსაც ყიდის, შემოსული თანხით კი ბავშვებს ეხმარება:

„მე ვარ თაკო კონცელიძე, 12 წლის, ვარ ბათუმიდან, ამჟამად ვცხოვრობ რუსთავში. მე ძალიან მიყვარს ხატვა. ჩემთვის ძალიან რთული იყო, როდესაც გავიგე ლეიკემიის შესახებ. ბევრი არაფერი არ ვიცოდი ამ დაავადებასთან დაკავშირებით. არ მჯეროდა, რომ ეს მე დამემართა. განერვიულებული ვიყავი, უმიზეზოდ ვეჩხუბებოდი ყველას. ვხვდებოდი, რომ ეს კარგი საქციელი არ იყო, მაგრამ ჩემდა უნებურად ხდებოდა ეს.

5 წლის ვიყავი, როდესაც წავიქეცი სოფელში, გამიჩნდა სილურჯეები. მივედით ბათუმში, იქ დამიდგინეს ლეიკემია და გადმოგვამისამართეს თბილისის იაშვილის კლინიკაში. ყოველთვის მაძლიერებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები ჩემს გვერდით იყვნენ, ყოველთვის მამხნევებდნენ. ჩემს თავსაც ამიტომ შემოვუძახე, რომ კარგად უნდა გავმხდარიყავი. მკურნალობის დროს მხარში მედგა დედა, მამშვიდებდა, მაწყნარებდა, გულში მიკრავდა, სულ ცდილობდა გავემხიარულებინე, მაგრამ მაინც ცოტა ვნერვიულობდი ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გჯეროდეს შენი თავის, რომ შეუძლებელი არაფერია. როდესაც ოჯახის წევრები გიდგანან გვერდში, შეუძლებელია, რომ მათ გამო მაინც არ გახდე კარგად.

დაავადებასთან ბრძოლის პერიოდში შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ხელოვნება. იაშვილში ხელოვნების მასწავლებლები გვასწავლიდნენ ხატვას. ძირითადად მიყვარს პორტრეტების ხატვა, მაგრამ პორტრეტებს უფრო ჩანახატებისთვის ვხატავ. რასაც ხშირად ვხატავ არის პეიზაჟები, ბუნება. იაშვილში სტუმრები რომ მოდიოდნენ, წვრილმან საჩუქრებს რომ გვირიგებდნენ, თითოეული საჩუქარი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. მინდა, რომ ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ, როგორიც მე ვიყავი მაშინ. მივხვდი, რომ ჩემი ნახატებითა და დამზადებული აქსესუარების გაყიდვით შემეძლო მათი დახმარება და გაბედნიერება. როდესაც პირველად გავყიდე ნახატი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ვხვდებოდი, რამხელა ბედნიერებას მივანიჭებდი პატარებს, რომლებიც იაშვილში მკურნალობენ. შემოსულ თანხას ვრიცხავ დიტო ცინცაძის სახელობის ფონდში, რომელიც ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მე ასევე დავეხმარე ჩემს მოსახელე გოგონას, რომელიც ამჯერად თურქეთში მკურნალობს. ვფიქრობ, ჩემ მიერ გადარიცხული ფული დიდი არაფერია, მაგრამ იმედია ეს მათ რაღაცაში დაეხმარება და მათ მალე გამოჯანმრთელებაში ხელს შეუწყობს.

როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ ჯანმრთელი ხარო და გამწერეს, ეს დღე იყო ჩემი დაბადების დღე. უბედნიერესები ვიყავით. უდიდესი ტორტი მივართვით ექიმებს. ჩემი თავის ვირწმუნე, რომ შეუძლებელი არაფერია,“ - თავისი ისტორიის შესახებ თაკო კონცელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

სტრაბიზმის (სიელმის) დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდები „ნიუ-ჰოსპიტალსში“

სტრაბიზმის (სიელმის) დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდები „ნიუ-ჰოსპიტალსში“

მაია საგინაშვილი: „სიელმე არის პათოლოგია, რომლის დროსაც დარღვეულია თვალების სიმეტრიული დგომა პირველად პოზიციაში და მათი პარალელური მოძრაობის უნარი.“

სტრაბიზმი გავრცელებული პათოლოგიაა ბავშვთა ასაკში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება. „ნიუ-ჰოსპიტალსში“ მკურნალობა ორი მეთოდით მიმდინარეობს - კონსერვატიული და ქირურგიული. კლინიკა მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით, რაც ხელს უწყობს მკურნალობის წარმატებით წარმართვას.

ამ თემაზე MomsEdu.ge „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგს, მაია საგინაშვილს ესაუბრა.

