Baby Bag

„მზამზარეული არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი შვილს, იმიტომ, რომ მერე იმ მზამზარეულის ფასი არ იცის,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

„მზამზარეული არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი შვილს, იმიტომ, რომ მერე იმ მზამზარეულის ფასი არ იცის,“- დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მშობლობის სირთულეებზე ისაუბრა და ის შეცდომები დაასახელა, რომელსაც მშობლები შვილებთან უშვებენ:

„ძალიან რთულია შვილის გაზრდა, სწორად აღზრდა. ხშირად მშობლები, სამწუხაროდ, შეცდომას უშვებენ ხოლმე. ურთულესი პროფესიაა მშობლობა, შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ძალიან დიდი გონიერება და სიფრთხილეა საჭირო იმისთვის, რომ შვილს ის მისცე, რაც მას სჭირდება.

ხშირად მშობლებს, რომლებსაც დიდი გაჭირვება აქვთ ნანახი და რთულ პირობებში არიან თავად გაზრდილი, არ უნდათ, რომ შვილებმა იგივე ტკივილი და იგივე გაჭირვება ნახონ, რაც მათ ნახეს. ეს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ყველაზე მეტად ვინც გიყვარს, გინდა, რომ მას მაქსიმალურად უზრუნველი ცხოვრება აჩუქო, მოუწყო და ყველანაირად ეცადო, რომ აარიდო იმ ტკივილებს, რაც შენ გხვდა ცხოვრებაში. მეორე მხრივ, აქაც გარკვეული ზომიერებაა საჭირო, იმიტომ, რომ არ არის მთლად ასე საქმე. განსაცდელები, ცხოვრებისეული სირთულეები შემთხვევით როდი ხდება. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ რა სირთულეებიც გავიარეთ, არ იყო საჭირო, რომ გაგვევლო? ან რომელიმე ადამიანს ჰგონია, რომ არ არის საჭირო სირთულეები და განსაცდელები, რაც მას ცხოვრებაში ხვდება? მე ასე არ ვფიქრობ. შვილებს უნდა ვასწავლოთ სირთულეების სწორად გადალახვა. რა თქმა უნდა, რამდენადაც შეგვიძლია, უნდა ავარიდოთ სირთულეები თავიდან შვილებს, მაგრამ მზამზარეული არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი შვილს, იმიტომ, რომ მერე იმ მზამზარეულის ფასი არ იცის. უძღები შვილის იგავი ამის კლასიკური მაგალითია. მერე ის თვლის, რომ ასეც უნდა იყოს. მას არ უშრომია, არ მოუპოვებია ის და ადვილად კარგავს ამას. მას არ გააჩნია მადლიერება არც მშობლის მიმართ, არც ღმერთის მიმართ.

ძალიან მნიშვნელოვაბია ოჯახური გარემო. ხშირად შვილები გაურბიან მშობლებს, რადგან ოჯახში არ აქვთ მშვიდი, გაწონასწორებული გარემო. ხშირად გოგოები თხოვდებიან სწორედ ამის გამო, რომ ოღონდ გაექცნენ ოჯახურ სირთულეებს, იმდენად დაღლილები არიან და უშვებენ საბედისწერო შეცდომებს, ოღონდაც გაერიდონ ოჯახურ სიტუაციას და უფრო რთულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. ზოგადად შვილს გახსოვდეთ, რომ ყოველთვის აქვს მოთხოვნილება, რომ ოჯახში ჰქონდეს მშვიდი, თბილი, მოსიყვარულე გარემო. ეს უნდა იყოს მისი სიმშვიდის სახლი, სადაც მყუდროდ და მშვიდად გრძნობს თავს. გარეთ სხვამ ყველამ ნერვები რომ მოუშალოს, მას უნდა ეგულებოდეს თავისი სახლი, მშობლები, რომლებიც ყოველთვის გაუგებენ მას, რომლებსაც ის უპირობოდ უყვართ და მას ყოველთვის შეუძლია, რომ მიმართოს მშობლებს. სამწუხაროდ, ასე ხშირად არ ხდება,“- აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

ტელეწამყვანმა არჩილ სოლოღაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მისი შვილი, პატარა სანი 1 წლის გახდა. არჩილ სოლოღაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო მას შვილის იუბილეზე სიხარულის შეგრძნების გამო რცხვენოდა:

„გუშინ სანი 1 წლის გახდა. უკვე დიდი ბიჭია და მე კიდე მრცხვენოდა, რომ მიხაროდა. მრცხვენოდა, რომ მავიწყდებოდა ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც ამდენი უდანაშაულო ბავშვი იღუპება და ეწირება ნადირებთან ბრძოლას. ყველა ბავშვი იმსახურებს ნათელ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას.

მადლობა ყველას, ვინც მოგვილოცეთ და ბოდიში ვისაც ვერ გიპასუხეთ.

დიდება უკრაინას, დიდება გმირებს,”- წერს არჩილ სოლოღაშვილი.

წაიკითხეთ სრულად