Baby Bag

„ადამიანის თვითშეფასება ბავშვობაში ყალიბდება. ბავშვი თვლის, რომ ისეთია, როგორადაც მას უფროსები აღიქვამენ," - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გადაცემაში „რა დროს ძილია“ ადამიანის თვითშეფასებაზე ადრეული ბავშვობის წლების ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„ყველაფერი იწყება ჩასახვიდან. ჯერ კიდევ მუცელში როდესაც არის ბავშვი, ადამიანი, პიროვნება, მან იცის ყველაფერი, ის უნდოდათ, თუ არ უნდოდათ. ინფორმაცია ნაყოფამდე მიდის. გინეკოლოგები ეუბნებიან დედებს, რომ მუცელში მყოფ ბავშვს მუსიკა მოასმენინონ, აუცილებლად უთხრან, რომ უყვართ, მამებს კი ურჩევენ, მომავალ შვილს უთხრან, რომ მას ელოდებიან. ექიმი მშობლებს ამას არ ეტყოდა, ბავშვს რომ არაფერი ესმოდეს. დედის მდგომარეობა ბავშვამდე მიდის. თუ ის ძალიან სასურველია, მან იცის, რომ ელოდებიან. არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ბავშვს, რომელიც შემთხვევით აბორტს გადაურჩება, ბაზისური ნდობა არ აქვს. ის სამყაროს არ ენდობა და ხშირად მშობლების მიმართ აგრესიულია. დედები ამ მოვლენას ვერ ხსნიან, მათ არაფერი დაუშავებიათ, ბავშვი თავად გაზარდეს, თუმცა იყო დრო, როდესაც დედას არ უნდოდა ეს ბავშვი, მაგრამ ეს მას აღარც ახსოვს. ბავშვმა საიდანღაც იცის, რომ ის არ უნდოდათ. ეს ნამდვილად ასეა, ამაში არაფერია მისტიკური. ეს არის ჩვენი არაცნობიერი ფსიქიკა, რომელშიც არის ინფორმაცია, არამხოლოდ ჩემი გამოცდილების, არამედ ჩემი წინაპრების გამოცდილებიდანაც. არაცნობიერი ფსიქიკა ჩვენი შავი ყუთია, რომელიც ჩვენშია და უამრავ ინფორმაციას იტევს.“

მარინა კაჭარავა მშობლებს ურჩევს, რომ შვილებისადმი ყოველთვის პატივისცემა გამოავლინონ:

„მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება. პიროვნებას ძალიან ბევრი რამ შეუძლია, მას აქვს უნარი, რომ გენეტიკაც კი შეცვალოს. ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების შემდეგ ბავშვს როგორ ექცევიან. მშობელს ბავშვის, როგორც პიროვნების პატივისცემა უნდა ჰქონდეს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვილი სათამაშოა, მან ჩვენი ცარიელი ადგილი შეავსო, ან ის მეუღლესთან ურთიერთობის დალაგებისთვის გვჭირდებოდა. თუ მშობელი ასე ფიქრობს, ის ინსტრუქციას აძლევს ბავშვს, რომ მთელი ცხოვრება გამშველებელი იყოს.“

მარინა კაჭარავა აღნიშნავს, რომ ბავშვთან საუბრისას სიფრთხილის გამოჩენა გვამრთებს, რათა მას გაუცნობიერებლად გული არ ვატკინოთ:

„ადამიანის თვითშეფასება ბავშვობაში ყალიბდება. ბავშვი თვლის, რომ ისეთია, როგორადაც მას უფროსები აღიქვამენ. ბავშვს ხუმრობა არ ესმის, ის ვერ გაიგებს, თუ ეტყვით: „ვაიმე, რას ჰგავს ეს ბავშვი, ამას ვინ წაიყვანს,“ ან „რა გაღუნული ფეხები გაქვს.“ მსგავსი სიტყვების მოსმენა ბავშვისთვის ტრაგედიაა. წარმოდგენები, რომლებიც მე ჩემს თავზე მაქვს, სხვებისგან არის მოწოდებული. ჩემზე დიდ გავლენას ახდენს ბაღში როგორ მიყურებენ, სკოლაში როგორ მიყურებენ, სოციუმი როგორ აღმიქვამს. თუ მეუბნებიან, რით ვერ ისწავლე, რა გახდა ეს ორს მივუმატოთ ორი, მე ვიწყებ ფიქრს, რომ უნიჭო ვარ. თუ ბავშვს ეტყვით, რომ სირცხვილია, თუ მან ლექსი ვერ ისწავლა, ის არაცნობიერად იკიდებს დანაშაულისგრძნობას, რომელიც მას არ სჭირდება. მშობელს აქვს თავისი სტანდარტი, რომელსაც უნდა, რომ მიამსგავსოს თავისი შვილი. მშობლები ხშირად ვერ გამოვდივართ ჩვენი ოცნებებიდან და სურვილებიდან და ამ ოცნებების ახდენა ჩვენს შვილზე გვინდა.“

