„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს დედა ღვთისმშობლის დაბადების დღეა და იფიქრეთ რა საჩუქარს გაუკეთებდით ღვთის დედას,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ყველას გილოცავთ ჩვენი ულამაზესი დედის, ყველაზე მთავარი დედის დაბადების დღეს, ჩვენი ღვთისმშობლის დაბადების დღეს გილოცავთ ყველას. დაკვირვებული ვარ, რომ სხვა დღესასწაულებზე უფრო აქტიურობს მრევლი, ვიდრე ღვთისმშობლის დაბადების დღეს. შინაგანად ეს ყოველთვის მაწუხებდა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის დაბადების დღე.

პაისი ათონელს აქვს საოცარი ქადაგება ღვთისმშობელთან დაკავშირებით, ის საოცრად ეფერება დედა ღვთისმშობელს. ღვთისმშობლის დაბადების დღეზე ლამაზი დღე რა უნდა იყოს?! ღვთისმშობელი რომ არ დაბადებულიყო, კაცობრიობა ჯერ კიდევ არ იქნებოდა გამოხსნილი. სანამ მაცხოვარს ელოდებოდა კაცობრიობა, ჯერ ღვთისმშობელს ელოდებოდა. დღევანდელი დღით იწყებს ყველა დღესასწაული ათვლას. ღვთისმშობლის დაბადებას მოჰყვა მაცხოვრის შობაც, მაცხოვრის ნათლისღება, აღდგომა, ფერისცვალება. ყველაფერი დაიწყო ამ დღიდან.

დღევანდელ დღეს ღვთისმშობელს საჩუქარი გაუკეთეთ. იფიქრეთ, რა საჩუქარს გაუკეთებთ ღვთისმშობელს. საჩუქრით ადამიანი ხარობს. რა გაახარებს დედას ყველაზე ძალიან? თქვენი შვილებისგან ყველაზე მეტად რა გაგიხარდებოდათ? ფული რომ გაჩუქოს? სახლი? მანქანა? თუ, რომ იყოს ძალიან წესიერი, მასზე ნერვიულობა არ გიწევდეს, არ ფიქრობდე, რომ წავა და რამეს დააშავებს. ყველა დედას უხარია, რომ მისი შვილით იყოს დამშვიდებული. მის შვილს საშიშროება არ ჰქონდეს. წარმოიდგინეთ დედა ღვთისმშობელს როგორ ტკივა, როდესაც ადამიანი ნარკოტიკს იკეთებს, როდესაც ადამიანი აზარტულ თამაშებს თამაშობს, მრუშობს, ბილწსიტყვაობს, იწყევლება, უკმეხია, უტიფარია, უხეშია... ყველას მოგცეთ ღმერთმა ძალა იმისა, რომ დედა ღვთისმშობელი გაგეხარებინოთ ყოველთვის,“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად