Baby Bag

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი არ არის, რომ დღეში რამდენჯერმე მაინც არ ჰქონდეს ამოქაფება,“- პედიატრი ყარამან ფაღავა ბავშვებში გავრცელებულ პრობლემაზე

„ბავშვი არ არის, რომ დღეში რამდენჯერმე მაინც არ ჰქონდეს ამოქაფება,“- პედიატრი ყარამან ფაღავა ბავშვებში გავრცელებულ პრობლემაზე

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ამოქაფებისა და კვების შემდგომ ღებინების პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი პრობლემები ძალიან გახშირებულია:

„არიან ძალიან ბედნიერი ოჯახები, სადაც ბავშვს სძინავს დღე-ღამეში 20 საათი, არიან ნაკლებად ბედნიერი ოჯახები, სადაც სძინავს მხოლოდ 8-10 საათი და დანარჩენ დროს გაჰკივის. ბავშვი არ არის, რომ დღეში რამდენჯერმე მაინც არ ჰქონდეს ამოქაფება. ზღვარი ძალიან პირობითია, სად იწყება მსუბუქი ამოქაფება, მერე ცოტა მეტი წამოქაფება, აქედან გადასვლა არის ღებინებაზე.“

„ღებინება შეიძლება იყოს მსუბუქი, მძიმე. ასეთი კონტინუუმია. ​ეს რეფლუქსები და წამოღებინებები ბავშვთა ასაკში მრავალმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, დაწყებული ბავშვების ვეგეტონევროზით, დედების პრობლემებით დასრულებული. დედა როდესაც ღელავს, უარესად არის ბავშვი. ამიტომაც ვეუბნები დედას, წყნარად იყავი. მეცხრამეტე საუკუნეში იყო ძალიან ცნობილი ბავშვთა ექიმი და ის ამბობდა: მსოფლიოში ულამაზესი ქალები, ქართველი ქალები ბავშვებს ძუძუს აძლევენო. უამრავი დაავადებაა, შეიძლება თანდაყოლილი სიმსივნე იყოს, მშობიარობის დარღვევები იყოს, თანდაყოლილი მეტაბოლოპათიები იყოს. მთავარი და პირველი მაინც არის ის, რომ ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი. თვითონ ეს მდგომარეობაც თავისთავად მძიმეა. ასეთ შემთხვევაში მას უნდა მივხედოთ. ჭამის შემდეგ ბავშვი 5 წუთით ვერტიკალურად გააჩერეთ. პატარას წამოაღებინებს ბავშვი და ეს შესანიშნავია. პატარა ბავშვებში მუცელზე დაწოლის გვეშინია. ან ზურგზე ან მარცხენა გვერდზე უნდა იწვეს ბავშვი. ბავშვებთან ხმამაღალი სიტყვა არ გვინდა და შერიგება კი ბატონო. შემდეგი არის კვება და ანტირეფლუქსური მკურნალობა,“- აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად