Baby Bag

თუ ბავშვს რცხვენია, დისკომფორტს უქმნის ან თრგუნავს არასასურველი თმა, უბრალოდ მოვაშოროთ ის - ან გაპარსვით ან სხვა მეთოდებით

თუ ბავშვს რცხვენია, დისკომფორტს უქმნის ან თრგუნავს არასასურველი თმა, უბრალოდ მოვაშოროთ ის - ან გაპარსვით ან სხვა მეთოდებით

არასასურველი თმის გაპარსვა/მოშორების შესახებ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„თემა, რომელიც არ ეხება მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემას. ხშირად ბავშვებისთვის (10-13 წელი) და მომწიფების ასაკის თინეიჯერებისთვის კოსმეტიკურად მიუღებელია თმის ქონა სახეზე, ხელებზე, ტორსზე და ფეხებზე, სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევი ფაქტორია. მათში ეს სირცხვილს იწვევს და საკუთარ თავში თავდაჯერებულობას აზიანებს. უპირატესად ამ ასაკში თმის მოცილების სურვილი მშობლების მხრიდან იბლოკება.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თმის გაპარსვა იწვევს მის გასქელებას, გაუხეშებას, ფერის ცვლილებას ან თმის ზრდის დაჩქარებას - არ არსებობს.

ასე, რომ თუ ვამჩნევთ, რომ ბავშვს რცხვენია, დისკომფორტს უქმნის ან თრგუნავს არასასურველი თმის არსებობა, უბრალოდ მოვაშოროთ ის - ან გაპარსვით ან სხვა მეთოდებით, მაგალითად, ლაზერული ეპილაციით.

ლაზერული ეპილაციის დროს ტალღოვანი სიხშირის შერჩევა უნდა განხორციელდეს ადამიანის კანის ტიპის მიხედვით (Fitzpatrick Skin Types), განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებს ლაზერული ეპილაციის გაკეთებისას, რადგან არასწორმა ტალღოვანმა სიხშირემ შესაძლებელია გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიცაა მაგალითად ჰიპერპიგმენტური ან ჰიპოპიგმენტური ლაქების განვითარება.

ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ლაზერული ეპილაციის შემდგომ კანის სწორი მოვლა, რაც გულისხმობს - რუჯის მიღებისგან თავის არიდებას, მზის დამცავის გამოყენებას, კანის დატენიანებას, გაღიზიანებისგან და დაზიანებისგან დაცვას.

შეგახსენებთ რომ ლაზერის ტალღოვანი სიხშირე აღიქვამს თმის მელანინს (პიგმენტს) აქედან გამომდინარე ლაზერული ეპილაცია ყველაზე ეფექტური იმ ადამიანებშია, რომლებსაც ღია ფერის კანის ტიპი და მუქი ფერის თმა აქვთ (ამ შემთხვევაში კანის მელანინი არ მოდის კონკურენციაში თმის მელანინთან, ანუ ლაზერი იჭერს მხოლოდ თმის მელანინს). შესაბამისად გარუჯულ კანზე ეპილაციის გაკეთება არ არის რეკომენდირებული.

ღია ფერის ან თეთრ თმას ლაზერული ეპილაციის სხივი ვერ აღიქვამს აქედან გამომდინარე ამ ტიპის თმის შემთხვევაში ლაზერული ეპილაცია არაეფექტურია.

ყველაზე კარგ შედეგს იძლევა ლაზერული ეპილაციის შემდგომ - Eflornithine (Vaniqa) კრემის გამოყენება, რომელიც თმის ამოსვლის ინჰიბირებას (ბლოკირება) ახდენს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი,“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირბადემ, შესაძლოა, კანზე გამონაყარის გაჩენა გამოიწვიოს ან უკვე არსებული პრობლემა გაამწვავოს,“ - დერმატო-ვენეროლოგი ნინო კახიშვილი

დერმატო-ვენეროლოგი ნინო კახიშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ პირბადის ტარებით გამოწვეული კანის პრობლემების შესახებ საუბრობს:

„პირბადემ, შესაძლოა, კანზე გამონაყარის გაჩენა გამოიწვიოს ან უკვე არსებული პრობლემა გაამწვავოს. ორივე შემთხვევა დასაშვებია. იმ ადამიანებს, რომლებსაც სისხლძაღვოვანი ქსელის ზედაპირული განლაგება აქვთ, სახე უწითლდებათ შხაპის მერე, მზეზე ყოფნისას, რომლებიც მიდრეკილები არიან ისეთი დაავადებებისკენ, როგორიც არის როზაცეა, რა თქმა უნდა როდესაც პირბადე უკეთიათ, პრობლემა უმწვავდებათ. ტემპერატურა ნიღბის შიგნით მატულობს, რაც სისხლძარღვების კიდევ უფრო გაფართოების რისკ-ფაქტორია. სახის ზონა მეტად ოფლიანდება, რადგან ვენტილაცია ნაკლებია. ეს არ არის კარგი. მომატებული ოფლიანობისგან იცვლება კანის საფარი და იქმნება პირობები გარკვეული ტიპის მიკროფლორის გასააქტიურებლად, რომლებიც ჩვენ მუდმივად გვაქვს კანზე. ადამიანის კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 2000-დან 8000-მდე მიკროორგანიზმი ბინადრობს, გააჩნია კანის რომელ ნაწილს ავიღებთ. კანის საფარი, ხარისხიანი ლიპიდური მანტია ამ მიკროორგანიზმებს აბალანსებს. თუ ბალანსი ირღვევა, რისი მიზეზიც არის ოფლიანობა, რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს მიკროფლორა გააქტიურდეს.“

„კანის დაცვისთვის ძალიან კარგია თერმული წყლების გამოყენება. მას ძალიან კარგი გამაგრილებელი ეფექტი აქვს და მისი მოხმარება განუსაზღვრელად შეგვიძლია. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ სახის კანი ჩაუხურდა, თერმული წყალი უნდა შეისხას. თერმული წყლის შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. ვისაც არ აქვს საშუალება, შეუძლია ჩვეულებრივი გაზგასული მინერალური წყალი გამოიყენოს, მასში ბამბა დაასველოს და სახეზე მიიდოს. ადამიანებს შეუძლიათ მწვანე ჩაის ნახარში დაიმზადონ, მასაც ექნება გამაგრილებელი ეფექტი, ძალიან კარგია პიტნის და გვირილის ნაყენიც. სასურველია, ადამიანებმა სახის კანის დასაცავად სხვადასხვა ბალახებისგან დამზადებული სპრეები შეისხან. ძალიან კარგია, თუ ბალახებისგან ყინულებს დაამზადებენ და სახეს ნახევარი წუთის მანძილზე დაიმუშავებენ,“ - აღნიშნავს ნინო კახიშვილი.

წაიკითხეთ სრულად