- რა იწვევს სტრაბიზმს?

მაია საგინაშვილი: სიელმის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს რეფრაქციის ანომალიები, როგორიც არის შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი. ასევე, თვალის კაკლის სხვადასხვა წარმოშობის ორგანული დაავადებები ან თვალის მამოძრავებელი აპარატის დაზიანება.

- ბავშვებში მეტად გავრცელებულია თუმოზრდილებში?

მაია საგინაშვილი: სტრაბიზმი ძირითადად დაკავშირებულია ბავშვთა ასაკთან. თუმცა გვხვდება მოზრდილებშიც. მოზრდილებში შესაძლოა იყოს სიელმე, რომლის მკურნალობა ბავშვობაში არ მოხდა; ამასთანავე, არის შემთხვევები, როდესაც სტრაბიზმი შემდგომში ვითარდება. აღსანიშნავია, რომ მოზრდილ ასაკში მწვავედ და უეცრად განვითარებული სიელმე მიანიშნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სხვადასხვა გენეზის დაავადების არსებობას, ამიტომ ასეთ პაციენტს დროული დიაგნოსტირება და სწორი მართვა სჭირდება.

- რა სიმპტომები ახასიათებს სტრაბიზმს და რა დროს არის მნიშვნელოვანი რეაგირება? როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

მაია საგინაშვილი: სიელმის დროს დარღვეულია თვალის კაკლების სიმეტრიული მდგომარეობა და მათი პარალელური მოძრაობა. შესაძლოა პაციენტს აწუხებდეს ერთი ან ორივე თვალის დაქვეითებული მხედველობა. ასევე, შესაძლოა აღინიშნებოდეს გაორება; თავის და კისრის არჩევითი მდებარეობა. სტრაბიზმის მქონე პაციენტს არ აქვს განვითარებული მოცულობითი მხედველობა.

- შეიძლებათუ არა სტრაბიზმმა გამოიწვიოს თვალის სხვა დაავადება?

მაია საგინაშვილი: სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს ზარმაცი თვალის განვითარება. როდესაც ერთი თვალი მყარად არის გადახრილი საფიქსაციო ღერძიდან, ის არ მონაწილეობს მხედველობის აქტში, შესაბამისად, როდესაც მშობელი შენიშნავს ბავშვს სიელმის პრობლემას, აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს.

- რა ასაკიდან ითვლება სტრაბიზმი თანდაყოლილად ან შეძენილად?

მაია საგინაშვილი:

- თანდაყოლილად ითვლება სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში განვითარებული სტრაბიზმი, ამ ასაკის შემდეგ - შეძენილი.

- როგორ ხდება სიელმის დიაგნოსტირება?

მაია საგინაშვილი: სიელმის გამოკვლევა იწყება თვალის გადახრის კუთხის გაზომვით. მნიშვნელოვანია, თვალის მამოძრავებელი აპარატის გამოკვლევა, რათა შესწავლილ იქნასყველა კუნთის მოქმედება, მათი ფუნქცია. ძალიან მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგის მიერ პაციენტის მდგომარეობის დროული შეფასება, რათა არ მოხდეს მხედველობის დაკარგვა ან სხვა არასასურველი გართულებების განვითარება.

- როგორ ხდება სტრაბიზმის მკურნალობა დარა ასაკშიაეფექტური?

მაია საგინაშვილი: მკურნალობა მოიცავს კონსერვატულ და ქირურგიულ მეთოდებს. ორივე მეთოდს გააჩნია სამედიცინო ჩვენება და მისი არჩევა ხდება ექიმის მიერ, დიაგნოსტირების შემდგომ.

კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სათვალის შერჩევას და აპარატურულ მკურნალობას. ქირურგიული ჩარევა ხორციელდება ექსტრაოკულურ კუნთებზე - მათი შესუსტების, გაძლიერების, გადანაცვლების გზით მიიღწევა შესაბამისი შედეგი. ასევე, შესაძლებელია ამ ორი მეთოდის კომბინაციაში გამოყენება.

- სტრაბიზმის მკურნალობის და მართვის რა შესაძლებლობებიარსებობს კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსში“?

მაია საგინაშვილი: „ნიუ-ჰოსპიტალსის“ სტრაბიზმის ცენტრი წარმოდგენილია კვალიფიციური და პროფესიონალი ექიმთა შემადგენლობით. აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით, რაც საშუალებას აძლევს გუნდს, მართონ პათოლოგიები და ნებისმიერი სირთულის ოპერაცია წარმატებით ჩაატარონ.

R. 

წაიკითხეთ სრულად