Baby Bag

„დღეს დედა ღვთისმშობლის დაბადების დღეა და იფიქრეთ რა საჩუქარს გაუკეთებდით ღვთის დედას,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ყველას გილოცავთ ჩვენი ულამაზესი დედის, ყველაზე მთავარი დედის დაბადების დღეს, ჩვენი ღვთისმშობლის დაბადების დღეს გილოცავთ ყველას. დაკვირვებული ვარ, რომ სხვა დღესასწაულებზე უფრო აქტიურობს მრევლი, ვიდრე ღვთისმშობლის დაბადების დღეს. შინაგანად ეს ყოველთვის მაწუხებდა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის დაბადების დღე.

პაისი ათონელს აქვს საოცარი ქადაგება ღვთისმშობელთან დაკავშირებით, ის საოცრად ეფერება დედა ღვთისმშობელს. ღვთისმშობლის დაბადების დღეზე ლამაზი დღე რა უნდა იყოს?! ღვთისმშობელი რომ არ დაბადებულიყო, კაცობრიობა ჯერ კიდევ არ იქნებოდა გამოხსნილი. სანამ მაცხოვარს ელოდებოდა კაცობრიობა, ჯერ ღვთისმშობელს ელოდებოდა. დღევანდელი დღით იწყებს ყველა დღესასწაული ათვლას. ღვთისმშობლის დაბადებას მოჰყვა მაცხოვრის შობაც, მაცხოვრის ნათლისღება, აღდგომა, ფერისცვალება. ყველაფერი დაიწყო ამ დღიდან.

დღევანდელ დღეს ღვთისმშობელს საჩუქარი გაუკეთეთ. იფიქრეთ, რა საჩუქარს გაუკეთებთ ღვთისმშობელს. საჩუქრით ადამიანი ხარობს. რა გაახარებს დედას ყველაზე ძალიან? თქვენი შვილებისგან ყველაზე მეტად რა გაგიხარდებოდათ? ფული რომ გაჩუქოს? სახლი? მანქანა? თუ, რომ იყოს ძალიან წესიერი, მასზე ნერვიულობა არ გიწევდეს, არ ფიქრობდე, რომ წავა და რამეს დააშავებს. ყველა დედას უხარია, რომ მისი შვილით იყოს დამშვიდებული. მის შვილს საშიშროება არ ჰქონდეს. წარმოიდგინეთ დედა ღვთისმშობელს როგორ ტკივა, როდესაც ადამიანი ნარკოტიკს იკეთებს, როდესაც ადამიანი აზარტულ თამაშებს თამაშობს, მრუშობს, ბილწსიტყვაობს, იწყევლება, უკმეხია, უტიფარია, უხეშია... ყველას მოგცეთ ღმერთმა ძალა იმისა, რომ დედა ღვთისმშობელი გაგეხარებინოთ ყოველთვის,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად