Baby Bag

„ადამიანის თვითშეფასება ბავშვობაში ყალიბდება. ბავშვი თვლის, რომ ისეთია, როგორადაც მას უფროსები აღიქვამენ," - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა გადაცემაში „რა დროს ძილია“ ადამიანის თვითშეფასებაზე ადრეული ბავშვობის წლების ზეგავლენის შესახებ საუბრობს:

„ყველაფერი იწყება ჩასახვიდან. ჯერ კიდევ მუცელში როდესაც არის ბავშვი, ადამიანი, პიროვნება, მან იცის ყველაფერი, ის უნდოდათ, თუ არ უნდოდათ. ინფორმაცია ნაყოფამდე მიდის. გინეკოლოგები ეუბნებიან დედებს, რომ მუცელში მყოფ ბავშვს მუსიკა მოასმენინონ, აუცილებლად უთხრან, რომ უყვართ, მამებს კი ურჩევენ, მომავალ შვილს უთხრან, რომ მას ელოდებიან. ექიმი მშობლებს ამას არ ეტყოდა, ბავშვს რომ არაფერი ესმოდეს. დედის მდგომარეობა ბავშვამდე მიდის. თუ ის ძალიან სასურველია, მან იცის, რომ ელოდებიან. არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ბავშვს, რომელიც შემთხვევით აბორტს გადაურჩება, ბაზისური ნდობა არ აქვს. ის სამყაროს არ ენდობა და ხშირად მშობლების მიმართ აგრესიულია. დედები ამ მოვლენას ვერ ხსნიან, მათ არაფერი დაუშავებიათ, ბავშვი თავად გაზარდეს, თუმცა იყო დრო, როდესაც დედას არ უნდოდა ეს ბავშვი, მაგრამ ეს მას აღარც ახსოვს. ბავშვმა საიდანღაც იცის, რომ ის არ უნდოდათ. ეს ნამდვილად ასეა, ამაში არაფერია მისტიკური. ეს არის ჩვენი არაცნობიერი ფსიქიკა, რომელშიც არის ინფორმაცია, არამხოლოდ ჩემი გამოცდილების, არამედ ჩემი წინაპრების გამოცდილებიდანაც. არაცნობიერი ფსიქიკა ჩვენი შავი ყუთია, რომელიც ჩვენშია და უამრავ ინფორმაციას იტევს.“

მარინა კაჭარავა მშობლებს ურჩევს, რომ შვილებისადმი ყოველთვის პატივისცემა გამოავლინონ:

„მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება. პიროვნებას ძალიან ბევრი რამ შეუძლია, მას აქვს უნარი, რომ გენეტიკაც კი შეცვალოს. ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების შემდეგ ბავშვს როგორ ექცევიან. მშობელს ბავშვის, როგორც პიროვნების პატივისცემა უნდა ჰქონდეს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვილი სათამაშოა, მან ჩვენი ცარიელი ადგილი შეავსო, ან ის მეუღლესთან ურთიერთობის დალაგებისთვის გვჭირდებოდა. თუ მშობელი ასე ფიქრობს, ის ინსტრუქციას აძლევს ბავშვს, რომ მთელი ცხოვრება გამშველებელი იყოს.“

მარინა კაჭარავა აღნიშნავს, რომ ბავშვთან საუბრისას სიფრთხილის გამოჩენა გვამრთებს, რათა მას გაუცნობიერებლად გული არ ვატკინოთ:

„ადამიანის თვითშეფასება ბავშვობაში ყალიბდება. ბავშვი თვლის, რომ ისეთია, როგორადაც მას უფროსები აღიქვამენ. ბავშვს ხუმრობა არ ესმის, ის ვერ გაიგებს, თუ ეტყვით: „ვაიმე, რას ჰგავს ეს ბავშვი, ამას ვინ წაიყვანს,“ ან „რა გაღუნული ფეხები გაქვს.“ მსგავსი სიტყვების მოსმენა ბავშვისთვის ტრაგედიაა. წარმოდგენები, რომლებიც მე ჩემს თავზე მაქვს, სხვებისგან არის მოწოდებული. ჩემზე დიდ გავლენას ახდენს ბაღში როგორ მიყურებენ, სკოლაში როგორ მიყურებენ, სოციუმი როგორ აღმიქვამს. თუ მეუბნებიან, რით ვერ ისწავლე, რა გახდა ეს ორს მივუმატოთ ორი, მე ვიწყებ ფიქრს, რომ უნიჭო ვარ. თუ ბავშვს ეტყვით, რომ სირცხვილია, თუ მან ლექსი ვერ ისწავლა, ის არაცნობიერად იკიდებს დანაშაულისგრძნობას, რომელიც მას არ სჭირდება. მშობელს აქვს თავისი სტანდარტი, რომელსაც უნდა, რომ მიამსგავსოს თავისი შვილი. მშობლები ხშირად ვერ გამოვდივართ ჩვენი ოცნებებიდან და სურვილებიდან და ამ ოცნებების ახდენა ჩვენს შვილზე გვინდა.“

„თვითშეფასების სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი არსებობს: გარეგნობა, ინტელექტი და წარმომავლობა. ადამიანები ხშირად განიცდიან მშობლის გარეგნობას, უბანს, სადაც ცხოვრობენ, ცდილობენ გადაფარონ რომელიმე რეგიონში დაბადების ამბავი. ეშინიათ, რომ ამის გამო ვინმემ არ დაამციროს. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი გამუდმებით უკან იხევს, მას რცხვენია საკუთარი თავის. ის თვლის, რომ მას არავინ აფასებს, არავისთვის არის საჭირო. ეს ადამიანს ფუნქციონირებაში ხელს ძალიან უშლის. ასეთი ადამიანები იმისთვის ცხოვრობენ, რომ დაგიმტკიცონ, რომ მაგრები არიან. როდესაც მშობლები ბავშვს გადაჭარბებით აქებენ, ის იწყებს ფიქრს, რომ მას ყველგან და ყოველთვის შეაქებენ. როდესაც ის სკოლაში მიდის, ასე არ ხდება და ბავშვს მუდმივი ფრუსტრაცია აქვს, ის ძალიან ბრაზობს, რომ მას ვერ აფასებენ ისე, როგორც უნდა დაფასდეს. ადეკვატური შეფასება კი აქვს ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიც ის არის და პატივს სცემს თავის პიროვნებას,“ - აღნიშნავს მარინა კაჭარავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„საიდან მოდის რთული ქცევა? როდესაც მარწუხებშია ბავშვი, მან სადღაც უნდა გამოუშვას თავისი ენერგია,“ - ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

ფსიქოლოგი ნინო ბუაძე ბავშვის რთული ქცევის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რთულ ქცევას რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი აქვს:

„მინდა შევეხო რთულ ქცევას, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. ბავშვის ქცევა, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია აღზრდასთან. როდესაც მარწუხებშია ბავშვი, მან სადღაც უნდა გამოუშვას თავისი ენერგია. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს, როდესაც ბავშვს ოთხი წელი მკაცრი პედაგოგი ჰყავს, შემდეგ გადადის მეხუთე კლასში და იქ სხვადასხვა მასწავლებელი შემოდის, ზოგი მკაცრია, ზოგი ნაკლებად, აქ უკვე ბავშვი გამოუშვებს იმ დაგროვილ ენერგიას, რომელიც კარგად ეჭირა პედაგოგს. რის ფასად და როგორ ეჭირა, ეს უკვე სხვა საკითხია. ხშირ შემთხვევაში ეს დაგროვილი ენერგია არის დესტრუქციული, აგრესიული, ამას ასაკობრივი კრიზისებიც მოჰყვება. საიდან მოდის ე.წ. რთული ქცევა? ერთი მიზეზი არის დაგროვილი ენერგია, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა სადღაც რეალიზებულიყო, მეორე - დასწავლა, ვიღაც იქცევა ასე და მეც ასე უნდა მოვიქცე. რთული ქცევა, შესაძლოა, ოჯახშიც იყოს დასწავლილი, მაგ. ბილწსიტყვაობა. ამით ბავშვი იქცევს ყურადღებას. ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანის იგნორი იმდენად მტკივნეულია, რომ ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყურადღება დაიბრუნოს.“

ნინო ბუაძის თქმით, ქცევა კონტექსტის მიხედვით, შესაძლოა რთულიც იყოს და ტიპიურიც:

„რთული ქცევა, შეიძლება, იყოს აბსოლუტურად ტიპიური ქცევა, უბრალოდ არ იყოს შესაბამის გარემოში. მაგ. ბავშვმა რომ გაკვეთილზე ტელეფონი ამოიღოს და მულტფილმს უყუროს, ესეც რთული ქცევაა. სხვა გარემოში ეს არ იქნებოდა რთული ქცევა. ყველა ქცევას, რომელსაც ბავშვი გვთავაზობს, გარკვეული წინაპირობა აქვს. ქცევა ეს არის შედეგი, რომელიც მივიღეთ. ამ შედეგს აქვს წინა ეტაპები. შესაძლოა, ქცევას ჰყავდეს მაპროვოცირებელი. ბავშვი რთულ ქცევას ავლენდეს იმ მაყურებელთან, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ის არ იქცეოდეს რთულად დედასთან, მაგრამ ამას აკეთებდეს ბებიასთან. რთულ ქცევას აქვს სხვადასხვა მიზანი, შესაძლოა, ეს იყოს ყურადღება, სათამაშოს დაბრუნება და ა.შ. შესაძლოა, მიზეზი იყოს ისიც, რომ ბავშვმა არ იცის სხვა ალტერნატივა, თუ როგორ მოიქცეს. ის ამბობს ცუდ სიტყვებს და იბრუნებს სასურველ ნივთს, მაგრამ არ იცის ალტერნატივა, თუ როგორ დაიბრუნოს ნივთი სხვანაირად.“

ნინო ბუაძე ბავშვის ფიზიკური დასჯის ნეგატიურ ასპექტებს გამოყოფს და აცხადებს,რომ დასჯით ბავშვი ვერაფერს სწავლობს:

„როგორც წესი, რთულ ქცევას მოჰყვება ხოლმე დასჯა. რატომ არ უნდა დავსაჯოთ ბავშვი? რატომ არ ვცემთ ან წამოვარტყამთ ხოლმე ბავშვს? რატომ უნდა წამოვარტყა ბავშვს, როდესაც ცუდი სიტყვა მითხრა, ან თქვა სადღაც ისეთ გარემოში, სადაც მე შემრცხვა? შეიგინა, წამოვარტყი და ის იგივენაირად აღარ მოიქცევა, მაგრამ რატომ არ ვაკეთებ ამას? ის დაისწავლის ამ ქცევას და მის მიმართ ცუდ ქცევაზე მსგავსი პასუხი ექნება. როდესაც ბავშვს ვსჯი, წამოვარტყამ, მას ვაგრძნობინებ ჩემს უპირატესობას, ვამცირებ, მასში აგრესიას ვბადებ და მას სურვილი აქვს, როდესღაც სამაგიერო გადამიხადოს. ის ქცევაზე კი არ ფიქრობს, თუ რა დააშავა, იმ აგრესიაზეა ორიენტირებული, რომელიც მასში დაგროვდა.“

„ავტორიტარული სტილის მშობლები ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ცემა გამართლებულია. ისინი ხშირად ამბობენ: „მართალი იყო დედა, რომ მცემდა და ისე მატარებდა მუსიკაზე, სხვანაირად მე ვერ ვისწავლიდი მუსიკას, ამიტომ მეც ასე უნდა მოვიქცე.“ ბავშვს ამ დროს ძალიან ბევრი აგრესია უგროვდება და მისგან გათავისუფლებას ცდილობს. აგრესიის ცნობილი ფოტო არსებობს, ხელმძღვანელი რომ ქვეშემრდომს ეჩხუბება, მეუღლე ბავშვს, ბავშვი ძაღლს. აგრესია არსად იკარგება, ის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის. ბავშვი ვერ იგებს, რა უნდა გააკეთოს. მან არ იცის, თუ არ შეიგინა, რა უნდა ქნას ამ დროს. ცემა და გამოხატული აგრესია იმ მომენტში მყისიერად შეწყვეტილი რთული ქცევაა და არა ის, რომ ბავშვმა ისწავლოს ალტერნატივა. ბავშვმა რომ მიუღებელი ქცევა განახორციელა, მშობელმა თუ არ იმსჯელა მასთან ერთად ამაზე, თუ მან ბავშვს არ მიაწოდა ქმედების სწორი ფორმა, ის ვერაფერს ისწავლის, გარდა იმისა, რომ მიიღებს შიშს. ერთადერთი რასაც ბავშვი სწავლობს არის ის, რომ როდესაც მას ვინმე ცუდად მოექცევა, მანაც უნდა დაარტყას,“ - აღნიშნავს ნინო ბუაძე.

წყარო: ​აზროვნების აკადემია 

წაიკითხეთ სრულად