„თვითშეფასების სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი არსებობს: გარეგნობა, ინტელექტი და წარმომავლობა. ადამიანები ხშირად განიცდიან მშობლის გარეგნობას, უბანს, სადაც ცხოვრობენ, ცდილობენ გადაფარონ რომელიმე რეგიონში დაბადების ამბავი. ეშინიათ, რომ ამის გამო ვინმემ არ დაამციროს. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი გამუდმებით უკან იხევს, მას რცხვენია საკუთარი თავის. ის თვლის, რომ მას არავინ აფასებს, არავისთვის არის საჭირო. ეს ადამიანს ფუნქციონირებაში ხელს ძალიან უშლის. ასეთი ადამიანები იმისთვის ცხოვრობენ, რომ დაგიმტკიცონ, რომ მაგრები არიან. როდესაც მშობლები ბავშვს გადაჭარბებით აქებენ, ის იწყებს ფიქრს, რომ მას ყველგან და ყოველთვის შეაქებენ. როდესაც ის სკოლაში მიდის, ასე არ ხდება და ბავშვს მუდმივი ფრუსტრაცია აქვს, ის ძალიან ბრაზობს, რომ მას ვერ აფასებენ ისე, როგორც უნდა დაფასდეს. ადეკვატური შეფასება კი აქვს ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიც ის არის და პატივს სცემს თავის პიროვნებას,“ - აღნიშნავს მარინა კაჭარავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხოვრების 34-ე წლის მიწურულს დავიწყე საკუთარ თავზე ფიქრი...“

„ცხოვრების 34-ე წლის მიწურულს დავიწყე საკუთარ თავზე ფიქრი...“

„​გამარჯობა გოგოებო, დიდი ხანია არ მომიწერია. რაღაცები დავალაგე და მინდა გაგიზიაროთ. დავიწყე საკუთარ თავზე ფიქრი (ცხოვრების 34-ე წლის მიწურულს). არა, ადრეც ვფიქრობდი, არ გეგონოთ რომ მხოლოდ სხვებზე გადამკვდარი და საკუთარ თავ დავიწყებული ვყოფილვარ როდესმე, მაგრამ ახლა სხვანაირად დავიწყე. აი, ვფიქრობ როგორც უცხო ადამიანზე ფიქრობენ: რა ჭირდება, რა გაუხარდება, რა უნდა შეცვალოს, რას აკეთებს კარგად და ა.შ.


აღმოვაჩინე, რომ უამრავი რამ უბრალოდ შემთხვევით მახსენდებოდა, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის, დასვენების, ბედნიერების საკითხები. ასევე, ურთიერთობებში (საქმიანს ვგულისხმობ აქ) ადრე წამყვანი იყო ის, რომ "კარგი გოგო" ვყოფილიყავი და ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რომ ვყოფილიყავი ისეთი როგორიც ვარ. პირადში პირიქით, ნაკლებად ვითვალისწინებდი ურთიერთობას. განა განსაკუთრებული რამე მოხდა, არა უბრალოდ დავფიქრდი რომ უფრო კომფორტულია იყო ვინც ხარ და მიგიღოს ყველამ ისეთი როგორიც ხარ, ასევე გაითვალისწინო ის, ვინც გიყვარს. ამისთვის საჭიროა ჯერ შენ გაიგო როგორი ხარ.


ხოდა, ექიმებთან ხო ჩავეწერე სხვადასხვა გამოკვლევაზე, არაფერს ვუჩივი, მაგრამ ბოლოს ექიმთან მესამე მშობიარობისას ანუ ორი წლის წინ ვიყავი. არადა, ჯანმრთელობა უპირველეს ყოფლისა. სპას აბონემენტი ხო ავიღე სასწრაფოდ (ჯანმრთელობა + სილამაზე).


დროს ვუთმობ ფიქრს იმაზე თუ რა გამიხარდება, ვსეირნობ მარტო და ვფიქრობ საკუთარ თავზე, როგორც განყენებულ ადამიანზე.

ვცდილობ კვირაში ერთხელ მაინც სრულიად ბედნიერი დღე მოვუწყო საკუთარ თავს.


ხოდა ვცდილობ ირაკლისთან ურთიერთობა ახალ გასაოცარ ფაზაში გადავიყვანო (ჯერ როგორ არ ვიცი, ამის კონცეფციაზე ვმუშაობ)

მოკლედ მთელი გეგმა მაქვს ამ ამბავზე შედგენილი. ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორიც არის, თუმცა ეგეც მოგვარებადია, მთავარია იცოდე საით მიდიხარ.


საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნვა პირველ რიგში ჩვენივე მოვალეობაა. ხოდა პატარა ნაბიჯებს ვდგამ, რომ თაკო მართლა ბედნიერი იყოს და არა ისე, როგორც გარედან ჩანს ხოლმე.


მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, ვინ რა დროს და როგორ უთმობთ საკუთარ თავს? გაქვთ გეგმა „კარგად-ყოფნის" (well-being plan), თუ შემთხვევით ხდება ყველაფერი?

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ავტორი: თამარ კიკაჩეიშვილი ​

წაიკითხეთ სრულად