ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ნუ გიხარიათ, როდესაც თქვენი სამი წლის ბავშვი უცხო ენაზე საუბრობს,“ - ფსიქოლოგი ნინო ახალაია
ფსიქოლოგმა ნინო ახალაიამ ბავშვებში ადრეულ ასაკში უცხო ენის სწავლის შესახებ ისაუბრა. მან მშობლებს ურჩია, რომ სიხარულით არ შეხვდნენ სამი წლის ბავშვის მიერ უცხო ენის ათვისების ფაქტს:
„ნუ გიხარიათ, როდესაც თქვენი სამი წლის ბავშვი უცხო ენაზე საუბრობს. ეს გულისხმობს იმას, რომ ბავშვი დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან ან უცხოენოვანი ვიდეოების ყურებაში. ეს აღემატება რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების ხარისხს. ბავშვთა ადრეული განვითარების პრობლემები როდესაც იქმნება, სპეციალისტისთვის ეს ერთ-ერთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია.“
ნინო ახალაიას თქმით, როდესაც ბავშვი ნაადრევად სწავლობს უცხო ენას, სპეციალისტები მშობლებს მკაცრ რეკომენდაციებს აძლევენ:
„როდესაც მშობელი სხვა პრობლემით მოდის და არა ამ პრობლემით, საუბრის პროცესში აღმოჩნდება, რომ მისი შვილი იმდენად ჭკვიანია, როდესაც ოჯახში უცხო ენაზე არავინ საუბრობს, თვითონ საუბრობს გამართულად. ეს ის სიხარულია, რომელსაც მალე უნეიტრალებს სპეციალისტი მშობელს და პირიქით, ამას მკაცრი რეკომენდაციები ახლავს თან. მშობლიურ ენაზე მეტყველების პრობლემები იქმნება. ამასთან იქმნება ურთიერთობების პრობლემები. ონლაინში ყოფნა ნიშნავს პასიურ დამკვირვებლად ყოფნას, რაც, რა თქმა უნდა, განვითარებას არ აძლევს ბავშვს და თუკი რამ განვითარდა ამ წუთამდე, იმასაც კი ამუხრუჭებს.“
„თუ ადრეული ასაკის ბავშვზე ვსაუბრობთ, გვაქვს სხვა სურათი. წიგნებიდან სწავლა მშობლის დახმარებით ხდება. თუ ეს ასეა, მაშინ რა პრობლემაა?! თუკი ადრეულ ასაკში რაიმეს სწავლა ხდება ურთიერთობის პროცესში, ამით არამხოლოდ ერთი რომელიმე ფუნქცია ვითარდება, არამედ ვითარდება ორგანიზმის მთლიანი ფუნქცია. ადრეულ ასაკში ალტერნატივა არ აქვს ბავშვთან თამაშს და თამაშით სწავლას,“ - აღნიშნა ნინო ახალაიამ